Accessibility links

logo-print

"დიდი ნავთობსადენის" მშენებლობა გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი "საუკუნის პროექტად" შეფასებული ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის დიდი მილსადენის მშენებლობა დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. ამჟამად სამუშაოები სამხრეთ საქართველოსა და ქვემო ქართლის რეგიონში წარმოებს.

თავად ნავთობსადენის საბოლოო დასრულება კი 2004 წელს არის დაგეგმილი.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის საექსპორტო ნავთობსადენის სამშენებლო სამუშაოები დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. ამის შესახებ იტყობინებიან ინვესტორ კომპანია BP-ში. კომპანიაში აცხადებენ, რომ წალკის რაიონში მილსადენის ხელით შედუღების პროცესი 135კმ-იან მონაკვეთზე უკვე დასრულებულია და ამჟამად ელექტროშედუღება მიმდინარეობს.

პარალელურად, ამავე რაიონში მილსადენისათვის საჭირო დერეფნის 172 კმ-მდე მონაკვეთი გაიწმინდა და 150 კმ-მდე ნაწილში მილების დაწყობის პროცესი ხორციელდება. რაც შეეხება გარდაბნის რაიონს, როგორც BP-ში აცხადებენ, სამშენებლო ბანაკების სამუშაოთა 30 პროცენტამდე უკვე შესრულებულია.

მილსადენის გარდა, ინვესტორები სოციალურ პროგრამებსაც ახორციელებენ. მაგალითად, გარდაბნის რაიონის სოფელ ყუმისსა და თეთრიწყაროს რაიონის სოფელ პატარა და დიდ დურნიკში BP-მ სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია დააფინანსა. თავად სასმელი სისტემის აღდგენის პრიორიტეტულობის საკითხი სოფლის თემმა დააყენა და ადგილობრივმა ადმინისტრაციამ ამისათვის საჭირო პროგრამა BP-ს კონტრაქტორის "მერსი ქორის " საშუალებით შეიმუშავა. კონტრაქტორი კომპანია სხვადასხვა სოციალურ პროგრამებს აღმოსავლეთ საქართველოს იმ რაიონებში განახორციელებს, სადაც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი გაივლის. ამ პროგრამების რეალიზაციისათვის BP-მ 2,5 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.

მანამდე წალკის რაიონში სპეციალური მანქანა-დანადგარებით გადამუშავების შედეგად მიღებული ღორღი სავალალო მდგომარეობაში მყოფი გზების შესაკეთებლად გამოიყენეს და 45 კილომეტრზე მეტი გზის მონაკვეთი შეაკეთეს.

ნავთობსადენის მშენებლობამ უკვე შეიტანა კორექტივი საქართველოს ეკონომიკურ ცხოვრებაში. ამ პროექტის გამო უკვე გაიზარდა ინვესტიციების მოცულობა. ამასთან, იმპორტის სტრუქტურაში პირველი ადგილი მილებსა და მილაკებს უჭირავს, რომელიც "საუკუნის პროექტის" მშენებლობის რეალიზაციას ხმარდება.

საექსპორტო ნავთობსადენის მშენებლობაზე, ძირითადად, დასაქმებულია ადგილობრივი მუშახელი, რომელთა ანაზღაურება, საქართველოს მასშტაბებით, საკმაოდ მაღალია. სულ პროექტში 1600-ზე მეტი საქართველოს მოქალაქეა დასაქმებული. იმ მონაკვეთზე, სადაც ნავთობსადენი გაივლის, მიწისა და მოსავლის კომპენსაციის გადახდაა გათვალისწინებული. უკვე გადახდილი კომპენსაციის მოცულობამ 11 მილიონ ლარს გადააჭარბა. ამასთან, მნიშვნელოვნად გაიზარდა ფოთისა და ბათუმის პორტების შემოსავლები. პროექტთან დაკავშირებით გაიზარდა "საქართველოს რკინიგზის" მოგებაც.

ნავთობსადენის მშენებლობისას ყურადღება ექცევა კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და გარემოს უსაფრთხოების საკითხს. თავად ნავთობსადენის მშენებლობის დასრულება 2004 წელს არის გათვალისწინებული და საექსპორტო მილსადენის წარმადობა წელიწადში 50 მილიონი ტონა იქნება.
XS
SM
MD
LG