Accessibility links

logo-print

ფოთში გაიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სწავლებები, სახელწოდებით "იმედი - 2003"


გასულ კვირაში საქართველოს საზღვაო საზღვრის დამცველთა პრობლემებზე ვისაუბრეთ. მათი უმეტესობა მწირი დაფინანსებისა თუ დაუფინანსებლობის შედეგია. არანაკლებ სირთულეებს განიცდიან საზღვაო თავდაცვის ძალებიც.

სამხედროებს შექმნილი მდგომარეობიდან მხოლოდ გამოსავლის პოვნის იმედიღა თუ შემორჩათ. შეიძლება სწორედ ამიტომაც ეწოდა ფოთში 25 აგვისტოს დამთავრებულ სამხედრო სწავლებებს "იმედი-2003".

საზღვაო თავდაცვის ძალების წვრთნების გამართვა 24-25 აგვისტოს წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა. უფრო მეტიც, სწავლება წელს საერთოდ არ უნდა გამართულიყო. "იმედი-2003"-ის სახელწოდებით საზღვაო ძალების სწავლებების გამართვა მოულოდნელად გადაწყდა. მაშინ, როდესაც სანახევროდ დაფინანსებულ თავდაცვის ბიუჯეტს კიდევ სეკვესტრი ელოდება, თავდაცვის უწყების ასეთი დაუგეგმავი ქმედება მხოლოდ მოახლოებული საფრთხის თავიდან აცილების მიზნით შეიძლება იყოს გამართლებული, თუმცა საფრთხე არსად ჩანს. დაუგეგმავი სამხედრო სწავლების ოფიციალური მიზეზის გასარკვევად ფოთში მყოფ საზღვაო ძალების წარმომადგენელს მერაბ იობაძეს ტელეფონით დავუკავშირდი.

[მერაბ იობაძის ხმა] " ეს არ იყო ჩვენი გეგმიური სწავლება. უცებ გადავწყვიტეთ, თუ როგორ შეძლებენ საზღვაო თავდაცვის ძალები ბრძანების მიღებას და შესრულებას. სწავლება უნდა ჩატარებულიყო სხვა ძალებში, მაგრამ რატომღაც გადაწყდა საზღვაო თავდაცვის ძალებში ჩატარებულიყო."

მერაბ იობაძის განმარტებიდან სწავლებების ჩატარების შესახებ რაიმე ნათელი სურათის წარმოსახვა მით უმეტეს გაძნელდება, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ წვრთნაზე მიწვეულ სტუმართა შორის იყო მედიაჰოლდინგ "იმედისა" და "იმედის ქალაქის" მფლობელი ბადრი პატარკაციშვილი. ხოლო მისი საყვარელი სიტყვა "იმედი" და სამხედრო სწავლებების სახელწოდება "იმედი-2003" გარკვეული ეჭვების საფუძველსაც იძლევა.
მეორე მხრივ, ასეთი მოულოდნელი წვრთნის გამართვა კარგიცაა სამხედროთა მომზადების რეალური დონისა და საბრძოლო მზადყოფნის გამოსაცდელად.

გაგაცნობთ იმ დავალებას, რომლის შესრულებაც ფოთში თავმოყრილ 1450 სამხედრო მოსამსახურეს ევალებოდა. სწავლებაში, საზღვაო თავდაცვის ძალების ყველა შენაერთთან - არტილერიასთან, საზღვაო დივიზიონთან და საზღვაო ქვეითებთან ერთად, საჰაერო თავდაცვის ძალებიც იყვნენ ჩართული.

საზღვაო სამხედრო წვრთნა 5 საზღვაო გემისა და 6 საბრძოლო თვითმფრინავის მონაწილეობით გაიმართა. მათ უნდა მოეგერიებინათ თავდასხმა ვირტუალური მტრისა, პირობითი სახელწოდებით "წითლები". "წითლების" დესანტმა ქართველ საზღვაო ქვეითებსაც შეუტია და ხმელეთზე მტრის ალყაში მოსაქცევად სპეცრაზმიც კი იქნა გამოყენებული.

თუ რა შედეგებს მიაღწიეს ამ ამოცანის გადაწყვეტისას ქართველმა მეზღვაურებმა, ეს 26 აგვისტოს სამხედრო შტაბის შემაჯამებელი სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი. მანამდე კი ძუნწსიტყვაობით გამორჩეული თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე მხოლოდ წვრთნების ძირითადი მიმართულებების აღწერით შემოიფარგლა.

[დავით თევზაძის ხმა] "ძირითადი აქცენტი გაკეთებულია ლოკალური ამოცანების გადაწყვეტაზე, მოწინააღმდეგის შეჩერებაზე. ჯერჯერობით არაფერი გვითქვამს იმ პლაცდარმის ლიკვიდირებაზე, რომელიც იყო წარმოდგენილი. ეს უფრო სხვა დონის შტაბის სამუშაოა და ეს მუშაობა გრძელდება."

თავდაცვის მინისტრის განწყობა იმითაც იყო დამძიმებული, რომ მას ერაყში მყოფი ქართული ბატალიონის 4 ჯარისკაცის დაჭრის ფაქტი შეატყობინეს. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ქართველმა სამხედროებმა სხეულის დამწვრობა ნაღმების ტრანსპორტირებისას ავტომობილში გაჩენილი ხანძრის გამო მიიღეს. ამჟამად მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ერთ-ერთ ჯარისკაცს დამწვრობის მოსაშუშებლად და პლასტიკური ოპერაციის გასაკეთებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაყვანას უპირებენ.
XS
SM
MD
LG