Accessibility links

logo-print

რატომ არ გადასცემს რუსეთი საქართველოს მოსკოვში დაკავებულ ქართველ დამნაშავეს


რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ჩეჩენ მებრძოლთა ექსტრადიციის თემა დიდხანს იყო უთანხმოებისა და დაპირისპირების მიზეზი. ეს საკითხი თითქოს მივიწყებას მიეცა, რაც მოულოდნელ

ექსტრადიციას გადარჩენილმა ჩეჩენმა მეომრებმა სასამართლო პროცესები მოიგეს. მაგრამ ეს საკითხი კვლავ წამოტივტივდა ორი ქვეყნის ურთიერთობაში, როდესაც საქმე მოსკოვში დაკავებული ქართველი დამნაშავის თბილისისთვის გადაცემამდე მივიდა.

მოსკოვში 24 ივნისს რუსმა და ქართველმა სამართალდამცველებმა, ერთობლივი ოპერაციის შედეგად, შოთა ჭიჭიაშვილი დააკავეს. საქართველოს ტერიტორიაზე ძებნილი ჭიჭიაშვილი მხოლოდ 29 წლისაა, თუმცა, ასაკის მიუხედავად, ის ბოლო წლების მანძილზე კრიმინალურ ავტორიტეტად ითვლებოდა ყველაზე ფეთქებადსაშიშ პანკისის რეგიონში. სწორედ მას ბრალდება საქართველოში მომხდარი ყველა გახმაურებული გატაცების ორგანიზება.

ამჟამად ცნობილია, რომ შოთა ჭიჭიაშვილი 1993 წლიდან პანკისის ხეობაში ცხოვრობდა და პანკისთან დაკავშირებული ადამიანის თითქმის ყველა გატაცება - მათ შორის, ესპანელი ბიზნესმენების ფრანცისკო როდრიგესისა და ხოსე ანტონიო ტრემინიოს, ასევე ბრიტანელი ბანკირის პიტერ შოუს და საქართველოს პარლამენტის წევრის პეტრე ცისკარიშვილისა - ჭიჭიაშვილის 15 კაციანი დამნაშავეთა ჯგუფის მიერ იყო განხორციელებული.

ორი თვის წინ მოსკოვში ჭიჭიაშვილის დაკავებისთანავე თბილისში ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ დამნაშავის ექსტრადიცია უპრობლემოდ განხორციელდებოდა. მაგრამ რუსი სამართალდამცველები დროს ჭიმავენ და პანკისელი ავტორიტეტის რუსეთის დედაქალაქში შეყოვნების მიზეზად ჭიჭიაშვილის ჩეჩენ ბოევიკებთან კავშირის გამოძიებას ასახელებენ.

ჭიჭიაშვილის საქმის გამოძიება იქნება ერთ-ერთი ძირითადი თემა საქართველოს უშიშროების მინისტრის ვალერი ხაბურძანიას მოსკოვში ვიზიტისას, რომელიც 26 აგვისტოს დაიწყო და ოთხ დღეს გასტანს.

რუსი მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ, ჩეჩენი ბოევიკებისა და პანკისის მიმართ ოფიციალური მოსკოვის ინტერესის გამო, რუსი სამართალდამცველები ვალერი ხაბურძანიასაგან, ჭიჭიაშვილის სანაცვლოდ, საქართველოში დარჩენილი ჩეჩენი ბოევიკების ექსტრადიციას მოითხოვენ. ამგვარი გაცვლის იურიდიულად გაფორმება შეუძლებლად მიაჩნია ჩეჩენ მეომართა ადვოკატ მაკა ძამუკაშვილს.

[მაკა ძამუკაშვილის ხმა] "აბსოლუტურად წარმოუდგენელია და აბსურდია. იურიდიულად, კანონის ფარგლებში რომ ვიღაცა ვიღაცაში გაიცვალოს, არის აბსოლუტურად წარმოუგენელი რამ, მარტივი მიზეზის გამო - იმიტომ რომ იმ პირის საკითხებს, რომლის ექსტრადიციაც შეიძლება განხორციელდეს, მინსკის კონვენცია არეგულირებს."

მინსკის კონვენცია უფლებას აძლევს ექსტრადიციის სუბიექტს, სასამართლოში გაასაჩივროს ხელისუფლების გადაწყვეტილება. საქართველოში დარჩენილმა 3-მა ჩეჩენმა მეომარმა ეს უფლება უკვე გამოიყენა და რუსეთში ექსტრადიციასაც ამით დააღწია თავი.

შეიძლება სწორედ ამიტომაც საქართველოს უშიშროების მინისტრი ჯერჯერობით თავის რუს კოლეგებთან ჭიჭიაშვილის ექსტრადიციის საკითხს არ აყენებს და პანკისელ ავტორიტეტთან მხოლოდ ქართველი გამომძიებლების დაშვების უფლებას ითხოვს. თუმცა ორი ქვეყნის ურთიერთობები რომ მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულებებს არ ემყარება, ამაზე გასულ წელს საქართველოდან რუსეთში 5 ჩეჩენი მეომრის დაჩქარებული ტემპებით ექსტრადირებაც მეტყველებს. მაშინ ჩეჩენი მეომრების რუსეთისათვის გადაცემა პუტინისა და შევარდნაძის პოლიტიკურმა შეთანხმებამ განაპირობა. შესაბამისად, საქართველოში დარჩენილი ჩეჩენი მეომრების ბედიც არაა სრულად დამოკიდებული მხოლოდ იურიდიულ ნორმებზე.
XS
SM
MD
LG