Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსულტაციები გადამწყვეტ ფაზაში შედის


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 5 სექტემბერს დანამდვილებით გაირკვევა, რომელი პარტია იღებს მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში - 5 სექტემბერს იწურება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიების რეგისტრაციის ვადა.

18 სექტემბრამდე კი პარტიებს იმის გარკვევა დასჭირდებათ, როგორ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში - დამოუკიდებლად თუ საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში. შესაბამისად, სულ ცოტა დრო რჩება წინასაარჩევნო ერთ-ერთი ყველაზე მღელვარე ინტრიგის დასრულებამდე, თუ რომელი პარტია რომელ ბლოკში გაერთიანდება. რა განწყობილებაა წინასაარჩევნოდ პარტიებში?

წინასაარჩევნოდ პარტიების "დაბლოკების" პრობლემა ერთ-ერთ ყველაზე დამაინტრიგებელ თემად რჩება წინასაარჩევნო საქართველოში. ის, რომ დღეს ამომრჩეველი უფრო საარჩევნო ბლოკებისადმი ავლენს ინტერესს - ალბათ, 7 პროცენტიან ბარიერთან ერთად, ერთ-ერთი სერიოზული მოტივია პარტიების მიერ პარტნიორების ძიებაზე ზრუნვისთვის. თვით მმართველი ძალაც კი, რომელიც აქამდე საპარლამენტო არჩევნებში ყოველთვის დამოუკიდებლად მონაწილეობას ანიჭებდა უპირატესობას, დღეს ბლოკში გაერთიანებული პოლიტიკური პარტიების მეშვეობით შეეცდება 7 პროცენტიანი ბარიერის გადალახვას. ის მომენტი, რომ სახელისუფლებო ბლოკში უკვე საარჩევნო სიის შემადგენლობაზე მუშაობენ, იმის დასტურად შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ბლოკში გაწევრიანების მსურველი აღარავინაა.
ასევე, საეჭვოა, ახალი წევრები შეემატოს საარჩევნო ბლოკ ნაციონალურ მოძრაობას, რომელმაც გამსხვილებაზე ფიქრი საპარლამენტო არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე დაიწყო - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებზე თბილისში ამ ბლოკის პრემიერამ წარმატებით ჩაიარა. ხმები, საპარლამენტო არჩევნების წინ ნაციონალური მოძრაობის ირგვლივ მსხვილი ოპოზიციური გაერთიანების შექმნის თაობაზე არ გამართლდა - ნაციონალები საპარლამენტო არჩევნებში იმავე შემადგენლობით მიიღებენ მონაწილეობას, როგორც 2001 წელს - ნაციონალური მოძრაობა, რესპუბლიკური პარტია, ეროვნულ ძალთა გაერთიანება.
არ გამართლდა კიდევ ერთი პროგნოზი, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მაღალრეიტინგული ფიგურა ოპოზოციური ძალებისთვის კარგ სატყუარად გამოდგებოდა. ჯერჯერობით ბურჯანაძე-დემოკრატების ბლოკში გაერთიანების პოტენციურ მსურველთა ვინაობა არავინ უწყის. ისევე, როგორც არავინ იცის, რა არჩევანს გააკეთებს ტრადიციონალისტთა კავშირი, რომლის ლიდერის აკაკი ასათიანის ამასწინანდელი განცხადებით, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ტრადიციოონალისტები ბურჯანაძის გვერდით არ აღმოჩნდებიან:
[ აკაკი ასათიანის ხმა] "ჩვენ ბურჯანაძის გვერდით არ აღმოვჩნდებით, შემიძლია დანამდვილებით გითხრათ. ძალიან სიმპათიური ადამიანია, ძალიან სიმპათიური ქალბატონია. ვფიქრობ, ქართულ პოლიტიკაში ქალის მნიშვნელობა კარგად წარმოაჩინა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი."
იქნება თუ არა საკმარისი ის იდეოლოგიური სიახლოვე, რაც ახალ მემარჯვენეებსა და ქრისტიანულ-დემოკრატიულ პარტიას შორის არსებობს, საარჩევნო ბლოკის შესაქმნელად - ამის თაობაზე ჯერჯერობით მხოლოდ ბუნდოვანი განცხადებები კეთდება. მინიშნებებით, არ შეიძლება იმის გამორიცხვა, რომ ახალი ბლოკი უფრო მსხვილი აღმოჩნდეს და, ახალი მემარჯვენეებისა და ქრისტიანულ-დემოკრატების გარდა, მასში მრეწველები და თამაზ ნადარეიშვილის პარტიაც გაერთიანდნენ. მრეწველების ბლოკში გაერთიანება იმის ნიშანი შეიძლება იყოს, რომ ახალ ბლოკს კიდევ ერთი - ლიბერალური პარტია შეუერთდება. რევაზ შავიშვილისა და ვახტანგ ხმალაძის მიმხრობას დღეს ბევრი ცდილობს.
ყველაფერი კი ძალიან მალე გაირკვევა - 18 სექტემბრამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება.
XS
SM
MD
LG