Accessibility links

logo-print

ვისთვის აშენებენ ძვირფას სასტუმროებს


დავით პაიჭაძე, თბილისი ბიზნესმენისა და მრეწველთა პოლიტიკური პარტიის ლიდერის გოგი თოფაძის სურვილი - ააშენოს ბაკურიანში სამთო-სათხილამურო კომპლექსი - მშენებლობის დაწყების ოფიციალურ პრეზენტაციამდეც ცნობილი იყო.

თოფაძის განზრახვები, საქართველოს მასშტაბით, მართლაც გრანდიოზულია. ცნობილია მომავალი კლიენტიც - უცხოელი ტურისტი ან დამსვენებელი. მაგრამ რამდენად რეალურია პერსპექტივა, რომელსაც გოგი თოფაძე აქედან ხედავს?

ორი ხუთვარსკვლავიანი, ორიც ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო, 8 საბაგირო გზა, 12 სათხილამურო ტრასა, სპორტული და გოლფის სათამაშო მოედნები, სავაჭრო და გასართობი ცენტრები - ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ სიტყვებია, მშენებლობა მომავალ გაზაფხულზე უნდა დაიწყოს. გაზაფხულამდე კი, გოგი თოფაძის თქმით, ტერიტორიის გასაწმენდი სამუშაოები ჩატარდება.

ტენდენციაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, მაგრამ მსხვილი ქართველი ბიზნესმენების დაინტერესება საკურორტო ზონებით საქართველოში თანდათან საცნაური ხდება. რამდენიმე დღის წინ ბადრი პატარკაციშვილის იმედის ქალაქის პრეზენტაცია გაიმართა ურეკში. იქ წარმოთქმულმა საზეიმო სიტყვებმა და სადღეგრძელოებმა დაჩრდილეს თვითონ მოვლენა - ბევრი ტელემაყურებლისთვის გაუგებარი დარჩა, რას უწოდებენ იმედის ქალაქს. თუმცა, რა ინფრასტრუქტურაც უნდა ჰქონდეს მას, როგორც ბიზნეს-წამოწყება, კარგა ხანს წამგებიანი იქნება. პატარკაციშვილი არც მალავს, რომ საქართველოში მას მომგებიანი ბიზნესი ჯერჯერობით არა აქვს. რა ბედი ელის თოფაძის სასტუმროებს ბაკურიანში?

რა თქმა უნდა, კარგია, რომ ბაკურიანი, საქართველოს პირობაზე, მსხვილი კაპიტალის ინტერესში ექცევა. აქამდე ბაკურიანში ერთადერთი სასტუმრო თუ პასუხობდა თანამედროვე მოთხოვნებს: ვერე პალასი. უსიამო სანახავია საბჭოთა პერიოდის მიგდებული და გაპარტახებული ტურისტული სასტუმროები და ბაზები. გოგი თოფაძე ამბობს, რომ განზრახულ მშენებლობას 65 მილიონი ევროს ინვესტიცია დასჭირდება და ინვესტორი მშენებლობის დაწყების შემდეგაც გამოჩნდება. ეს ნიშნავს, რომ 4 მაღალი კლასის სასტუმროს ასაშენებლად დღევანდელი რესურსები არ კმარა. თოფაძე იმასაც დასძენს, რომ კომპლექსის საკონტროლო პაკეტი ქართულ მხარეს უნდა დარჩეს. საინტერესოა, თუ რომელიმე პოტენციური ინვესტორი შეისწავლის თოფაძის, როგორც ლუდის მაგნატის, პარტნიორობის ისტორიას, ვთქვათ, ფრანგულ "კასტელთან", დააკვირდება პოლიტიკაში მის პროტექციონისტულ პათოსს და ამას დაუმატებს ცოდნას საქართველოში არსებული უსაფრთხოების გარანტიებისა და საინვესტიციო გარემოს შესახებ, - მოისურვებს ამ ქვეყანაში ათეულობით მილიონი ევროს დაბანდებას?

ვერ ვიტყვით, რომ აღმშენებლობითი განზრახვები ბაკურიანში არ ითვალისწინებს ქართველ დამსვენებელს. ქვეყანა ღატაკდება, მაგრამ ჩრდილოვანი ეკონომიკა ყვავის და ყოველთვის მოინახება იმდენი ქართველი, რამდენიც ნაწილობრივ მაინც შეავსებს თოფაძის სასტუმროებს.

თუმცა ეს სასტუმროები დღეს ოცნების კოშკებია, იმდენად მასშტაბური და შთამბეჭდავი, რომ ქმნის ილუზიას, თითქოს მათ განხორციელებას ბევრი არაფერი უკლია. თოფაძის ბაკურიანი - წინასაარჩევნო განაცხადია, ოღონდ - ეფექტური განაცხადი. არ არის აუცილებელი, ის ტყუილი გამოდგეს.
XS
SM
MD
LG