Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეყოლება თუ არა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას თავმჯდომარე?


თამარ ჩიქოვანი, თბილისი გავრცელებული ცნობებით, 26 აგვისტოს ეუთოს თბილისის წარმომადგენლობამ შეწყვიტა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატთა განაცხადების მიღება. წესით და რიგით,

უახლოეს დღეებში უნდა გაირკვეს, ეუთოს წარდგინებით ვის დანიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ პრეზიდენტი შევარდნაძე. თუმცა, იურისტების პესიმისტური განმარტებებით, საქმე იქით მიდის, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია თავმჯდომარის გარეშე დარჩება. რატომ?

რუსუდან ბერიძე, ვახტანგ ხმალაძე, ავთანდილ დემეტრაშვილი, გიორგი ანდრიაძე, გიორგი თარგამაძე, გია ზესაშვილი, დავით ტურაშვილი - ამ და ნებისმიერი სხვა კანდიდატურის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ დანიშვით პრეზიდენტი შევარდნაძე კანონს დაარღვევს. არადა, ეს კანონდარღვევა აუცილებლად გაპროტესტდება სასამართლოში. საქმე ის გახლავთ, რომ, იურისტების განმარტებით, პრეზიდენტს, კანონის თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 25 აგვისტომდე უნდა დაენიშნა. საარჩევნო კოდექსით, პრეზიდენტი ვალდებულია, კანონის ამოქმედებიდან 5 დღეში დანიშნოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. პრეზიდენტმა საარჩევნო კოდექსს ხელი 20 აგვისტოს მოაწერა. შესაბამისად, იგი ვალდებული იყო, 25 აგვისტომდე დაენიშნა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
ახლა, ამ ვითარებაში, როცა კანონი ირღვევა, ისევ და ისევ იურისტების განმარტებით, ორი გამოსავალი არსებობს: პირველი - ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა უქმდება, კომისიის წევრები კი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევენ; და მეორე გამოსავალი - პარლამენტს ცვლილება შეაქვს კანონში თავმჯდომარის დანიშვნის ვადების თაობაზე. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ პარლამენტში კვორუმიც კი ვერ გროვდება, ამ კანონში ცვლილების შესატანად კი 118 ხმაა საჭირო, ეს გამოსავალი მაინცდამაინც რეალისტურად ნამდვილად არ გამოიყურება.
ანუ, როგორც ჩანს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საუკეთესო შემთხვევაში, მოვალეობის შემსრულებელი თავმჯდომარე ეყოლება, რადგან საეჭვოა, საქართველოს ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ მორიგ საერთაშორისო სკანდალში აღმოჩენის პერსპექტივა ხიბლავდეს - კანონის დარღვევით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნა და შემდგომ ამ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება აუცილებლად რომ შეიძენს საერთაშორისო სკანდალის ხასიათს, კამათი არ სჭირდება. თუმცა სკანდალი მაინც იქნება: რეალურად, პრეზიდენტმა შევარდნაძემ ე.წ. ბეიკერის გეგმის არც ერთი პუნქტი არ შეასრულა, მაშინ როცა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის თბილისში ვიზიტის შემდეგ ბევრი ვარაუდობდა, რომ საქართველოს აქვს ღია და დამოუკიდებელი არჩევნების ჩატარების შანსი.
და კიდევ ერთი - ამ იურიდიული კაზუსის გამო, შესაძლოა, ქართული საზოგადოებისთვის უცნობი დარჩეს, თუ ვინ არის ის ადამიანი, ვინც, თავმჯდომარეობისთვის დაწესებული ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმის თანახმად, ქართული საზოგადოების შეუვალი ნდობით სარგებლობს.
XS
SM
MD
LG