Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბურკინა-ფასოელი გლეხები და ბამბის დაბალი ფასი


მაისის პირველ რიცხვებში მოვიდა წვიმა "გამართულთა ქვეყანაში",

რასაც ნიშნავს ბურკინა-ფასო, ოცი წლის წინათ რომ ეწოდა ზემო ვოლტის აფრიკის სახელმწიფოს. წვიმა აქ ყველაფრის დასაწყისია, რადგან შვიდი თვე აშრობდა მზე მიწას. ხეებს ფოთოლი დასცვივდა, ბალახი გადახმა. იქაური მცხოვრებნი ისხდნენ სოფლებში თავიანთი ქოხების წინ და ქარი პირში მტვერს აყრიდა. ახლა მოვიდა წვიმა, რომელმაც კვლავ სიცოცხლე მოიტანა. გლეხები თავიანთი თოხებით, გამხდარ ხარებზე გამობმული გუთნებით შეუდგნენ მიწის ხვნას. წელს წვიმა დროზე მოვიდა. ეს ნიშნავს, რომ ერთ-ორ თვეში ბამბის პლანტაცია უკვე მწვანე აღარ იქნება, თეთრად გადაიპენტება და ბუჩქები კაცის სიმაღლეს მიაღწევს. ტოტებს დაამძიმებს ბამბის მსხვილი ქულები, რომელთა კრეფას ქალიან - კაციანა შეუდგებიან ბურკინა-ფასოელები და მსოფლიოს პერანგების, შარვლების, ქურთუკების, წინდების, ცხვირსახოცებისა თუ ზეწრებისთვის საჭირო ნედლეულს მიაწოდებენ. წელს მოსავალს კარგი პირი უჩანს, მაგრამ გლეხების შემოსავალი მაღალი არ იქნება. აფრიკელები ბამბის მოსავალს ხელით იღებენ და, შესაბამისად, კარგი ხარისხის პროდუქტს იძლევიან; ამასთან, ძალიან იაფ მუშახელს წარმოადგენენ. მათი საქონელი სამჯერ უფრო იაფია, ვიდრე, მაგალითად, ამერიკელი ბამბის ფერმერებისა, იუწყება "ბამბის წარმოების მეთვალყურე საერთაშორისო კომიტეტი". მაგრამ მსოფლიო ბაზარზე უხვადაა ბამბა, რაც აფრიკელებს სულის მოთქმის საშუალებას არ აძლევს. საერთაშორისო ფასი ერთი გირვანქა, ანუ დაახლოებით ნახევარი კილოგრამი, ბამბისა 1995 წელს დოლარზე მეტს უდრიდა. შემდეგ, 2001 წლისთვის, ფასი 40 ცენტამდე დაეცა და, როგორც ვარაუდობენ, არც აიწევს. ბურკინა-ფასოელი ბამბის გლეხების მთავარი კონკურენტები ის სახელმწიფოები არიან, რომლებიც თავიან ფერმერებს სახელმწიფო სახსრებით უმაგრებენ ზურგს. ავიღოთ ამერიკელი ფერმერები. ისინი მთავრობისგან დიდ დახმარებას იღებენ, რითაც ახერხებენ ძალიან დიდი რაოდენობით ბამბა აწარმოონ; ამას კი მსოფლიოს ბაზარზე საქონლის მოზღვავება და ფასის დაკლება სდევს. აშშ-ის კანონის თანახმად, თუკი ფერმერები, იმის გამო, რომ ფასები მათთვის არახელსაყრელია, გაკოტრების გზაზე დადგებიან, მთავრობა სუბსიდიას იხდის. ნედლეულის ბაზარზე ოდითგანვე მოქმედებდა პრინციპი: "დაბალი ფასი დაბალი ფასებისგან განკურნებას უწყობს ხელს". დღეს ეს პრინციპი ნაწილობრივღა მოქმედებს. თუკი საქონლის მოზღვავების გამო ფასი ეცემა, ამ საქონლის მწარმოებელთა ნაწილი იძულებულია შეწყვიტოს წარმოება, ანუ ხელი შეუწყოს საქონლის შემცირებას და ფასების ზრდას - პრობლემის მოგვარებას. მაგრამ პრობლემა გვარდება მხოლოდ მათთვის, ვისაც საქონლის გამო კი არ რჩება შემოსავალი, არამედ დახმარებას იღებს. და ამგვარად, მსოფლიო ბაზარზე საქონლის მოჭარბებას ბოლო არ უჩანს. ბურკინა- ფასოში მთავრობას არა აქვს უნარი გლეხებს დახმარება გაუწიოს. იქ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 40 წელიწადია, ბავშვების მესამედი დაბადებიდან მალევე იხოცება. ხალხის მთავარი მიზანი აფრიკის ამ ქვეყანაში თავის გატანაა. ბამბა აქ კოლონიზატორებმა შემოიტანეს. გლეხებისთვის ეს ერთადერთი პროდუქტია, რომელიც მათ კარგად შეუძლიათ გაყიდონ, არა ერთი-ორი კვერცხისა და ბოსტნეულის მსგავსად ქუჩის ბაზარზე, არამედ ცენტნერობით და ტონობით. მყიდველი იქვეა, ნახევრად სახელმწიფო ფირმა "სოფიტექსი", რომელიც ბამბის შემდგომ გასაღებას ეწევა. "სოფიტექსი" კარგად იხდის, თუკი მსოფლიო ფასი მაღალია, და - ცუდად, თუკი მსოფლიო ფასი დაბალია. ახლა ის ძალიან ცოტას იხდის.

ბურკინა- ფასოელი ბამბის გლეხების ინტერესებს იცავს საგანგებო გაერთიანება - ფერმერთა კავშირი. მისმა დამაარსებელმა ფრანსუა ტრაორემ ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტა ჩამოეყალიბებინა ორგანიზაცია, რომელიც დაიცავდა ბამბის გლეხების ინტერესებს იმ ქვეყანაში, სადაც ყოველი მეხუთე მოქალაქე ბამბის მოყვანით ცხოვრობს. ახლა ამ ორგანიზაციამ, მეზობელი ქვეყნების - მალის, ჩადის და ბენინის - ბამბის გლეხებთან ერთად, შეადგინა მოწოდება, რომელიც შეიცავს მოთხოვნას სუბსიდიების შეწვეტის შესახებ. ორგანიზაციის დამაარსებელმა კონტაქტი დაამყარა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან, იმოგზაურა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, ესტუმრა მსოფლიო ბანკს, ასევე - "ბამბის წარმოების მეთვალყურე საერთაშორისო კომიტეტს", რომელმაც გამოიანგარიშა, რომ თუკი ამერიკელ ფერმერებს აღარ გადაუხდიან სუბსიდიებს, ბამბის ფასი 25 პროცენტით გაიზრდება. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრებმა, მსოფლიოში მიმდინარე ანტიტერორისტული ომის პარალელურად, გადაწყვიტეს სიღარიბესაც შეებრძოლონ. სექტემბერში ამ ორგანიზაციის შეკრებაზე, მექსიკაში, ამ მხრივაც იქნება დისკუსია. აფრიკელები იმედოვნებენ, რომ მათ მოთხოვნას ყურს ათხოვებენ.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG