Accessibility links

მრავალშვილიანი დედების საპროტესტო აქცია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის წინააღმდეგ


ზუგდიდსა და გორში, პენსიების გაცემის მოთხოვნით, ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებული პენსიონერთა საპროტესტო აქციები გაიმართა. თუ ამ სოციალური პრობლემატიკის აქტუალიზებით

სააკაშვილის პოლიტიკური პარტია საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო დივიდენდების მოპოვებას ცდილობს, თბილისში მას დაახლოებით იმავე ხასიათის სოციალური პრობლემები მნიშვნელოვან სირთულეებს უქმნის. 29 აგვისტოს თბილისის საკრებულოს წინ 150-მდე მრავალშვილიანი დედა შეიკრიბა და საკრებულოს თავმჯდომარისგან ფულადი დახმარების გაცემა მოითხოვა.

[აქციის მონაწილის ხმა] "სასკოლო პერიოდია ეხლა და მოვითხოვთ, რომ რაღაც თანხა მოგვცეს, რომ ჩვენს ბავშვებს რაღაცა ვუყიდოთ და სკოლებში მივიყვანოთ. თითო ბავშვზე 100-100 ლარს ვითხოვთ. ნუთუ ეხლა მაგას თავისი შვილი კაფეში რომ შეყავს, 16 ლარი და 15 ლარი იქ უჯდება მისი შეყვანა და ჩვენ 16 თეთრით დღეში შევინახოთ ჩვენი ბავშვები? დაპირება სააკაშვილისგან არასდროს არ ყოფილა, იმიტომ რომ იმან მოგვცა 5 ლარი და ეს იკმარეთო. ნუთუ, ხალხო, ამოიღეთ ენა, გყოფნით ეს ფული ბავშვებისთვის?"[სტილი დაცულია]

ასე ემოციურად მოითხოვდნენ თბილისის საკრებულოს წინ, თავისუფლების მოედანზე, შეკრებილი მრავალშვილიანი დედები 100 ლარიან ერთჯერად დახმარებას და ყოველთვიური 5 ლარიანი შემწეობის 15 ლარამდე გაზრდას. აქციის მონაწილენი ამტკიცებდნენ, რომ თბილისის ბიუჯეტში მრავალშვილიანთა დახმარებისთვის გათვალისწინებული 150 ათასი ლარი მიხეილ სააკაშვილმა საპირველსექტემბროდ პირველკლასელებისთვის ჩანთების, რვეულებისა და ფანქრების შესაძენად გამოიყენა.

[აქციის მონაწილის ხმა] "100 ლარი მოგვცა საქალაქო სამსახურმა შარშან პირველ სექტემბერს სასკოლო დახმარება მრავალშვილიანებზე. იმიტომ რომ პიკეტი გავაკეთეთ, მთელი გზა ჩავკეტეთ. მანამდე ყველა უარს ამბობდა, როგორც დღეს. ...საკრებულო მოსასპობია... საკრებულო არ იყო და ბავშვები ნაჭამი იყო. 16 თეთრით ჩამოვიდეს ჩვენთან და ვნახოთ მერე, რას შეჭამს."[სტილი დაცულია]

29 აგვისტოს თბილისის საკრებულოს წინ შეკრებილმა მრავალშვილიანმა დედებმა, შარშანდელის მსგავსად, ქუჩის პიკეტირებაც სცადეს. თავისუფლების მოედნის ნაწილის დაახლოებით 20 წუთიანი გადაკეტვის მიუხედავად, მათთან შესახვედრად არც საკრებულოდან და არც მერიიდან არავინ მისულა. მით უმეტეს, მათთვის 100 ლარიანი დახმარების პირობაც არავის მიუცია.
თბილისის მთავრობის ვიცე-პრემიერმა, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა კახა შენგელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მრავალშვილიან დედებს ერთჯერადი დახმარება უკვე მიღებული აქვთ.

[კახა შენგელიას ხმა] "ესენი არიან, ასე ვთქვათ, პოლიტიკურად წარმართული ხალხი, რომლებსაც აქვთ უკვე პოლიტიკური მიზნები, მიზანი პოლიტიკური და ძალიან ბევრი პარტია უდგას ამას სათავეში დღეს."[სტილი დაცულია]

თუმცა თავად ნაციონალური მოძრაობა საკუთარი ინიციატივით მოწყობილი სოციალური აქციების პოლიტიკურ სარჩულს ყოველთვის უარყოფს და ყურადღებას მხოლოდ სოციალური პრობლემების დაძლევის კეთილშობილურ მიზანზე ამახვილებს ხოლმე. მრავალშვილიან დედათა აქცია აღორძინების ფონდის მიერ იყო ორგანიზებული. ეს ორგანიზაცია ასლან აბაშიძის პარტიის აღორძინების კავშირის თანამოაზრე და თანამებრძოლია, თუმცა მრავალშვილიან დედებს არც კი უკითხავთ საპროტესტო აქციის ორგანიზატორის ვინაობა. მათთვის მთავარი ელემენტარული სოციალური პრობლემების მოგვარებაა და არა ის პოლიტიკური ინტერესი, რასაც პოლიტიკური პარტიები ამა თუ იმ პრობლემის გადაწყვეტაში ჩააქსოვენ ხოლმე.
XS
SM
MD
LG