Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარტიზანებისა და აფხაზეთიდან დევნილი ლეგიტიმური ხელისუფლების დაპირისპირებამ კულმინაციას მიაღწია


მეათე დღეა, რაც აფხაზეთიდან დევნილი ლეგიტიმური ხელისუფლების შენობის წინ აფხაზეთის ომის მონაწილე მეომრები შიმშილობის აქციას განაგრძობენ. თავდაპირველად აქციის მონაწილენი აფხაზეთის

მინისტრთა საბჭოს გადადგომას მოითხოვდნენ. ოდნავ მოგვიანებით მოშიმშილე მეომრებმა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნაც წამოაყენეს. 30 აგვისტოს მოშიმშილეებს 35-მდე პარტიზანი შეემატა, რასაც დევნილი ხელისუფლების მწვავე რეაქცია მოჰყვა.

29 აგვისტოს იმერეთის საგზაო პოლიციამ ზუგდიდან თბილისში მომავალი ავტობუსი დააკავა, რომელშიც პარტიზანული დაჯგუფება "ტყის ძმების" შავ ფორმაში გამოწყობილი 50-მდე წევრი იმყოფებოდა. მათი პირადი ნივთების გაჩხრეკის შემდეგ გაირკვა, რომ პარტიზანებს ცეცხლსასროლი იარაღი თან არ ჰქონდათ, თუმცა მათი ნაწილი პოლიციამ მაინც არ გაატარა.

[პარტიზანის ხმა] "თბილისში ბევრი არისო ხალხი და თქვენ ზედმეტი იქნებითო, ნუღა ჩახვალთო. თქვენი გზა თბილისში არ არისო, იქეთ არისო, აფხაზეთში ან ტყეში, და იქ დაჯექითო." [სტილი დაცულია]

პარტიზანების ნაწილმა - დაახლოებით 35-მა კაცმა - სხვადასხვა საშუალებებით თბილისამდე მაინც ჩამოაღწია და აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების შენობის წინ მიმდინარე შიმშილობის საპროტესტო აქციას შეუერთდა. "ტყის ძმების" ლიდერმა დათო შენგელიამ განაცხადა, რომ ისიც ეთანხმება აქციის მოთხოვნას თამაზ ნადარეიშვილის ხელისუფლების გადადგომის შესახებ.

[დათო შენგელიას ხმა] "პირადად ნადარეიშვილი და მისი გუნდი არ არის აფხაზეთში დამბრუნებელი. მათ დღეს რომ უთხრან, თქვენ უნდა დაბრუნდეთ აფხაზეთში, შედით და იცხოვრეთ იქო, ისინი დამბრუნებლები არ არიან მანდ. აქედან გამომდინარე, ყველაფერს შეეცდებიან, რომ დაბრუნება არ მოხდეს."

თავად შიმშილობის აქციის ორგანიზატორი, ასევე პარტიზანი, რუზგენ გოგოხია ნადარეიშვილის ხელისუფლებისგან აფხაზეთში დაბრუნების პრობლემის გადაწყვეტას არც კი მოითხოვს, რადგან ესმის, რომ ეს დევნილი ხელისუფლების ძალებს აღემატება.

მიუხედავად იმისა, რომ რუზგენ გოგოხიას და მის მომხრეებს მხოლოდ სოციალური მიზნები ამოძრავებთ, მათი პროტესტი პოლიტიკური ძალების დაკვეთით მოწყობილ აქციად მოინათლა. თავდაპირველად ლეგიტიმური ხელისუფლება რუზგენ გოგოხიას ზურგს უკან ცენტრალური ხელისუფლების აჩრდილს ხედავდა, შემდეგ კი საპროტესტო აქცია აჭარის ლიდერის ორგანიზებული ეგონათ, რადგან ღამით მოშიმშილეებთან მისული აღორძინების ბლოკის წევრი, ერთ-ერთი შეზარხოშებული პარლამენტარი შენიშნეს. 30 აგვისტოს კი თამაზ ნადარეიშვილმა გოგოხიას აქციის კიდევ უფრო გაძლიერება აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების ინტერესებს დაუკავშირა.

[ნადარეიშვილის ხმა] "შეიძლება აქ ნადარეიშვილი არ იყოს, შეიძლება ვინმე სხვა იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ის ერთადერთი სტრუქტურა, რომელიც ამდენ წინააღმდეგობას უწევს აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის განმტკიცებას, ეს არის ლეგიტიმური ხელისუფლება. ამიტომ ეს აფხაზებისთვის დიდი საჩუქარია და ჩვენ ნამდვილად ამას ვერ გავუკეთებთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ ეს დღეს 2-3 საათსში არ მოიშლება, აქ იქნება სერიოზული სროლები."

თამაზ ნადარეიშვილმა ჩემთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი გაფრთხილება დათო შენგელიას დაჯგუფების თბილისში გამოჩენით იყო გამოწვეული. დევნილი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, შენგელიას მომხრეებს იარაღი თბილისში წინასწარ ჰქონდათ შემოტანილი და მათთვის სირთულეს არ წარმოადგენდა იარაღის ხელში აღება სულ რამდენიმე წუთში. სწორედ ამან გააღიზიანა ნადარეიშვილის ასევე შეიარაღებული მომხრეები და რეალური შეიარაღებული შეტაკების საშიშროებაც გაჩნდა.

ამჯერად ეს საფრთხე თავიდან იქნა აცილებული, "ტყის ძმების" უკანდახევის წყალობით. თუმცა ასეთი დაპირისპირებების განმეორების შემთხვევაში წინასაარჩევნო პერიოდის დაძაბული ფონი შეიარაღებული შეტაკებისთვის ნოყიერი ნიადაგი იქნება.
XS
SM
MD
LG