Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცენტრალური საარჩევნო კომისია მედიას შეზღუდვებს უწესებს


დავით პაიჭაძე, თბილისი ჯერ კიდევ ძველი შემადგენლობით მოქმედმა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მისაღებად მოამზადა დადგენილება, რომელსაც უკვე მწვავე რეაქცია შეაგებეს. პროექტი ადგენს საარჩევნო პროცესში მასობრივი ინფორმაციის

სახელმწიფო და არასახელმწიფო საშუალებათა მონაწილეობისა და მათი გამოყენების წესებს. რამდენად შეესაბამება ცენტრალური საარჩევნო კომისიის პათოსი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს?

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილების პროექტს, მართალია, მხარი დაუჭირა, მაგრამ ნორმატიულ აქტად ის ჯერ არ ქცეულა: აკლია კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერები. მიღების შემდეგ დადგენილების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საოლქო სასამართლოში, რაც აუცილებლად მოხდება კიდეც ტექსტში ჩაწერილი რამდენიმე დებულების გამო.

წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღემდე 50-ე დღიდან, ცენტრალური საარჩევნო კომისია ასეთ აკრძალვებს აწესებს:

"აიკრძალოს ტელე- ან რადიომაუწყებლობის მიერ არასათანადო საეთერო დროს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა ისეთი ინტერვიუსა და/ან გამოსვლის გაშვება, რომლებიც ატარებს სააგიტაციო ხასიათს.

ტელე- ან რადიომაუწყებლობის კომპანიებს ეკრძალებათ პოლიტიკური პარტიების, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლობის მონაწილეობით საინფორმაციო-გასართობი გადაცემების გაშვება.

აკრძალულია საინფორმაციო გადაცემების მიმდინარეობისას პირდაპირი ეთერის ან ჩანაწერის მეშვეობით პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის ისეთი გამოსვლის, ინტერვიუს, მოწოდების გაშუქება, რომელიც დაკავშირებულია საარჩევნო პროცესთან და/ან ამომრჩევლის მიერ საკუთარი ნების გამოვლენასთან, ან ისეთი სიუჟეტის გადაცემა, რომელიც ახდენს რომელიმე პოლიტიკური პარტიის ლოზუნგის, წარწერის და/ან ფოტომასალის პოპულარიზაციას".

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ამ დებულებათა კომენტირებისას განმიცხადა:

[ჭიაბერაშვილის ხმა] "წინასაარჩევნო პერიოდი იმიტომ არსებობს, რომ პარტიამ აგიტაცია გასწიოს. ყველაზე შემაშფოთებელი ის გახლავთ, რომ თუ ვინმე ცდილობს ჩვენი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შეზღუდვას, ყოველთვის ცდილობს ისეთი ბუნდოვანი ტერმინებით, როგორიცაა "არასათანადო საეთერო დრო". ვინ ადგენს ამას? რა უფლება აქვს სახელმწიფოს, ჩაერიოს ტელეკომპანიის, მით უმეტეს, კერძო ტელეკომპანიის საეთერო დროის დადგენაში? ეს, პირველ რიგში, ეწინააღმდეგება კონსტიტუციასა და იმ დემოკრატიულ პრინციპს, რომ სახელმწიფოს სიტყვის თავისუფლებასთან არანაირი ხელი არა აქვს. ვის უნდა მოაფიქრდეს ამ ფორმულირების ჩადება საქართველოში, რომ ის, რაც დაკავშირებულია ამომრჩევლის ნებასთან - არ უნდა გაშუქდეს. ანუ დადგენილების ავტორებს უნდათ, რომ 2 ნოემბერს საქართველოს ამომრჩეველმა არ გამოხატოს საკუთარი ნება".

მე ვთხოვე იურისტ გიორგი ჩხეიძეს, განემარტა, რამდენად შეესაბამება ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილების პროექტი საქართველოს კანონმდებლობას. გიორგი ჩხეიძე ამბობს, რომ ცნებები "არასათანადო საეთერო დრო", "საინფორმაციო-გასართობი პროგრამა" ასეთ შემთხვევაში მკაფიო დეფინიციას მოითხოვს.

[ჩხეიძის ხმა] "როცა საქმე უფლებების შეზღუდვას ეხება, რაც უფრო ზოგადია დეფინიცია, მით მეტი ბერკეტი ეძლევა ხელისუფლებას პრესის თავისუფლების შესაზღუდად. საინტერესოა, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ დადგენილების დარღვევას? ვთქვათ, დაარღვია ტელევიზიამ ის, რა ხდება მერე? დადგენილებაში წერია, რომ ცესკოს შეუძლია, აკრედიტაცია გაუუქმოს. რა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უფლება აქვს, მასმედიის წარმომადგენელი არ შეუშვას თავის კოლეგიალურ სხდომაზე? ეს სულაც არ არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადასაწყვეტი. არსებობს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელშიც წერია: ნებისმიერი კოლეგიალური დაწესებულების სხდომა არის საჯარო. ეს ნიშნავს, რომ ცესკოს სხდომა არის საჯარო და სულაც არ მაინტერესებს აკრედიტაციის გავლა - მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, შემიძლია შევიდე ამ სხდომაზე და დავესწრო. ვფიქრობ, ეს მკვდრადშობილ დადგენილებად დარჩება, მაგრამ თვითონ ფაქტი აღმაშფოთებელია."
XS
SM
MD
LG