Accessibility links

logo-print

ჟურნალისტური მიუკერძოებლობა და მოქალაქეობრივი პოზიცია


საკუთარი პროფესიის პატივისმცემელი ჟურნალისტის საქმიანობა ბევრი ნიშნით არის რთული და საპასუხისმგებლო. არჩევნების წინა პერიოდში კი სირთულე და დაძაბულობა მკვეთრად იზრდება.

მრავალ პრობლემას შორის ერთ-ერთი უპირველესია ჟურნალისტური მიუკერძოებლობისა და მოქალაქეობრივი პოზიციის შეთავსება.

როგორც ეთიკური ჟურნალისტიკის მსოფლიო მნიშვნელობის ლიდერები მიიჩნევენ, სულაც არ არის საჭირო, ჟურნალისტის ნამუშევარმა მთელი საზოგადოების გული მოიგოს. ეს შეუძლებელია ისევე, როგორც შეუძლებელია სრული ობიექტურობა; რადგან ის, რაც სწორია ერთისთვის, ხშირად არასწორია მეორისთვის და პირიქით. ჭეშმარიტების დადგენა ჟურნალისტის პასუხისმგებლობა არ არის. უმთავრესი, რაც ჟურნალისტს მოეთხოვება, კეთილსინდისიერებაა.

ქართულ სინამდვილეში მოდად გადაიქცა პოლიტიკოსების მიერ ჟურნალისტების დამუნათება პირდაპირ ეთერში, მათი დადანაშაულება ტენდენციურობაში. თავის მართლება შეურაცხმყოფელია, ბრალდების უპასუხოდ დატოვებაც - აგრეთვე. პასუხი უსუსური გამოდის. კიდევ უფრო ხშირად პოლიტიკოსები არაობიექტურობაში გაზეთის ჟურნალისტებს სდებენ ბრალს. პასუხი ამ შემთხვევაშიც ტრაფარეტულია ან საერთოდ არ არის.

რა შეიძლება მივიჩნიოთ ქართველი ჟურნალისტების იმ მთავარ პრობლემად, რომელიც პოლიტიკოსებს მათზე წნეხის საშუალებას აძლევს? არაკეთილსინდისიერება, როდესაც ჟურნალისტი საკუთარ ტრიბუნას ანგარების მიზნით იყენებს? თუ არაპროფესიონალიზმი, როდესაც ჟურნალისტი ვერ ახერხებს საკუთარი სამოქალაქო პოზიციის გამიჯვნას თავისივე მიუკერძოებელი ფუნქციისგან? ალბათ, პირველიც, მაგრამ უპირატესად - მეორე. ერთი მხრივ, ქვეყანაში, რომელიც ათწლეულზე მეტია, გარდამავალ ეტაპზეა "ჩახერგილი", ჟურნალისტს ბუნებრივად უყალიბდება სამოქალაქო პოზიცია. ეს მისი საქმიანობის თანამდევი პროცესია. საზოგადოებას არ აინტერესებს ჟურნალისტი, რომლის საზოგადოებრივი ხედვა ბუნდოვანია. მეორე მხრივ, ჟურნალისტისგან საკუთარი ფუნქცია მოითხოვს არა რომელიმე მხარეს დადგომას სამოქალაქო დაპირისპირების დროს ან არჩევნების პერიოდში, არამედ - ნებისმიერი მხარისგან გამიჯვნას. მაგრამ რა მოუხერხოს ასპარეზზე მყოფმა ჟურნალისტმა საკუთარ სამოქალაქო პოზიციას?

ჟურნალისტის ხედვა ყველაფერში უნდა ჩანდეს და ჩანს კიდეც: რა რაკურსით აშუქებს ფაქტს, რა თემაზე საუბრობს, ვის კომენტარს სთავაზობს საზოგადოებას, ვის რა სიხშირით იწვევს სტუდიაში, რის უფლებას აძლევს ტელე- ან რადიოეთერის, გნებავთ, გაზეთის სტუმარს. სამოქალაქო პოზიცია ჩანს განათლების და ნიჭის ხარისხშიც, რომელიც ყოველთვის ზედაპირზე ძევს. სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების საფუძველზე ერთნაირად შესაძლებელია მიუკერძოებლობაც და ტენდენციურობაც, რადგან სამოქალაქო პოზიცია, უპირველეს ყოვლისა, ღირებულებების ჯამია და არა რომელიმე პარტიის მიმართ სიმპათია. ასე რომ, ჟურნალისტის საზოგადოებრივი ხედვა ყოველთვის არსებობს, ამგვარი ან იმგვარი. იგი ხელს არ უშლის კეთილსინდისიერ საქმიანობას. პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ მიუკერძოებლობაც თავისებური სამოქალაქო პოზიციაა.
XS
SM
MD
LG