Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ გამოეხმაურა საბჭოთა საქართველო 1968 წლის აგვისტოში მაშინდელ ჩეხოსლოვაკიაში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს


35 წლის წინ საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ ბოლო მოუღო "პრაღის გაზაფხულის" სახელით ცნობილ რეფორმებს. ყოფილ ჩეხოსლოვაკიაში "ვარშავის ხელშეკრულების" წევრი სახელმწიფოების

საოკუპაციო ჯარების შესვლას ამ რამდენიმე დღის წინ გამოვეხმაურეთ. 1968 წლის 21 აგვისტოს განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს დღესაც გავიხსენებთ, ოღონდ იმის გასარკვევად, თუ რა გამოხმაურება ჰქონდა საქართველოში მაშინდელ ჩეხოსლოვაკიაში განვითარებულ მოვლენებს. როგორც ცნობილია, 1968 წლის აგვისტოს მოვლენები თბილისში ღიად არავის გაუპროტესტებია.

"ეს იყო წყვდიადის ხანგრძლივი და სასტიკი პერიოდი, მაგრამ, ამავდროულად, თავისუფლებისთვის ბრძოლის პერიოდი. " - ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ამ დღეებში ასე გაიხსენა ის 21 წლიანი მძიმე პერიოდი, რომლითაც 1968 წლის აგვისტოში "პრაღის გაზაფხული" შეიცვალა. 1968 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებიდან უკვე 35 წელი გავიდა. ამ მოვლენების შემსწრე ფინეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე რენო სირაძე მაშინ საბჭოთა ჯარში სავალდებულო სამსახურს იხდიდა. ის სწორედ იმ ნაწილში მსახურობდა, რომელიც ყოფილი ჩეხოსლოვაკიის საზღვართან, ქალაქ უშგოროდთან, იდგა და საიდანაც საბჭოთა ჯარისკაცები ყოფილი ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიაზე ზედიზედ ორჯერ შეიყვანეს: ჯერ 68 წლის ივნის - ივლისში "ვარშავის ხელშეკრულების" წევრი სახელმწიფოების ცნობილ სამხედრო მანევრებზე, შემდეგ - აგვისტოში.

[რენო სირაძის ხმა] " ხალხს ვერ გაეგო, რა ხდებოდა - მანევრები იყო ისევ თუ არა. მაგრამ მანევრებს ეს ყველაფერი უკვე აღარ ჰგავდა, რადგან ყოველ მეორე ტელეგრაფის თუ ელექტრო ბოძს ტანკები ჩეხავდა კავშირის დასარღვევად. როცა მიხაილოვცეში ჩეხების სატანკო ქვედანაყოფს შემოარტყეს ალყა, ხალხი მიხვდა, რაშიც იყო საქმე და დაიწყო საპროტესტო გამოსვლები. ხალხი გვაფურთხებდა და ქვებს გვესროდა. "

რენო სირაძე თავის სამხედრო ნაწილში ერთადერთი ქართველი იყო. ის ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის ქმედება პროტესტის გრძნობას ჯარისკაცებშიც იწვევდა, თუმცა მათი მხრიდან პროტესტის გამოხატვა სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა. რენო სირაძეს ოკუპირებული ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიაზე დარჩენა იმაზე მეტ ხანს მოუწია, ვიდრე ელოდა.
ყოფილ ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარების შეჭრას მოჰყვა საპროტესტო დემონსტრაცია მოსკოვში, წითელ მოედანზე. 25 აგვისტოს ამ ცნობილი საპროტესტო გამოსვლის მონაწილეები დააპატიმრეს და გიჟებადაც შერაცხეს. "ვარშავის ხელშეკრულების" მონაწილე ქვეყნების ჯარების მიერ ჩეხოსლოვაკიის ოკუპირების გამო პოლონეთში ერთმა ადამიანმა თავი დაიწვა. ღია პროტესტის გამოხატვა გაბედეს ესტონელმა სტუდენტებმაც. თბილისს კი მაშინ პროტესტის ჩუმმა ტალღამ გადაუარა. როგორც ნოდარ ნათაძე იხსენებს, 68 წლის აგვისტოში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბჭოთა ხელისუფლებას ლანძღავდნენ, ოღონდ მხოლოდ კერძო საუბრებში.

