Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რის იმედზეა ხელისუფლება


არჩევნებამდე ორი თვით ადრე პოლიტიკური პარტიები საკუთარ სტრატეგიასა და ტაქტიკას ამჟღავნებენ. აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებენ "ახალი მემარჯვენეები",

"ნაციონალური მოძრაობა" და "ბურჯანაძე-გაერთიანებული დემოკრატები". "ლეიბორისტული პარტია" ხმაურიანი სასამართლო პროცესებით ცდილობს ყურადღების მიპყრობას, შედარებით პასიურია "დემოკრატიული აღორძინებუს კავშირი". რაც შეეხება სახელისუფლებო ბლოკს "ახალი საქართველოსათვის", ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსების მასშტაბურობის მიუხედავად, საარჩევნო კამპანიას, ფაქტობრივად, არ აწარმოებს. ამ ფაქტისა და დაბალი რეიტინგის გათვალისწინებით, ბუნებრივად ისმის კითხვა - რის იმედზეა ხელისუფლება?

ყველაზე ადრე საარჩევნო კამპანია დაიწყეს "ახალმა მემარჯვენეებმა", რომელთა "სარეკლამო რგოლებს" ლამის ყველა სატალევიზიო არხზე ყველაზე ძვირად ღირებულ საეთერო დროს ატრიალებენ.

პარლამენტის ყოფილი და მოქმედი სპიკერების ერთ საარჩევნო სუბიექტად შერწყმის შემდეგ ასევე მასშტაბური საარჩევნო კამპანია წამოიწყეს "ბურჯანაძე-დემოკრატებმა".

აქტიურობს "ნაციონალური მოძრაობა" და მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც, ბუნებრივია, დედაქალაქით არ კმაყოფილდება და სისტემატურად სტუმრობს რაიონებს.

ჯერჯერობით მიხეილ სააკაშვილის ნასუფრალით იკვებება "აღორძინება", რომლის საარჩევნო კამპანია მთლიანად "ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკას ეთმობა.

"ლეიბორისტული პარტია" ამომრჩეველზე სასურველი ზემოქმედების მოსახდენად პატარ-პატარა "ნიუსებს" აცხობს. შალვა ნათელაშვილის ყოველი ბრიფინგი თუ სასამართლოში სარჩელის შეტანის ფაქტი, მასმედიის ყურადღების ცენტრში ექცევა.

ერთი სიტყვით, ყველა პარტია რაღაცას ცდილობს, რაღაცას აკეთებს - ყველა, მაგრამ არა სამთავრობო ბლოკი. როგორც ჩანს, ხმები ხელისუფლების მიერ არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსების მაქსიმალურად გამოყენების შესახებ საფუძველს მოკლებული არ არის. ამ ეჭვს ბოლო დროს ხელისუფლების მიერ გატარებული საკადრო პოლიტიკა აძლიერებს.

სამცხე-ჯავახეთში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის თემურ მოსაიშვილის შეცვლა დეპუტატ გელა კვარაცხელიათი, რომელიც რწმუნებულ ლევან მამალაძის პოლიტიკური გუნდის წევრია, ოპოზიციამ ერთგვაროვნად აღიქვა. გაერთიანებული დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი ვასილ მაღლაფერიძე საკადრო ცვლილების მიზეზად შემდეგ ფაქტორს ასახელებს:

[ვასილ მაღლაფერიძის ხმა] "ძირითადად, არჩევნებს უკავშირდება და ერთი პოლიტიკური ჯგუფის გავლენის გაფართოებას".

რადიო "თავისუფლება" ვითარებაში გასარკვევად ახალქალაქში არაფორმალური პოლიტიკური გაერთიანება "ვირქის" ლიდერს დაუკავშირდა. დავით რსტიკიანმა ჩემთან საუბარში განაცხადა:

[დავით რსტიკიანის ხმა] "ხალხში გავრცელებულია ხმები, რომ ყოფილმა გუბერნატორმა თანამდებობიდან არ გაათავისუფლა ასპინძისა და ახალციხის რაიონის გამგებლები, რის გამოც თანამდებობიდან მოხსნეს. რაც შეეხება უშუალოდ არჩევნების წინ რწმუნებულის შეცვლას, ასეთი რამ პრეზიდენტის ხელწერას არ ჰგავს. ყოველ შემთხვევაში, ბოლო 12 წლის განმავლობაში ვერ ვიხსენებ შემთხვევას, როცა უშუალოდ არჩევნების წინ ასეთი მაღალი რანგის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაეთავისუფლებინოს".

რსტიკიანისაგან განსხვავებით, ოპოზიციას პრეზიდენტის კარგად ესმის. როგორც ჩანს, ხელისუფლება არჩევნებზე ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციული რესურსის მაქსიმალურად ამოქმედებას აპირებს. ამის გათვალისწინებით, საკადრო ცვლილება, სავარაუდოდ, კიდევ ბევრ თანამდებობის პირს შეეხება.

ერთი სიტყვით, ხელისუფლება, მაღალი რისკის მიუხედავად, ფონზე გასვლის, ანუ არჩევნების წინ, ცხენების შეცვლას არ ერიდება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG