Accessibility links

logo-print

საქართველოს პარლამენტი - იურიდიულ ჩიხში. სავალუტო ფონდის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პასუხისმგებელი არ ჩანს


საქართველოს პარლამენტმა ბიუჯეტის კორექტირების მიღწევის უკანასკნელი იმედი გააქარწყლა. ოთხშაბათს ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მისული ფინანსთა მინისტრი დეპუტატების

სხდომათა დარბაზში მობილიზებას ტყუილად ელოდა. კვორუმის უქონლობის გამო ამ დღეს პარლამენტმა ვერც სხდომის დაწყება შეძლო და ვერც დახურვა. ამ მიზეზით რიგგარეშე სესია ტრადიციული ჰიმნით ვერ დასრულდა. პარლამენტში ბიუჯეტის კორექტირების გეგმა საბოლოოდ ჩავარდა. რას უნდა ველოდეთ ამის შემდეგ?

ბიუჯეტის კორექტირების გეგმის ჩავარდნა კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ საქართველოს ჰყავს უპასუხისმგებლო მთავრობა და უპასუხისმგებლო პარლამენტი, რომ საქართველოს უპასუხისმგებლო მთავრობამ საკუთარი წევრები პასუხისგებისთვის არ გაწირა და ამით ბიუჯეტის კორექტირების პროექტი ჩასავარდნად გაიმეტა, საქართველოს უპასუხისმგებლო პარლამენტმა კი მთავრობასთან დაპირისპირებას ქვეყნის ინტერესები გადააყოლა.

ბიუჯეტის კორექტირების პროექტის მიღების ვადა პარლამენტმა 20 აგვისტოს ამოწურა, თუმცა ბიუჯეტის შეკვეცის ტრაგიკომიკური მცდელობა უშედეგოდ 27 აგვისტოს დასრულდა. ამ დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში მხოლოდ 87 დეპუტატის მობილიზება მოხერხდა. ამ მიზეზით რიგგარეშე სესიის ბოლო სხდომა ვერ გაიხსნა, შესაბამისად, ვერც სესია დაიხურა. სხდომათა დარბაზში ვერც რეგლამენტით დაწესებული ჰიმნი აჟღერდა. ეს არის, რომ კვორუმის მიღწევის უშედეგო მოლოდინში დეპუტატთა ნაწილმა მთავრობის წინააღმდეგ გაილაშქრა და ბიუჯეტის სეკვესტრამდე მიყვანის გამო სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა. პარლამენტში ჯორბენაძეს ცუდი სახელმწიფო მინისტრი და არშემდგარი ექიმი უწოდეს. მისი თანამდებობიდან დათხოვნის მოთხოვნით ფრაქციები - "გაერთიანებული დემოკრატები", "ახალი მემარჯვენეები" და "21 საუკუნე" გამოვიდა. დეპუტატების მოთხოვნებს მთავრობიდან მხოლოდ ფინანსთა მინისტრმა მოუსმინა. 27 აგვისტოს მთავრობა მთავრობის სხდომაზე იყო მობილიზებული და იქ პარლამენტში შექმნილი პრობლემის გარშემო მსჯელობა საჭიროდ არ მიუჩნევიათ.

მთავრობა თავს იმით იიმედებს, რომ საქართველოს დეფოლტის საფრთხე მაინც არ ემუქრება, ეკონომისტები კი მომავალს მეტი პესიმიზმით უყურებენ. საქმე ისაა, რომ თუ მთავრობა, ბიუჯეტის კორექტირების ნაცვლად, ბიუჯეტის პროპორციულ 10 პროცენტიან სეკვესტრს განახორციელებს, 8 მილიონით შესამცირებელი პრეზიდენტის საინვესტიციო ფონდი 800000-ით შემცირდება, სპეცტრანსფერტებად ცნობილი მაჟორიტარების მოსასყიდი ფონდი კი, 15 მილიონის ნაცვლად, მილიონ ხუთასი ათასით. დაცული მუხლების ან საგარეო ვალების მომსახურების სეკვესტრი წარმოუდგენელია, დანარჩენი მუხლების დაფინანსების შეკვეცა კი პრაქტიკულად არაფერს მოიტანს, რადგან ამ გზით 86 მილიონი ვერ მოგროვდება. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელის რომან გოცირიძის ვარაუდით, ბიუჯეტის კორექტირება თუ დე იურედ ვერ მოხდა, დე ფაქტოდ მაინც მოხდება. 10 პროცენტიანი სეკვესტრი ქაღალდზე შედგება, რეალურად კი განხორციელდება ის, რაც ბიუჯეტის კორექტირების პროექტით იყო გამიზნული. ეს არის, რომ ასეთ შემთხვევაში პროცესები თვითდინებას მიჰყვება და ბიუჯეტიდან ფულს ის უწყება მიიღებს, რომლის ხელმძღვანელიც ყველაზე მეტს იყვირებს. რაც შეეხება დეფოლტს:

[რომან გოცირიძის ხმა] "როდესაც ამბობენ, რომ დეფოლტი არ მოხდება, ეს არის სწორი, მაგრამ ამაში უნდა დავინახოთ დეფოლტზე ცუდი რამ. საქართველოს არავინ მისცემს დეფოლტის გამოცხადების უფლებას. გადასახდელს მაინც გადაგვახდევინებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტის დიდი ნაწილი წავა საგარეო ვალების მომსახურებაზე. "

როგორც მოვისმინეთ, დეფოლტს, მთავრობის წევრებისა არ იყოს, არც რომან გოცირიძე ელის იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საქართველოს ვალების გასტუმრებაზე უარს არავინ ათქმევინებს.
XS
SM
MD
LG