[ნოდარ ნათაძის ხმა] " მე ვიყავი უნივერსიტეტში, საქმე მქონდა. მაშინ გახდა ცნობილი ეს ამბები. მახსოვს, რომ იყო აღშფოთებაც და გაკვირვებაც იმის გამო, თუ როგორ გაბედეს ამ ნგრევის გზაზე მდგომმა კომუნისტებმა თავხედობა მსოფლიოს თვალწინ. ყველა დედას იგინებოდა ბრეჟნევის მისამართით. კერძო ლაპარაკში, რა თქმა უნდა. ტრიბუნაზე არავინ შემხტარა. "

თუ რატომ შეხვდნენ საქართველოში მომხდარს თავშეკავებული, ჩუმი პროტესტით, ამის ახსნა რამდენიმე მოტივით შეიძლება. ნოდარ ნათაძის აზრით, მოსკოვში, თბილისისგან განსხვავებით, იცოდნენ, რომ სწორედ მოსკოვი იყო პასუხისმგებელი იმაზე, რაც ხდებოდა და ამან განაპირობა 25 აგვისტოს მანიფესტაციაც." თბილისი არ იყო პასუხისმგებელი და ეს ერთ-ერთი მთავარი მოტივიაო," - ამბობს ის. მაგრამ გასათვალისწინებელია სხვა მოტივებიც. პირველ რიგში, ის, რომ 1968 წლის საქართველოს რეალობაში თითქმის არ არსებობდა დისიდენტური მოძრაობა. საზოგადოებას კი ჯერ კიდევ კარგად ახსოვდა 1956 წლის მარტის ტრაგედია. ეს ახსოვდა მაშინდელ ინტელიგენციასაც, რომელიც 50-იან, 60-იან წლებში უაღრესად კარგად მოერგო მაშინდელ სისტემას და შეძლო კიდეც ხელი მოეწერა სახაროვის თუ სოლჟენიცინის წინააღმდეგ შეთითხნილ განცხადებებზე. ადამიანებს, რომლებსაც ჭკუა მოეკითხებოდათ, რომლებისთვისაც შეიძლება მოესმინათ, კომპრომისების გზა ჰქონდათ არჩეული. ლევან ბერძენიშვილის აზრით, საბჭოთა სისტემაში კარგად ადაპტირებული საქართველო 1968 წელს მზად არ იყო პროტესტი გამოეხატა იმის გამო, რაც მისთვის ასე შორეულ ევროპაში ხდებოდა და იქნებ ესეც არის იმის მიზეზი, რომ საქართველომ ვერ შეძლო იმის მიღწევა, რასაც სხვა, თუნდაც პოსტსაბჭოთა, ქვეყნებმა მიაღწიეს, ოღონდ იმ ქვეყნებმა, სადაც ისეთი ზიზღით არ უყურებდნენ ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლებს, როგორც საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანსა თუ რუსეთში.

[ლევან ბერძენიშვილის ხმა] " იცით, მე მშურს ჩეხების და ეს დასამალი არ არის. ის, რაც მოხდა პრაღაში 68 წელს, შემდეგ როგორ გაიყო ეს ქვეყანა მშვიდობიანად, როგორი პრეზიდენტი ჰყავდათ - სრულიად მიუღწეველი სიმაღლეებია. ჩვენ ჩვენი შევარდნაძით, ჩვენი ინტელიგენციით, რა თქმა უნდა, ჩეხეთთან ახლოს ვერ მივიდოდით. საქართველო იყო კოლონიური ქვეყანა და იმსახურებდა კოლონიურ ქვეყნად ყოფნას, ჩეხეთი და პოლონეთი იბრძოდა კოლონიალიზმის წინააღმდეგ და იყო ღირსი თავისუფლებისა. ახლა ყველას უნდა კარგად ყოფნა, მაგრამ ჩეხებმა და პოლონელებმა გაგვასწრეს, რადგან მათ მეტი იბრძოლეს ამისთვის. "

მეტს აღწევს ის, ვინც იბრძვის. დღევანდელი ჩეხეთი ამის კარგი მაგალითია.
XS
SM
MD
LG