Accessibility links

სად დაურიგდებათ პირველკლასელებს თბილისის მთავრობისა და საკრებულოს საჩუქრები


საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში თითქმის ყველა პრობლემა პოლიტიკური დაპირისპირების საგნადაა ქცეული, მათ შორის, პირველკლასელთათვის სასკოლო სახელმძღვანელოების გადაცემის ცერემონიალის გამართვაც კი.

საპირველსექტემბრო საჩუქრების მოწყობის ინიციატორი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი პირველკლასელთათვის წიგნების დარიგებას 30 აგვისტოს რესპუბლიკის მოედანზე აპირებდა. ამას კი ხელისუფლების მწვავე წინაღმდეგობა შეხვდა.

[ხმაური]

ასეთი ხმაური ისმოდა 28 აგვისტოს განათლების სამინისტროს საბიბლიოთეკო კოლექტორის საწყობის წინ, სადაც, ძირითადად, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა მოიყარეს თავი. შენობის დაცვასა და პოლიციასთან ამგვარი შეხლა-შემოხლის გზით სააკაშვილის თანამოაზრეები პირველკლასელთათვის განკუთვნილი სახელმძღვანელოების თბილისის საკრებულოში გადატანას აპირებდნენ. განათლების სამინისტრო შეიარაღებული დაცვით ცდილობდა 27 აგვისტოს ნაციონალურ მოძრაობასთან ჭიდილში განცდილი მარცხი აღარ განმეორებულიყო.

27 აგვისტოს თბილისის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის ერთ-ერთმა ლიდერმა კობა ბექაურმა საბიბლიოთეკო კოლექტორის ხელმძღვანელი თინათინ ქერაშვილი აიძულა სახელმძღვანელოების შესაძენად საჭირო გადარიცხვები განეხორციელებინა. ბექაური ამას საკუთარი მოვალეობის აღსრულებას უწოდებს, რადგან იგი საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეა.

[კობა ბექაურის ხმა] "მოვთხოვე ვალდებულების აღსრულება, დადგენილების აღსრულება: პირველკლასელთათვის გადავარიცხინე იმ წიგნების ფული, რომლებიც უნდა დაურიგდეს ჩვენს პირველკლასელებს. იმიტომ რომ ჩვენ ვატარებთ 30-ში ღონისძიებას და ვეღარ ვასწრებდით შემდეგ მთელი ამ ჩანთების, რვეულების, წიგნების დაფასოებას."

ბექაური იმასაც ამბობს, რომ თინათინ ქერაშვილმა გადარიცხვები განათლების მინისტრის ბრძანების საწინააღმდეგოდ, საკუთარი პასუხისმგებლობით განახორციელა. თუმცა ამ ფაქტის შემდეგ საავადმყოფოში გადაყვანილი ქერაშვილი სულ სხვა რამეს ამტკიცებს:

[თინათინ ქერაშვილის ხმა] "იძულებითი ზეწოლით წამიყვანეს ძალით, თვითონ კობა ბექაურმა და რამოდენიმე მისმა თანმხლებმა. ესე იგი კიბეებზე რომ ჩავდიოდი, კიბეებზე ჩამაქანეს, ფეხი არ დამიდგია კიბეებზე."[სტილი დაცულია]

ბექაური შემთხვევის ადგილზე პოლიციამ დააკავა, უფრო მოგვიანებით კი გაათავისუფლა, თუმცა მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე მაინც აღიძრა.

მოვლენების ასეთი გამწვავება მოჰყვა მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, 13 ათასამდე პირველკლასელისთვის სასკოლო სახელმძღვანელოები რესპუბლიკის მოედანზე გადაეცა. სააკაშვილის ამ წინასაარჩევნო აქციის წინააღმდეგ ხელისუფლებასთან ერთად პირველ-მეორე კლასელთა მშობლებიც გამოდიან. მე მათ თბილისის ქუჩებში გავესაუბრე:

[მშობლების ხმა] "თუ ორგანიზებულად იქნება მოწყობილი, ყველაფერი შესაძლებელია. მე ვფიქრობ, რომ მშობლები უნდა მოვიდნენ, ბავშვი უფრო ნაკლებად, ბავშვები ვერ შეძლებენ ამას. სიცხეში მზეზე ყოფნას, ალბათ, ნაკლებად შეძლებენ. - მე მგონი, არ არის ნორმალური, რომ ბავშვი მოედანზე მივიდეს, სკოლაში უნდა გადაეცეს, მე მგონი, ჯობია."

როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილმა ესა და სხვა არგუმენტები ირწმუნა, თუმცა 28 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე ხელისუფლების მოთხოვნისადმი დამორჩილება 30 აგვისტოსთვის რესპუბლიკის მოედანზე დანიშნულ სამხედრო აღლუმს გადააბრალა. შესაბამისად, წიგნები ბავშვებს პირველ სექტემბერს სკოლებში დაურიგდებათ.
XS
SM
MD
LG