Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რესპუბლიკის მოედანზე გამართული აღლუმი, შესაძლოა, ახალი სკანდალის მიზეზად იქცეს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 30 აგვისტოს თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, გამართული სამხედრო აღლუმი სკანდალს მაინც ვერ ასცდა: თუ ორი დღის წინ სკანდალი - ასევე 30 აგვისტოსთვის, ასევე რესპუბლიკის მოედანზე

- თბილისის საკრებულოს მიერ დაგეგმილ პირველკლასელებისთვის სახელმძღვანელოების გადაცემასთან იყო დაკავშირებული, ახლა სკანდალს აუცილებლად გამოიწვევს "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამის მესამე ფაზის დასრულებისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიალზე გაკეთებული განცხადებები.

[ ისმის სამხედრო მარში]
30 აგვისტოს რესპუბლიკის მოედანზე სამხედრო მარშის ხმა ისმოდა, ცაში სამხედრო ვერტმფრენები დაფრინავდნენ, მოედანზე ამერიკულ ფორმებში გამოწყობილი ჯარისკაცები და ოფიცრები მარშირებდნენ, აღლუმს უმაღლესი მთავარსარდალი - ქვეყნის პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი, ამერიკელი სამხედროები და ამერიკის ელჩი იბარებდნენ. 113-ე მსუბუქ ქვეითთა, იმავე შავნაბადას, ბატალიონის მიერ წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის მესამე ფაზის დასრულებამ ნამდვილად შთამბეჭდავად ჩაიარა. შთამბეჭდავი გახლდათ არა მხოლოდ თავად ბატალიონის კარგი მომზადება, არამედ ის განცხადებებიც, რომლებიც ამ საზეიმო აღლუმზე გაკეთდა. მაგალითად, ასეთი:
[ოფიცრის ხმა] " იგი დგას თქვენ წინაშე - ძლიერი, გაწვრთნილი და ბრძოლისუნარიანი. მაგრამ მთავარი ბრძოლა წინ გველის და ჩვენ მზად ვართ, ჩვენი სისხლით მოვბანოთ საქართველოს ის ჭრილობები, რომლებმაც დაანაწევრეს ჩვენი მამული. გპირდებით, რომ სანამ ყოველი ჩვენგანის მაჯისცემა არ შეწყდება, სანამ ერთი წვეთი სისხლი მაინც იქნება ჩვენს ძარღვებში, არავის მივცემთ საქართველოს დაჩოქების ნებას."
თუ საზეიმო ცერემონიალზე გამოსული ოფიცრის სიტყვა ზოგადი ხასიათის იყო, - ჯარისკაცს მართლაც ევალება სისხლის უკანაკნელ წვეთამდე მამულის დაცვა, - უფრო კონკრეტული აღმოჩნდა თავდაცვის მინისტრ დავით თევზაძის გამოსვლა. მან ყველას დაუკონკრეტა, თუ ვინ არიან საქართველოს მტრები:
[დავით თევზაძის ხმა] " მე მინდა გადმოგცეთ ის, რასაც ყველაზე საპატიო ნადავლი ჰქვია ჯარისკაცისთვის - მტრის დროშები, რომლებიც ამ "შავნაბადამ" თავისი საბრძოლო გზის მანძილზე აკრიფა."
ამ განცხადებების შემდეგ აუცილებლად გაკეთდება საპროტესტო განცხადებები როგორც სოხუმის, ისე ცხინვალის ხელისუფალთა მხრიდან, რომლებიც ჯერ კიდევ წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის დაწყების პირველივე დღეებიდან ამტკიცებდნენ, რომ ამერიკელი სამხედროები ქართველ ჯარისკაცებს აფხაზებისა და ოსების წინააღმდეგ საბრძოლველად ამზადებენ. სავარაუდოდ, ასევე საპროტესტო განცხადებას გააკეთებს ოფიციალური მოსკოვიც, რომელიც, როგორც იცით, აფხაზეთის კონფლიქტში შუამავლად გამოდის. საეჭვოა, მათ დამაკმაყოფილებლად მიიჩნიონ ამავე ღონისძიებაზე პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ საქართველო საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად მხოლოდ სამშვიდობო გზებს გამოიყენებს:
[ ედუარდ შევარდნაძის ხმა] " ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავივიწყოთ ის, რომ ჩვენ გვინდა მშვიდობიანი გზით დავიბრუნოთ აფხაზეთი, მშვიდობიანი გზით გადავწყვიტოთ ქართულ-ოსური კონფლიქტი, მაგრამ მით უფრო იქნება შანსი, მით უფრო დაჩქარდება მშვიდობიანი გზით ჩვენი ხალხების შერიგება, რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი შეიარაღებული ძალები."
XS
SM
MD
LG