Accessibility links

logo-print

საქართველოში მრეწველობას ოფიციალურად ზრდის ტენდენცია ახასიათებს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საქართველოში სამრეწველო პროდუქციას ყოველწლიურად ზრდის ტენდენცია ახასიათებს. ამ ტენდენციას ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო ციფრებითაც ამაგრებს.

თუმცა ქვეყანაში შექმნილ საერთო სოციალურ-ეკონომიკურ ფონს ეს ე.წ. "სამრეწველო ბუმი" ჯერ მაინცდამაინც არ ეტყობა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სამრეწველო პოტენციალი ბოლო ათწლეულის განმავლობაში მეტისმეტად მწირად გამოიყურება, ოფიციალური სტატისტიკა ამ სექტორში სტაბილური ზრდის ტენდენციას აფიქსირებს.

ციფრების "გალამაზების" ადრე არსებული ტრადიცია, ბუნებრივია, გარკვეულწილად დღესაც გრძელდება, თუმცა ზრდის ტენდენცია არამარტო ოფიციოზის მიერ "ვარდისფერი სტატისტიკის" შემოჩეჩების სინდრომით აიხსნება.

საბჭოური ინდუსტრიული მონსტრის მოშლისა და დეზინტეგრაციის შემდეგ ბევრი საწარმო საერთოდ გაჩერდა და დღემდე სრულიად უპერსპექტივოდ ამგვარ მდგომარეობაში იმყოფება. ქარხნების ნაწილმა კი დროთა განმავლობაში ადგილობრივი თუ უცხოური ინვესტიციების ხარჯზე მოახერხა ან გადაპროფილება, ან ძველი სიმძლავრეების შენარჩუნება. შესაბამისად, სამრეწველო პროდუქციის ზრდა სწორედ ამგვარ საწარმოებზე მოდის.

ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის პერიოდში მრეწველობის მთლიანი მოცულობა, ფარული და არაფორმალური წარმოების მაჩვენებლების გათვალისწინებით, მილიარდ 282 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც გასული წლის ანალოგიური მაჩვენებლის 109,2 პროცენტს შეადგენს. ძირითადი საქმიანობის მიხედვით კი, 740 მილიონი ლარის პროდუქციაა წარმოებული.

საინტერესოა, რომ არაფორმალური სექტორი ეკონომიკის ამ სეგმენტშიც საკმაოდ დიდია. შესაბამისად, აღრიცხვა და ბიუჯეტთან ანგარიშსწორებაც გაძნელებულია.

სამინისტროს ინფორმაციით, მრეწველობიდან ბიუჯეტში, მოგების გადასახადის დღგ-სა და აქციზის სახით, 46 მილიონ 100 ათასი ლარია შეტანილი. ეს მაჩვენებელი 2 მილიონ 300 ათასი ლარით მეტია შარშანდელ შენატანზე, თუმცა, თუ ზრდის მაჩვენებელს გავითვალისწინებთ, ეს ციფრი მცირედ მოგვეჩვენება, ანუ ვარაუდი, რომ მრეწველობის "ჩრდილოვანი სექტორი" საკმაოდ მძლავრია.

ოფიციალური მონაცემებით, 2003 წლის განვლილ პერიოდში ექსპორტზე გადატვირთულია 236 მილიონ 500 ათასი ლარის პროდუქცია, რაც 59 მლნ-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე. ექსპორტის ზრდის მიუხედავად, საქართველოს საგადამხდელო ბალანსი ყოველი წლის განმავლობაში უარესდება.
ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წელს სამრეწველო სექტორში სულ 3074 საწარმოა აღრიცხული, საიდანაც 2721 საწარმო მოქმედია.

ოპტიმისტური სტატისტიკის მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა მაინც სავალალოა, ხოლო სოციალური ფონი მეტისმეტად მძიმე, რაც ქონების არათანაბარი გადანაწილებით და რეალური ეკონომიკის აღურიცხაობით აიხსნება.
XS
SM
MD
LG