Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტი კვლავ მიუბრუნდა სახელმწიფო ბიუჯეტის სეკვესტრის საკითხს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი სამშაბათს, რამდენიმე ცდის შემდეგ, პარლამენტში მოხერხდა კვორუმის შეკრება, რამაც შესაძლებელი გახადა პარლამენტი მიბრუნებოდა სახელმწიფო ბიუჯეტის სეკვესტრის თემის განხილვას.

ამჯერად, ე.წ. თემატური უმრავლესობის მობილიზაციის პარალელურად, პარლამენტის სხდომათა დარბაზში მთავრობის წევრებიც გამოცხადდნენ, რომლებიც მორჩილად ელოდნენ პარლამენტის გადაწყვეტილებებს. რა მოხდა 26 აგვისტოს პარლამენტში?

აღმასრულებელმა ხელისუფლებამ მაინც თავისას მიაღწია. სახელმწიფო მინისტრის განმარტების მიუხედავად, რომ მთავრობას თავადაც შეუძლია სახელმწიფო ბიუჯეტში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ რეკომენდებული ცვლილებების შეტანა, 26 აგვისტოს პარლამენტში კვორუმი მაინც შეიკრიბა და პარლამენტარები საკმაოდ მშვიდად შეუდგნენ იმ კანონროექტებისა და ცვლილებების განხილვას, რომელთა დამტკიცების გარეშე, მთავრობის წევრთა განცხადებებით, სეკვესტრს არანაირი აზრი არა აქვს. პარლამენტის უჩვეულოდ მშვიდ ატმოსფეროს ერთხანს მხოლოდ პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიგი წერეთლის მონოტონური მოწოდება არღვევდა:
[ გიგი წერეთლის ხმა] "გთხოვთ, მოემზადოთ კენჭისყრისათვის. გთხოვთ, ჩართოთ კენჭისყრის სისტემა."
თუმცა იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა - ზოგიერთ კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტში კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა. პარლამენტარები კარგა ხანს არკვევდნენ, რა ბედი ელის გასულ ხუთშაბათს, გამთენიისას, მეორე წაკითხვით ჩავარდნილ კანონპროექტს საგანგებო ლეგიონისთვის უფლებამოსილების გაზრდის შესახებ. პარლამენტართა ერთი ნაწილის აზრით, კანონპროექტს სასწრაფოდ უნდა ეყაროს კენჭი - ამ მოსაზრებას მოქალაქეთა კავშირის წევრი ვიტალი ხაზარაძე გამოთქვამდა. მეორე ნაწილის აზრით კი, ვინაიდან კანონპროექტი ჩავარდა, რეგლამენტით, ახალი განხილვა უნდა ჩატარდეს. პარლამენტარ ჯამბულ ბაკურაძის თქმით:
[ ჯამბულ ბაკურაძის ხმა] " თუ მარტო ერთი ხაზარაძის გადასაწყვეტია, როდის რას უნდა ვუყაროთ კენჭი, გვითხარით და დავტოვებთ დარბაზს - თვითონ გაიტანოს კანონი, მიიღოს და ხელიც მოაწეროს. არ ვარგა ეს ასე."

დარბაზი არავის დაუტოვებია - გაუგებრობა აღმოიფხვრა. მით უფრო, გაირკვა, რომ თავად კანონპროექტის ავტორმა ფინანსთა სამინისტრომ, პარლამენტართა შენიშვნების გათვალისწინებით, ცვლილებები შეიტანა პროექტში, რაც თავისთავად აუცილებელს ხდის კანონპროექტის ხელახალ წარდგენას.
პარლამენტარებმა ზოგადად პროტესტი გამოთქვეს ბოლო დროს პარლამენტში წესად ქცეული რეგლამენტის დარღვევების გამო, როცა კანონპროექტები სხდომაზე ყოველგვარი განხილვის გარეშე გადის. თუმცა ეს ნაგვიანევი პროტესტია. როგორც ჩანს, ამ მოწვევის პარლამენტის ბოლო სხდომა 27 აგვისტოს გაიმართება, თუკი მანამდე პარლამენტი, ბოლოს და ბოლოს, შეძლებს სახელმწიფო ბიუჯეტის სეკვეტრის საკითხთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილების მიღებას.
XS
SM
MD
LG