Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან ქიძინიძის მომხრეები იუსტიციის სამინისტროს წინ შიმშილობის აქციას მართავენ


იუსტიცის სამინისტროს წინ სახელდახელოდ გაშლილ კარვებში, მეოთხე დღეა, "დემოკრატიული სიმართლის პარტიის" რეგისტრაციაში გატარების მოთხოვნით, შიმშილობის აქცია მიმდინარეობს.

მოშიმშილეთა თქმით, ხელისუფლება იუსტიციის სამინისტროზე ზეწოლას ახორციელებს, რათა მათი პარტიის დევნილობაში მყოფ ლიდერს ლევან ქიძინიძეს პარლამენტისკენ მიმავალი გზა გადაუკეტოს. ქიძინიძის მომხრეთა თქმით, პარტიის რეგისტრაციაში გაუტარებლობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერის გარდა, თვით საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძეა დაინტერესებული. რამდენად საფუძვლიანია ამგვარი ბრალდება და რა შეიძლება იყოს შიმშილობის აქციათა გახშირების რეალური მიზეზი?

ამომრჩევლისათვის თავის დასამახსოვრებლად პარტიებს სულ უფრო და უფრო მცირე დრო რჩებათ. საპროტესტო და შიმშილობის აქციები, რომელთა რიცხვმა, არჩევნების მოახლოების პარალელურად, საგრძნობლად იმატა, წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილადაც შეიძლება მივიჩნიოთ.

ერთ-ერთი ამგვარი აქცია იუსტიციის სამინისტროს შენობის წინ უკვე მეოთხე დღეა, რაც მიმდინარეობს. "დემოკრატიული სიმართლის პარტიის" წევრები იუსტიციის სამინისტროსგან რეგისტრაციაში გატარებას ითხოვენ. კითხვაზე, თუ რატომ ჩაგრავენ მაინცდამაინც ამ ორგანიზაციას, პარტიის პოლიტიკურ მდივანს ავთანდილ იმნაძეს ამგვარი პასუხი აქვს:
[ავთანდილ იმნაძის ხმა] "ამ პარტიის თავმჯდომარე ბატონი ლევან ქიძინიძე დაუპირისპირდა ასლან აბაშიძეს. ასლან აბაშიძე დევნის მას. იგი ახლა საქართველოში არ იმყოფება და, როგორც პოლიტიკური დევნილი, არის გერმანიაში, ცხოვრობს გერმანიაში და იქიდან ხელმძღვანელობს, აი, ამ სუყველაფერს. ერთი სიტყვით, ასლან აბაშიძის ჩაწყობით და შევარდნაძის მხარდაჭერით, ის იდევნება და იდევნება მისი დაფუძნებული პარტია."(სტილი დაცულია)

იმნაძის თქმით, ქიძინიძის პარტიას, აჭარის ლიდერის გარდა, იუსტიციის სამინისტროც დევნის. ნათქვამს კატეგორიულად უარყოფენ როგორც ასლან აბაშიძის პოლიტიკური გუნდის წევრები, ასევე სამინისტროს წარმომადგენლები. "დემოკრატიული აღორძინების კავშირის" ერთ-ერთი ლიდერი, სანდრო ბრეგვაძე, ამასთან დაკავშირებით ამბობს:
[სანდრო ბრეგვაძის ხმა] "სერიოზულად ამ საკითხს რომ მივუდგე, ელემენტარულად ეს იქნება, ალბათ, რეკლამის გაკეთება ისევ და ისევ ქიძინიძისათვის. ეტყობა, იუსტიციის სამინისტროს გააჩნია საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ ერთი პიროვნების სიძულვილის გარშემო შექმნილი პარტია არ გაატაროს რეგისტრაციაში". (სტილი დაცულია)

გაცილებით არგუმენტირებულ პასუხს იძლევა იუსტიციის სამინისტროს რეგისტრაციის სამმართველოს უფროსი გიორგი გეგეჭკორი, რომლის თქმითაც, ამა თუ იმ პარტიის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებას ცხრა კაცისაგან შემდგარი კოლეგიური ორგანო ხმათა უმეტესობით იღებს:
[გიორგი გეგეჭკორის ხმა] "არა მგონია, ჩვენ რაღაცნაირად რომ ვაჭიანურებდეთ, ელემენტარულად სხვა საკითხებიც გვაქვს გასატანი და სხვა პარტიებიც. რამდენიმე სხვა ორგანიზაციაც გადის, ჩვეულებრივად, ორშაბათს ამ კომისიაზე და არანაირი გაჭიანურება არ არის. მიზეზი, რის გამოც აქამდე რეგისტრაციაში არ გავატარეთ, წესდებაში და წარმოდგენილ დოკუმენტებში არსებულ სამართლებრივი ხასიათის ხარვეზებს უკავშირდება."[სტილი დაცულია]

საინტერესოა, რამდენად მოსწონთ ამგვარი პასუხი ლევან ქიძინიძის მომხრეებსა და აქციის მონაწილეებს.
[აქციის მონაწილე ქალბატონის ხმა] "უკიდურეს ზომას მივიღებთ. კი არ ვიშიმშილებთ, უკიდურეს ზომას მივმართავთ: ავჭედავთ ორივე კარებს, ჩავკეტავთ დღესვე ყველას შიგნით."

როგორც ჩანს, საქართველოში ღია კარის მტვრევაც წინასაარჩევნო ბრძოლის შემადგენელ ნაწილად იქცა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG