Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა ავსტრიის გაზეთი "პრესე" კომენტარით გამოეხმაურა დაღესტნის ეროვნული პოლიტიკის მინისტრის, მაგომედსალიხ გუსაევის მკვლელობას.

გაზეთი წერს: "დაღესტანი ესაზღვრება ჩეჩნეთს, სადაც სეპარატისტები რუსეთისაგან გამოყოფისთვის იბრძვიან. პროკურატურავარაუდობს, რომ გუსაევის მკვლელობა - შურისძიების აქტია ისლამისტ ექსტრემისტთა მხრიდან. ჩეჩენი და დაღესტნელი ხალხების შურამ, ანუ ისლამის საბჭომ ჯერ კიდევ 1999 წელს, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა გუსაევს. ისლამის საბჭოს ერთ-ერთი ლიდერი, ცნობილი ჩეჩენი საველე მეთაური შამილ ბასაევია. გუსაევი ისლამში ფუნდამენტალისტური მიმდინარეობის მიმდევრების, ვაჰაბიტების დაუძინებელი მტერი იყო. მიმომხილველები შიშობენ, ვაითუ უკანასკნელმა ტერაქტებმა კიდევ უფრო დაძაბოს ვითარება დაღესტანში, სადაც არნახულად მაღალია უმუშევრობის დონე".

როგორც გაზეთი "ვაშინგტონ პოსტი" აღნიშნავს, გასულ თვის ერთი დღე-ღამის განმავლობაში ფედერალურ ჯარზე ჩეჩნეთში 19-ჯერ
მოხდა თავდახსმა. და იმავე დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლებამ ჩეჩნეთის მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში სარეგისტრაციოდ 11 კანდიდატის განცხადება მიიღო. გაზეთი, სარედაქციო სტატიაში განაგრძობს:

"ძნელია წარმოიდგინო უფრო მეტად ყალბი წინასაარჩევნო კამპანია, ვიდრე პრეზიდენტის არჩევა ჩრდილოეთი კავკასიის ამ პატარა რესპუბლიკაში, სადაც სრული განუკითხაობა, ტერორიზმი და ომი მძვინვარებს. მაგრამ კრემლმა, ჩეჩნეთში ვითარების ნორმალიზაციის მიზნით შემუშავებული გეგმის თანახმად, 5 ნოემბრისათვის დანიშნა ეს არჩევნები. თუმცა ამ გეგმას, კვლავაც მიმდინარე პარტიზანული ომი და თვითმკვლელ მეამბოხეთა სულ უფრო გახშირებული თავდასხმები უთხრის ძირს. კრემლმა ჩეჩნეთის ადმინისტრაციის ამჟამინდელ უფროსზე, აჰმად კადიროვზე შეაჩერა თავისი არჩევანი. იმის გათვალისწინებით, რომ კადიროვმა ჩეჩნეთში ვერ მოიპოვა ხალხის ნდობა, მიმომხილველები შიშობენ, რომ არჩევნების შემდეგ ჩეჩნეთში კიდევ უფრო დაიძაბება ვითარება. რუსეთის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ჩეჩენი რუსლან ხასბულატოვის თქმით, უაღრესად რთული ვითარებაა დღეს ჩეჩნეთში, და იმ დროს, როცა რესპუბლიკაში გრძელდება პარტიზანული ომი, არც ფედერალური მთავრობა და არც ჩეჩნეთის ადმინისტრაცია არაფერს არ აკეთებენ მოსახლეობის ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად. პრეზიდენტმა პუტინმა საკუთარი გადაწყვეტილება მიიღო და ომი ჩეჩნეთში, დამთავრებულად გამოაცხადა, და ეს მაშინ, როცა იქ ხალხი ყოველდღე იღუპება. ბევრი რუსი პოლიტიკოსი, მათ შორის, მაგალითად, მემარჯვენე ძალთა კავშირის ლიდერი ბორის ნემცოვი მანიპულაციას უწოდებს იმას, რაც დღეს ხდება ჩეჩნეთში, ხოლო კადიროვზე არჩევანის შეჩერებას, კრემლის მხრიდან დიდ შეცდომად მიიჩნევს. ჩეჩნეთში კადიროვი სულ უფრო მეტ ზიზღსა და შიშს იწვევს ხალხში. როგორც ლტოლვილები ამბობენ, ხალხს თურმე, ფედერალურ ჯარზე უფრო მეტად კადიროვის შვილს დაქვემდებარებული უშიშროების სამსახურისა ეშინია. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, ჩეჩნების 60 პროცენტზე მეტი არანაირ ვითარებაში არ აპირებს კადიროვისთვის ხმის მიცემას".

