Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა ცნობას იმის შესახებ, რომ გაეროს საერთაშორისო ექსპერტებმა ბირთვული შეიარაღებისათვის აუცილებელი კონპონენტის,

უხვად გამდიდრებული ურანის კვალი აღმოაჩინეს ირანში, მრავალმხრივი კომენტარით გამოეხმაურა მსოფლიო პრესა. როგორც ქალაქ მიუნხენში გამომავალი გაზეთი "ზიუდდოიჩე ცაიტუნგი" აღნიშნავს, სულ უფრო მზარდი საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად რუსეთი განაგრძობს ბირთვულ სფეროში ირანთან თანამშრომლობას. სარედაქციო სტატიაში გაზეთი განაგრძობს:

"მართალია, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტებმა ბირთვული შეიარაღებისათვის საჭირო უხვად გამდიდრებული ურანის კვალი ნახეს თეირანის სამხრეთით მდებარე ნათანზის გამამდირებელ ქარხანაში, და მაინც, რუსეთის ატომური ენერგეტიკის სამინისტრო ვერ ხედავს იმის საფუძველს, რომ შეწყვიტოს ირანთან ბირთვულ სფეროში თანამშრომლობა - უთხრა რეიტერის სააგენტოს ხსენებული სამინისტროს თანამშრომელმა, რომელმაც არ მოისურვა თავისი ვინაობის გამჟღავნება. მისივე თქმით, თეირანთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იქნეს გადასინჯული, თუ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელთ ექნება იმის უტყუარი სამხილი, რომ ირანის ბირთვული პროგრამა შეიარაღების მიზნებს ემსახურება."

ამავე საკითხს აშუქებს გაზეთი "უოლ სტრიტ ჯორნალიც როცა წერს, რომ ირანმა აღიარა ის ფაქტი, რომ ნათანზის ქარხანაში ექსპერტებმა უხვად გამდიდრებული ურანის კვალი ნახეს, მაგრამ თეირანი იმით იმართლებს თავს, რომ კვალი თურმე აღმოაჩინეს იმპორტირებულ დანადგარზე, რომლის დაბინძურება ირანში ჩატანამდე, სხვა ქვეყანაში მომხდარა. სარედაქციო სტატიაში ვკითხულობთ:

"ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ თითქოს ირწმუნა თეირანის ეს ვერსია. თუმცა ყველაფერი, რაც ჩვენთვისაა ცნობილი ირანის ბირთვული ამბიციების შესახებ, უნებლიედ მიანიშნებს იმაზე, რომ თეირანი არ ამბობს სიმართლეს თავისი ბირთვული პოტენციალისა და ზრახვების შესახებ. მთავარი ამჯერად ისაა, მიიღებს თუ არა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო სექტემბერში რეზოლუციას იმის შესახებ, რომ ირანმა ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულება დაარღვია, რაც თავის მხრივ, გაეროს უშიშროების საბჭოს უნდა ეცნობობს. ვიდრე არ დადასტურდება, რომ უხვად გამდიდრებული ურანი, რომლის კვალი ნათანზის ქარხანაში ნახეს ექსპერტებმა, არა ირანში, არამედ საზღვარგარეთ იქნა მიღებული, რაც ვეებერთელა კითხვის ნიშნის ქვეშაა, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების დარღვევაში უნდა დაადანაშაულოს ირანი და ეს საკითხი გაეროს უშიშროების საბჭომ უნდა განიხილოს. წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა ურჩი ქვეყნები, რომელთაგან არცერთი არ წარმოადგენს სტაბილურ დემოკრატიას, თეირანისა და ფხენიანის მაგალითს მიბაძავენ".

გაზეთ "ველტის" მიმომხილველის, დიტრიხ ალექსანდერის აზრით, ატომური იარაღისათვის საჭირო კომპონენტებს ირანი მსოფლიო ბაზარზე ყიდულობს. ალექსანდერი გამოთქვამს ვარაუდს, რომ სარაკეტო ტექნოლოგია ჩრდილოეთი კორეისგან, ხოლო ბირთვული შეიარაღებისათვის საჭირო კომპონენტები პაკისტანისგან შეისყიდა ირანმა. გერმანელი ჟურნალისტი განაგრძობს:

"საგანგაშო ისაა, რომ ყოველივე ამაზე გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო თვალს ხუჭავს. გასაგებია, რომ ირანი ცდილობს ბირთვული იარაღის შეძენას, რათა არავინ გაბედოს მასზე თავდასხმა. მეორეს მხრივ, ვინაიდან თეირანი ტერორისტებთანაა მჭიდრო კავშირში, სრულიად გაუთვალისწინებელ და სახიფათო შედეგებს უნდა მოველოდეთ, თუკი ირანი ბირთვული იარაღით აღიჭურვება."

კარნეგის ფონდის მოსკოვის განყოფილების თანაშრომელს ლილია შევცოვას მიაჩნია, რომ კრემლის თავდასხმამ ნავთობის უმსხვილეს კომპანია იუკოსსა და მის მფლობელ მიხაილ ხოდორკოვსკიზე ცხადყო, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, კრემლში ოთხწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, ჯერაც ვერ შესძლო ძალაუფლების კონსოლიდაცია. სტატიაში, რომელიც ინგლისურენოვანმა გაზეთმა "მოსკოუ ნიუსმა" გამოქვეყნა, ლილია შევცოვა წერს:

"პუტინმა ვერ შესძლო რუსეთში ურთიერთსაწინააღმდეგო პრინციპებზე, ანტაგონისტურ ელიტებსა და განუწყვეტელ დაპირისპირებაზე დაფუძნებული სისტების დაშლა. ყველაზე მწვავე პაექრობაა ორ გვლენიან ელიტას: ბიზნესსა და ბიუროკრატიას შორის. ხოლო ამ ბოლო დროს გაჩაღებულმა კამპანიამ იუკოსისა და მისი პარტნიორის, სიბნეფტის წინააღმდეგ დაგვანახა, რომ ოლიგარქიას არ ძალუძს საკუთარი პოზიციის დაცვა, და რომ კვლავაც ბიუროკრატია დომინირებს, როგორც ეს საუკუნეების მანძილზე ხდებოდა, რუსეთში. იუკოსი იმიტომ ამოიღო კრემლმა მიზანში, რომ ეს იყო პირველი კომპანია რუსეთში, რომელმაც არა ბიუროკრატიულ აპარატთან უწყინარი ურთიერთობით, არამედ გამჭვირვალებისა და სამართლებრივი გზით სცადა მოეპოვებინა ლეგიტიმური კომპანიის სტატუსი. ამით იუკოსმა გამოწვევა გამოუცხადა ფაქტობრივად ბიუროკრატიას, რასაც საპასუხო რეაქცია მოჰყვა მყისვე".
XS
SM
MD
LG