Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას მოიტანს ექვსეულის შეხვედრა პეკინში?


ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ერთთვიანი დაძაბულობის შემდეგ ფხენიანის ბირთვული პროგრამა, ბოლოს და ბოლოს, მოლაპარაკების მაგიდასთან განხილვას ეღირსა.

როგორც ცნობილია, ამ პრობლემას განიხილავენ 27 აგვისტოს ექვსეულის შეხვედრაზე პეკინში. მოლაპარაკების მოსამზადებლად კი ამერიკის შეერთებული შტატების, სამხრეთ კორეისა და იაპონიის დელეგაციები სამშაბათს წინასწარ შეკრებას გამართავენ. თუმცა, როგორც რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტი ჯეფრი დონოვანი იტყობინება, ანალიტიკოსები ამ შეხვედრებისგან დიდ გარღვევას არ ელოდებიან.



ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის ურთიერთობა შარშან ოქტომბერში მას შემდეგ დაიძაბა, რაც ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ გადის ვაშინგტონთან 1994 წელს დადებული ხელშეკრულებიდან და ბირთვული პროგრამის განახლებას იწყებს.
ამერიკის შეერთებული შტატები კი მოითხოვს ჩრდილოეთ კორეისგან, რათა ამ უკანასკნელმა შეწყვიტოს ბირთვული პროგრამა და ყველა ბირთვული კომპონენტის შესწავლის საქმე ობიექტურ ინსპექტორებს მიანდოს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის ფილიპ პიკერის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია მოლაპარაკების დროს სწორედ ამ ძირითად საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას.

[ფილიპ პიკერის ხმა] "ყურადღება აუცილებლად იმაზე იქნება ფოკუსირებული, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამა უნდა შეწყდეს. თქვენ იცით ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ და ეს ისაა, რის განხილვასაც ჩვენ ვაპირებთ ამ შეხვედრის დროს."

ოთხშაბათს პეკინში ექვსი სახელმწიფოს -ამერიკის შეერთებული შტატების, რუსეთის, ჩინეთის, იაპონიის, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის წარმომადგენელთა შეხვედრა იწყება.
მოლაპარაკებებზე ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციას უხელმძღვანელებს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმზ კელი, რომელიც ერთი თვის წინ პეკინში უკვე შეხვდა ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლებს და ისინი მოლაპრაკებების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. თუმცა ორშაბათს, პეკინში გამგზავრების წინ, სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფრთხილი ოპტიმიზმით საუბრობდა.

[ჯეიმზ კელის ხმა] "მე მოხარული ვარ, რომ კვლავ ჩავდივარ პეკინში. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით ჩვენს ჩინელ მეგობრებთან ერთად, რათა ეს მრავალმხრივი შეხვედრა გამართულიყო. ჩვენ ოთხშაბას დილით მივემგზავრებით და ვიმედოვნებთ, რომ ერთმანეთს გულწრფელად და პირდაპირ გავუზიარებთ საკუთარ მოსაზრებებს."

ექსპერტი ჩრდილოეთ კორეისა და ჰავაის საკითხებში ალექსანდრ მანსუროვი მიიჩნევს, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღების პრობლემის მოგვარებას გრძელვადიანი მოლაპარაკება დასჭირდება და პეკინის ექვსეულის შეხვედრა მხოლოდ პირველი ნაბიჯი იქნება ამ პროცესში.

[ალექსანდრ მანსუროვის ხმა] " მოლაპარაკების ყველაზე კარგი შედეგი იქნება, თუკი მხარეები შეთანხდებიან განაგრძონ მოლაპარაკება და დანიშნონ მომდევნო შეხვედრის თარიღი. მაგრამ, მთლიანობაში, მე მაინც იმედიანად ვუყურებ "პეკინის პროცესს".

მიუხედავად ზოგიერთი ექსპერტის ვარაუდისა, რომ ვაშინგტონს ძნელად თუ მოეპოვება რაიმე დამარწმუნებელი მოტივი, რასაც განიარაღების სანაცვლოდ შესთავაზებდა ჩრდილოეთ კორეას, ამერიკის მთავრობაში მიანიშნებენ, რომ ფხენიანის მხრიდან შემხვედრი ნაბიჯის გადმოდგმა და ბირთვული პროგრამის შეწყვეტა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ურთიერთობას ორ ქვეყანას შორის, რომლებსაც ერთმანეთთან დიპლომატიური კავშირიც კი არა აქვთ.

ღირს აღინიშნოს, რომ ფხენიანის "გულის მოსაგებად" ვაშინგტონი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ წერილობით გარანტია მისცეს ჩრდილოეთ კორეას თავდაუსხმელობის შესახებ, რასაც დიდი ხანია ითხოვს ამ ქვეყნის მთავრობა. თუმცა, ამერიკის ოფიციალური წრეების განცხადებით, პრობლემის მოსაგვარებლად ძალიან მცირე დროა დარჩენილი: ჩრდილოეთ კორეას ხომ უკვე მზადა აქვს ორი ერთეული ბირთვული იარაღი და აქვს იმის შესაძლებლობაც, რომ რამდენიმე თვეში კიდევ უფრო გააფართოოს ბირთვული არსენალი.

სხვათა შორის, პეკინის შეხვედრის წინ ბევრი ექსპერტი გამოთქვამს ვარაუდს, რომ მასზე ვერ მოხდება გარღვევა, დროის გაჭიანურება კი ხელს აძლევს ჩრდილოეთ კორეას, რომელიც, თავის მხრივ, იმაში ადანაშაულებს ვაშინგტონს, რომ მოლაპარაკებამდე რამდენიმე დღით ადრე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის საკითხის გატანა მოითხოვა გაეროს უშიშროების საბჭოზე.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG