Accessibility links

პოლიტიკოსები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის ძიების პროცესის შესახებ


ეუთოსა და ევროსაბჭოს სპეციალური კომისია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის ძიების პროცესს ასრულებს. ხუთშაბათს ამ კომისიის წევრები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების

წარმომადგენლებს შეხვდნენ და საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატთა 25 კაციან სიასთან დაკავშირებით მათი მოსაზრებები მოისმინეს. ეუთო თავის მიერ შერჩეული რამდენიმე კანდიდატურის სიას პრეზიდენტს ამ დღეებში წარუდგენს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ეუთოს წარდგინებით, სწორედ პრეზიდენტმა უნდა დაამტკიცოს, თუმცა უკვე დარღვეულია ვადა, რომლის ფარგლებშიც ეს უნდა მომხდარიყო. როგორ უყურებენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტისთვის შესაფერისი პირის ძიების გაჭიანურებულ პროცესს?

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატთა 25 კაციანი სია, რომელიც კვირის ბოლოს 5 კაციან სიამდე უნდა დავიდეს, ცოტა არ იყოს, უცნაურად გამოიყურება. მასში მოყვანილი სახელებისა და გვარების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, რადგან, უმეტეს შემთხვევაში, ამ სახელებისა და გვარების უკან მდგომ ადამიანებზე წარმოდგენის შესაქმნელად, მინიმუმ, მათი პროფესიის და საქმიანობის განმარტება დაგვჭირდება. ეუთოს 25 კაციან სიაში საზოგადოებისთვის აბსოლუტურად უცნობი ადამიანი არა ერთი და ორია, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილებს შორის კი არიან ისეთებიც, რომლებსაც ძნელი საფიქრებელია საარჩევნო პროცესებზე რაიმე წარმოდგენა ჰქონდეთ. მაგრამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატთა სია გრძელია და გასაცხრილი. მის საბოლოო ვარიანტში, წესით, ისეთი ადამიანების სახელები და გვარები უნდა ვიხილოთ, რომლებიც სარგებლობენ საზოგადოების პატივისცემით, არიან ობიექტურები, მტკიცე მორალური პროფილის და შეძლებენ იყვნენ მიუკერძოებელნი ისეთ დაქსაქსულ და რთულ ორგანიზმში, როგორიც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიაა. ასეთების პოვნა საქართველოში საკმაოდ რთული აღმოჩნდა. და მაინც, "გაერთიანებულ დემოკრატებს" ეუთოს 25 კაციან სიაში ეგულებათ რამდენიმე პირი, რომლებიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე ნდობას გაამართლებდნენ.

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] "ჩვენთვის მისაღებია აპოლიტიკური, ავტორიტეტული კაცი, არაკანცელარიასთან დაკავშირებული, არასახელისუფლებო ბლოკთან დაკავშირებული, ისეთი, რომელიც საერთოდ არც ერთ პარტიასთან არ არის დაკავშირებული. ამ სიაში წარმოდგენილია რამდენიმე ასეთი ადამიანი - მართალია, თითებზე ჩამოსათვლელად, მაგრამ, მაინც. "

მიხეილ მაჭავარიანი თავისა და თავისი თანამოაზრეებისთვის ყველაზე მისაღებ კანდიდატურას არ ასახელებს, რადგან ფიქრობს, რომ დასახელებით მას საქმეს გაუფუჭებს. ხუთშაბათს ეუთოს წარმომადგენლებთან გამართულ კონსულტაციებზე გაერთიანებულმა დემოკრატებმა მხოლოდ იმ ადამიანების სახელები და გვარები დაასახელეს, რომელთა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე დანიშვნაც საარჩევნო კომისიაში სახელისუფლებო ბლოკის მეექვსე წევრის დანიშვნის ტოლფასი იქნება.

ეუთოს წარმომადგენლებმა კონსულტაციები ლეიბორისტებთან, აღორძინებასა და ახალ მემარჯვენეებთანაც გაიარეს. აღორძინებისგან მიიღეს წინადადება, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურა სამეცნიერო წრეებში შეირჩეს, ლეიბორისტებისგან კი მოისმინეს აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე ყველაზე მეტად უცხოელი, ეუთოს წარმომადგენელი გაამართლებდა. რატომ მაინცდამაინც უცხოელი, ჯერ ეუთოს წარმომადგენლებთან, შემდგომ კი ჩვენთან საუბარში ფრიდონ ინჯიამ ახსნა:

[ფრიდონ ინჯიას ხმა] " პატარაა საქართველო და აქ ვინმეს რომ კავშირი არ ჰქონდეს რომელიმე ძალასთან, კლანთან თუ ჯგუფებთან, არ იქნება. საქართველოში ყველა ყველას იცნობს, ყველას ჰყავს მეგობარი, ნათესავი და ასეთი ურთიერთობები აქ, როგორც წესი, წინ არის."

რადგან ერთია ოცნება, მეორე კი - რეალობა, ლეიბორისტები რეალობას ეგუებიან და თავიანთთვის მისაღებ რეალურ კანდიდატურას ეუთოს 25 კაციან სიაში ეძებენ. ისინი კმაყოფილები იქნებიან, თუ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ საპატრიარქოს საპარლამენტო მდივანს გიორგი ანდრიაძეს დაამტკიცებენ.

რაც შეეხება "ახალ მემარჯვენეებს", ეუთოს წარმომადგენლებთან კონსულტაციები მათაც ჰქონდათ. ახლები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე ვახტანგ ხმალაძის ან დავით უსუფაშვილის ხილვას ისურვებდნენ, მაგრამ, მათ - და არამარტო მათ - გასაკვირად, ხუთშაბათს გავრცელებულ 25 კაციანი სიაში არც ერთი ფიგურირებს და არც მეორე. ამ სიაში ვახტან ხმალაძის გამოტოვება მრეწველებისთვის აბსოლუტურად მოულოდნელი იყო.

[ზურაბ ტყემალაძის ხმა] " რას ჰქვია, ეუთოს ხალხი იყო, ვისაუბრეთ, ჩავაწერინეთ. მართლა ძალიან უცნაური მომენტია ... ვა?" [სტილი დაცულია]

ყველაზე მეტად უცნაური მაინც ის არის, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნის ვადა ამოწურულია და, თუ ამ ფაქტს რომელიმე ძალა გაასაჩივრებს, საკმოდ უხერხული ვითარება შეიქმნება. ასეთ შემთხვევაში თავმჯდომარის ძიებაზე დახარჯული ენერგია წყალში ჩაიყრება და ბეიკერის სქემისგანაც აღარაფერი შემორჩება. ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიაში ფიქრობენ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარის დანიშვნა პრეზიდენტს არ სურს და მას პროცესი სწრედ აქეთკენ მიჰყავს. ასეა თუ ისე, ბლოკ "ახალ საქართველოსაც" ეგულება ეუთოს 25 კაციან სიაში თავისთვის ყველაზე მეტად მისაღები კანდიდატურა. სახელისუფლებო ბლოკი აქცენტს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის რუსუდან ბერიძის კანდიდატურაზე აკეთებს.
XS
SM
MD
LG