საფრანგეთის გაზეთი "მონდი" ცნობილი რუსი ბიზნესმენის, ვლადიმირ გუსინსკის დაპატიმრებას ეხმაურება. რუსეთის პროკურატურა, წერს გაზეთი, საბერძნეთიდან გუსინსკის ექსტრადიციისათვის საჭირო დოკუმენტაციას ამზადებს და გამომძიებელთა ჯგუფის გაგზავნას აპირებს ათენში. მიმომხილველები ყოველივე ამას კომპანია "იუკოსის" წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლის, აგრეთვე რუსეთში მოახლებული არჩევნების კონტექსტში იხილავენ. არჩევნების წინ, კრემლი, ოლიგარქებისადმი კვლავაც სიძულვილით განწყობილი მოსახლეობის გულის მოგებას ცდილობს, - დასძენს გაზეთი.

ამავე საკითხს აშუქებს გერმანიის გაზეთი "ფრანკფურტერ რუნდშაუც". სარედაქციო სტატიაში ვკითხულობთ:

"გუსინსკის დაპატიმრებამ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა რუსეთის პროკურატურა. როცა არის რაიმე სატრაბახო, რუსეთის გენერალური პროკურორი ვლადიმირ უსტინოვი სატელევიზიო კამერებს არ გაურბის და თამამად ლაპარაკობს, ხოლო ამჟამად, რატომღაც სდუმს. ვინაიდან გუსინსკის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს პოლიტიკური სარჩული უდევს, გახმაურებული სასამართლო პროცესი, გუსინსკის ექსტრადიციის შემთხვევაში, შესაძლოა კრახით დამთავრდეს რუსეთის პროკურატურისთვის."

როგორ შეიცვალა კრემლის პოზიცია ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში, - ამ საკითხს ვრცელი კომენტარი მიუძღვნა გაზეთმა "ვაშინგტონ პოსტმა". შარშან, აგრეთვე ორი წლის წინ, წერს გაზეთი, მოსკოვმა მეფური მიღება მოუწყო სარკინიგზო ექსკურსიით რუსეთში სტუმრად ჩასულ ჩრდილოეთი კორეის ლიდერს კიმ ჩენ ირს. თუმცა წელს, მატარებელი არ ჩამოიყვანს რუსეთში ჩრდილოეთი კორეის ლიდერს, სამაგიეროდ რუსეთის ხომალდები მრავლად არიან ზღვაში ჩრდილოეთი კორეის სანაპიროსთან, სადაც სამხედრო-საწვრთნელ მეცადინეობებში ღებულობენ მონაწილეობას. "ვაშინგტონ პოსტი" განაგრძობს:

"რუსეთმა ჩრდილოეთ კორეას მოუწოდა საერთო ენა გამონახოს შეერთებულ შტატებთან და უარი თქვას თავის ბირთვულ პროგრამაზე. "კორეის ნახევარკუნძული ბირთვული იარაღისაგან თავისუფალ ზონად უნდა იქცეს" - განაცხადა გასულ კვირაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა. სტალინისტური რეჟიმისაგან გამიჯვნით, რუსეთი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ რადიკალურად შეცვალა თავისი პოლიტიკა და ერაყის ომის შემდეგ აღარ დაუჭერს მხარს ეგრედ წოდებულ არასანდო რეჟიმებს. ერთი წლის წინ მოსკოვს 40 მილიარდი დოლარის კონტრაქტები უნდა დაედო სადამ ჰუსეინთან, ხუთი ახალი ატომური რეაქტორის მშენებლობას სთავაზობდა ირანს და ზარ-ზეიმით ღებულობდა ქვეყანაში სტუმრად ჩასულ ჩრდილოეთი კორეის დიქტატორს."
XS
SM
MD
LG