Accessibility links

ჟურნალიტები ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ


დავით პაიჭაძე, თბილისი ხუთშაბათს, 28 აგვისტოს, საქართველოს რამდენიმე მედია-ორგანიზაციის წარმომადგენლებმა თბილისის საოლქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს: ისინი მოითხოვენ, ბათილად იქნეს ცნობილი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება საარჩევნო პროცესში მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო და არასახელმწიფო საშუალებათა მონაწილეობის, მათი გამოყენების წესისა და კონტროლის შესახებ. ამ დადგენილების პროექტზე ჩვენ ორიოდე დღის წინ მოგითხრობდით. ნორმატიული აქტი ოდნავ განსხვავდება პროექტისაგან, თუმცა, როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გია ზესაშვილმა განმიცხადა, პრინციპული სხვაობა არ არსებობს.

მეტიც, გია ზესაშვილი ირწმუნება, რომ კომისიის დადგენილება საქართველოს კანონებს ეყრდნობა და განმარტავს მათ:

[გია ზესაშვილის ხმა] "ჩვენი სურვილი არ არის აკრძალვის დაწესება. ჩვენი სურვილი იყო ერთნაირი პირობები შეგვექმნა არჩევნების ყველა სუბიექტისათვის. ჩვენ არაფერს ვუკრძალავთ არც ერთ რადიო- ან ტელეარხს, არ ვუწესებთ ფინანსურ შეზღუდვებს. მთავარია, გამჭვირვალობამ ეს სფეროც მოიცვას."

გია ზესაშვილი ამბობს, რომ ნებისმიერ არხს შეუძლია, თუ სურს, 24 საათი დაუთმოს საარჩევნო თემატიკასა და პოლიტიკოსებს, მაგრამ უნდა დაიცვას ორი მოთხოვნა: ეს დრო თანაბრად გადაუნაწილოს პარტიებსა თუ ბლოკებს და ყველა საინფორმაციო საშუალებამ წინასწარ განაცხადოს, რა დრო რამდენად მიჰყიდა ან სულაც აჩუქა ამა თუ იმ პარტიას. თუ დროს დიდი ფასი დაედო, მას ყველა ვერ იყიდის, რაც უკვე კონკრეტული პარტიის პრობლემაა. უნდა ითქვას, რომ დადგენილების ზოგიერთი დებულება ზესაშვილის განმარტებებზე გაცილებით მკაცრია. მე ვკითხე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მაინც, ვის რისგან იცავს ეს დადგენილება?

[გია ზესაშვილის ხმა] "ეს, უპირველეს ყოვლისა, ამომრჩეველს იცავს შავი პიარისგან. ჩემი აზრით, იცავს ზომბირებისგანაც."

28 აგვისტოს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში სარჩელი შეადგინეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამ დადგენილების წინააღმდეგ. სარჩელი ამავე დღეს გაგზავნეს თბილისის საოლქო სასამართლოში. იურისტი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ დადგენილება კანონს არ შეესატყვისება, საარჩევნო კოდექსი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არ ანიჭებს ამ რიგის ნორმატიული აქტების გამოცემის უფლებას. დადგენილების მესამე მუხლი იწყება ასე: "13 სექტემბრიდან დაუშვებელია" და ამ სიტყვებს მოსდევს დაუშვებელ მოქმედებათა ჩამონათვალი.

[თინა ხიდაშელის ხმა] "კანონში არსად არ არის აკრძალვა, რეკლამაშიც კი. რეკლამაც კი შეგიძლიათ არათანაბრად გაანაწილოთ, მაგრამ ამის შესახებ ცენტრალურ სარჩევნო კომისიას უნდა აცნობოთ. ესაა უფლებამოსილების მაქსიმუმი, რასაც კანონი აძლევს ცესკოს. ამან კი ნეგატიური მოთხოვნა აიღო და გითხრათ, რომ რაღაცები საერთოდ გეკრძალებათ და დაუშვებელიაო. კანონში საერთოდ არ არის კატეგორიული შეზღუდვა."

თინა ხიდაშელი ჟურნალისტებს მიმართავდა, რომლებიც ასოციაციაში სარჩელთან შესაერთებლად იყვნენ მისულნი. მე ვკითხე საქტელერადიოს დეპარტამენტის თავმჯდომარეს ზაზა შენგელიას, რატომ აწერს ხელს სარჩელს:

[ზაზა შენგელიას ხმა] "პირველ რიგში, იმიტომ რომ საზოგადოებრივი ტელევიზიისკენ მივდივართ და ვცდილობთ, იმ საერთო წესებით ვითამაშოთ, რა წესებითაც მედია ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში მოქმედებს. ბოლო დროს რამდენჯერმე გამოამჟღავნეს პრესაზე - როგორც სახელმწიფო, ისე კერძო მაუწყებლებზე თუ მედიაზე - ზემოქმედების სურვილი. ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, ვყოფილიყავით ერთად. მე ეს მიმაჩნია ჩვენს საერთო დიდ გამარჯვებად."
XS
SM
MD
LG