Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეხვედრა ჩრდილოეთი კორეის ბირთვული პროგრამის თაობაზე


პეკინში დასრულდა ჩრდილოეთი კორეის ბირთვული პროგრამის თაობაზე შეხვედრა.

ექვსი ქვეყნის დელეგატები სამდღიანი შეხვედრის შემდეგ შეთანხმდნენ, რომ კვლავ შეხვდებიან ორ თვეში. როგორც მოსალოდნელი იყო, რაიმე სერიოზული გარდატეხა არ მომხდარა. მაგრამ, თუკი გავითვალისწინებთ, რომ შეხვედრისგან არც ელოდნენ დიდ სიურპრიზებს, წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს უკვე მისი გამართვის ფაქტი.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ რუსეთი, ჩინეთი, იაპონია, სამხრეთი კორეა, შეერთებული შტატები და ჩრდილოეთი კორეა. პეკინში შეხვედრისკენ მათ უბიძგა უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში ფხენიანის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა იმის თაობაზე, რომ მან განაახლა ბირთვული პროგრამა. ამასთან დაკავშირებით წარმოიშვა ეჭვი, რომ ჩრდილოეთ კორეას ერთი ან ორი ატომური ბომბი უკვე შეიძლება მოეპოვებოდეს. მიმდინარე კვირის შეხვედრას წინ უსწრებდა სამმხრივი მოლაპარაკებები ჩრდილოეთ კორეას, ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის, რომელიც აპრილში გაიმართა პეკინში.

პარასკევს, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვან იმ გამოაცხადა, რომ ექვსმა მხარემ კონსენსუსს მიაღწია. მისი თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, ბირთვული პროგრამის საკითხი მშვიდობიანად მოაგვარონ, ისინი შეთანხმდნენ არ მოახდინონ დაძაბულობის ესკალაცია და მალე კვლავ გამართონ შეხვედრა.

[ვან ის ხმა] "ყველა მხარე შეთანხმდა, რომ ექვსმხრივი მოლაპარაკებები გაგრძელდეს და რომ ისინი დიპლომატიური არხებით დააზუსტებენ შემდეგი რაუნდის გამართვის ვადებს."

საგულისხმოა, რომ მხარეები შეთანხმდნენ აგრეთვე, რომ ისინი ითანამშრომლებენ იმისთვის, რათა კორეის ნახევარკუნძული ბირთვული იარაღისგან თავისუფალი იყოს და, ამავე დროს, გათვალისწინებულ იქნეს კორეის ნახევარკუნძულის უსაფრთხოების მოთხოვნილებები. ეს უკანასკნელი ფორმულირება, როგორც მიმომხილველები მიუთითებებენ, იქითაა მიმართული, რომ ნაწილობრივ მაინც დააკმაყოფილოს ჩრდილოეთი კორეის მოთხოვნები. თუმცა შეერთებულ შტატებსა და ჩრდილოეთ კორეას შორის თავდაუსხმელობის პაქტამდე საქმე არ მისულა.

პეკინში გამართული შეხვედრის თაობაზე აზრი ვკითხეთ ჰამბურგის უნივერსიტეტის ექსპერტს აზიის საკითხებში პატრიკ კიოლნერს:

[კიოლნერის ხმა] "სინამდვილეში ეს შეხვედრაა. ეს არ არის მოლაპარაკებები. მისი მიზანი იყო საფუძვლის ჩაყრა მომავალი მოლაპარაკებებისთვის, რომელზეც, იმედია, განხილულ იქნება ბირთვული შეიარაღების საკითხების თაობაზე ერთგვარი ეტაპობრივი გეგმა; მასში უნდა იყოს შეერთებული შტატებისა და ჩრდილოეთი კორეის მხრიდან დათმობები და მოლაპარაკებებში მონაწილე სხვა სახელმწიფოების დამატებითი ზომები."

მიმოხმილველები ერთსულოვანნი არიან იმის თაობაზე, რომ მას მერე, რაც შეხვედრათა რაუნდები მოლაპარაკებებში გადაიზრდება, ორივე ძირითადმა მხარემ - ვაშინგტონმა და ფხენიანმა - გარკვეული დათმობები უნდა გააკეთოს.

პეკინში დასრულებული შეხვედრის შემდეგ ჩრდილოეთმა კორეამ გააკეთა მკაცრი განცხადება, რომელშიც შეერთებულ შტატებს ბრალი დასდო ფხენიანის წინადადებების უგულებელყოფაში. მაგრამ, ამავე დროს, განცხადება შეიცავს მინიშნებასაც იმის თაობაზე, რომ ჩრდილოეთი კორეა მზად არის, წავიდეს კომპრომისებზე.
XS
SM
MD
LG