Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა არალეგალურ იმიგრაციას გამოუცხადა ბრძოლა


ანდრო ეული, პრაღა ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ბრძოლა გააძლიერეს არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ.

კავშირის ამჟამინდელი თავმჯდომარე იტალია იმედოვნებს, რომ უახლოეს თვეებში დადება შეთანხმება ახალი უწყებების შექმნის შესახებ, რომლებიც ერთიანი პოლიტიკით იხელმძღვანელებენ საერთო საზღვრის კონტროლირების, ახალი სავიზო და საპასპორტო რეჟიმისა და არალეგალური იმიგრანტების გაძევების საკითხებში.
იმიგრაცია რომ ნომერ პირველი პრობლემაა იტალიისთვის სულაც არ უნდა იყოს გასაკვირი; ზღვაში შეჭრილი იტალია მეზობელ ესპანეთთან ერთად ხომ თავისებური ჭიშკარი გახდა ათასობით არალეგალური იმიგრანტისთვის, ვინც ხმელთაშუა ზღვიდან ჩადის ევროკავშირში.

იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრს ჯუზეპე პისანუს ინტენსიური მოლაპარაკება ჰქონდა ამ ბოლო დროს თავის ევროპელ კოლეგებთან ერთიანი სააგენტოს შექმნის შესახებ, რომელსაც ევროკავშირის საერთო საზღვრის გაკონტროლება დაევალება.

ყველაზე მნიშვნელოვანი ამ კონტექსტში იყო პისანუს მოლაპარაება მის გერმანელ კოლეგა ოტო შილისთან. ამ შეხვედრაზე გაირკვა, რომ გერმანიამ, ეჭვის თვალით რომ უყურებდა იმთავითვე იმიგრაციის საკითხებში ერთიანი პოლიტიკის შემუშავებას, რადიკალურად შეცვალა პოზიცია. მინისტრები ფუნქციების განაწილებაზეც შეთანხმდნენ ერთობლივი ძალისხმევის კოორდინირებისას - გერმანია სახმელეთო საზღვრების კონტროლირებას უხელმძღვანელებს, ხოლო იტალიას აეროპორტების ზედამხედველობა დაევალება.

გაუკეთა რა კომენტარი იტალიის ინიციატივას, ევროკომისიის წარმომადგენელმა პიეტრო პეტროლუჩიმ, ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის, რასაც იტალია ესწრაფვის, სახელდობრ სრულიად ევროპის საზღვრის მაკონტროლებელი უწყების დაარსება და ერთიანი საიმიგრაციო პოლიტიკის შემუშავება, ევროკომისიის პერსპექტიულ მიზანს ემსახურება [პიეტრო პეტროლუჩის ხმა]: "ის, რაც დაიწერა, ნაწილობრივ უკვე სრულდება. კომისიამ წამოაყენა, ხოლო ივნისში, ევროკავშირის სამიტმა თესალონიკეში მოიწონა საზღვრის კონტროლირების საკოორდინაციო ცენტრების შექმნის წინადადება, ამგვარი ცენტრები კი უკვე არსებობს გერმანიასა და ესპანეთში. რაც შეეხება სახმელეთო საზღვრებს, გერმანიამ ამ მხრივ გარკვეული ლიდერის როლი იკისრა".

ბერლინში უკვე ფუნქციონირებს ევროკავშირის სახმელეთო საზღვრების კონტროლირების სპეციალური საკოორდინაციო ცენტრი, რომელმაც ერთობლივი საწვრთნელი მეცადინეობა მოაწყო ამას წინათ პოლონეთში ბრიტანელი, ბელგიელი და გერმანელი მესაზღვრეების მონაწილეობით.

ესპანეთმა, რომელსაც საბერძნეთთან ერთად ევროკავშირის საზღვაო საზღვრების კონტროლირება აბვს დავალებული, ორი საწვრთნელი მეცადინეობა მოაწყო ხმელთაშუა ზღვაში.

ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელმაც არ მოისურვა თავისი ვინაობის გამჟღავნება, ჩვენი რადიოს კორესპონდენტს უთხრა, რომ ევროკავშირის ერთობლივი ძალისხმევა საზღვრების კონტროლირებისა და იმიგრაციის სფეროებში კვლავაც საკამათო საკითხად რჩება, ვინაიდან კავშირის ცალკეულ წევრებს არ სურთ თავიანთი სუვერენული უფლებების დათმობა.

მოუგვარებელი რჩება ყოველივე ამის ფონზე ერთი, და არც თუ უმნიშვნელო საკითხი, დაფინანსება. იტალია, ესპანეთი და საბერძნეთი ევროკავშირის ბიუჯეტიდან მოელიან სახსრების მიღებას თავიანთი კოორდინირებული ძალისხმევისა და ეროვნული პოლიციური ძალების მომზადების დასაფინანსებლად. გერმანია, რომელსაც ყველაზე დიდი თანხა შეაქვს ევროკავშირის ბიუჯეტში, იტალიის, ესპანეთისა და საბერძნეთისთვის სახსრების გამოყოფის წინააღმდეგია.

საზღვრების კონტროლირების პარალელურად იტალია ჩქარობს საერთო განაწესის მიღებას ევროკავშირიდან არალელგალური იმიგრანტების გასაძევებლად. ამის თაობაზე ჯერ კიდევ ივლისის დასაწყისში წამოყენებულ წინადადებას მძაფრი კრიტიკა მოჰყვა ადამიანის უფლებათა მოძრაობის აქტივისტთა მხრიდან.

არალეგალური იმიგრაციის აღკვეთის მიზნით იტალიას მიზანშეწონილად მიაჩნია ევროკავშირის მასშტაბით ერთიანი "შენგენის ვიზის" შემოღება. შეგახსენებთ, რომ შენგენის შეთანხმებით, რომელშიც ევროკავშირის ყველა წევრია გაერთიანებული ბრიტანეთისა და ირლანდიის გარდა, შეთანხმების ხელმომწერ ქვეყნებში მოგზაურობისას შიდა საზღვრები და პასპორტების შემოწმება გაუქმებულია.
იტალია ჩქარობს ევროკავშირის მასშტაბით შენგენის ვიზებთან დაკავშირებული საინფორმაციო უწყების შექმნას, და მიზანშეწონილად მიაჩნია ამასთანავე სავიზო დოკუმეტებში ხელის თითების ანაბეჭდთან ერთად ეგრედ წოდებული "ბიომეტრიული" მონაცემებიც იყოს ჩართული. ყველა ეს საკითხი ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრაზე იქნება დეტალურად განხილული იტალიაში 12-სა და 13 სექტემბერს.
XS
SM
MD
LG