Accessibility links

logo-print

"ცენტრალური საარჩევნო კომისია მასმედიის წინააღმდეგ", "ხელისუფლება თავისუფალ მასმედიაზე ბორკილების დადებას


თამარ ჩიქოვანი, თბილისი "ცენტრალური საარჩევნო კომისია მასმედიის წინააღმდეგ", "ხელისუფლება თავისუფალ მასმედიაზე ბორკილების დადებას ცდილობს", "პრესის წინასაარჩევნო პრესი" - ასე შეაფასა გასულ კვირას ქართულმა პრესამ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული დადგენილება "საარჩევნო პროცესში მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო და არასახელმწიფო საშუალებათა მონაწილეობისა და მათი გამოყენების შესახებ". 27 აგვისტოს "ახალი თაობის" განცხადებით, არჩევნებამდე 52 დღით ადრე ცსკ პრესას ავალდებულებს, წეროს მხოლოდ ჩიტებზე, პეპლებსა და შინაურ ცხოველებზე. მოკლედ, პოლიტიკური იმპოტენტები მასმედიის წინააღმდეგ ილაშქრებენ, - დაასკვნის "ახალი თაობა".
"რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ საკუთარი თავისთვის ნებაყოფლობით აეკრძალა იმ ბერკეტებით სარგებლობა, რაც მას უპირატესობას ანიჭებს კონკურენტებთან შედარებით? - კითხულობს 27 აგვისტოს "დილის გაზეთი", რომლის აზრითაც, ჩვენს ხელისუფლებაში რომ იდიოტები მრავლად არიან, არავინ დავობს, მაგრამ, მთლიანობაში, ალბათ, არც ისეთი რეგვენია ჩვენი ხელისუფლება, თავად აიფეთქოს თავი ან ყელი საკუთარი ხელით გამოიჭრას. "დილის გაზეთი" წერს:



" ხსენებული დადგენილებით, მასმედია - უპირველესად, ტელევიზია - მკაცრ ჩარჩოებში ექცევა. იგი ვალდებულია, არჩევნებამდე 45 დღით ადრე გამოაქვეყნოს სარეკლამო კამპანიის ნიხრები და ტარიფები, ანუ ის, თუ რა ეღირება ამა თუ იმ არხზე ამა თუ იმ დროს ერთი საეთერო წუთი ყველა მსურველისთვის.
ამ მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ სატელევიზიო არხი ვალდებულია, დაუყოვნებლივ დაუთმოს დრო ყველა პარტიას, ვინც მის სატარიფო მოთხოვნებს შეასრულებს. ესე იგი, უნდა გამოირიცხოს ვითარება, როდესაც "მდიდარი" პარტიები გადაინაწილებენ ეთერს, მაგრამ, ამავდროულად, ტელევიზიებს ეკრძალებათ ნებისმიერი პოლიტიკური აქტივობის გაშუქებაც - სარეკლამო ჩარჩოებს მიღმა. ესე იგი, დაახლოებით სექტემბრის შუა რიცხვებიდან 2 ნოემბრამდე საქართველოს მედიაში საერთოდ უნდა მოისპოს ის, რასაც ნიუსი ეწოდება.
საქართველოს ჩვეულ ლაღ და თავისუფალ მედია-სივრცეში ეს სასაფლაოს სიმშვიდის დამყარებას ნიშნავს. თუმცა, რასაკვირველია, ეს კანონქვემდებარე აქტი არ შესრულდება და, რომც გაატაროს რეგისტრაციაში იუსტიციის სამინისტრომ, ქაღალდზე დარჩება, რამდენიც არ უნდა იყვირონ მისმა ნამდვილმა ავტორებმა.
ერთი წუთით დავუშვათ, რომ ნამდვილი ავტორი მთლიანად იზიარებს ევროპის საბჭოს ცნობილ რეკომენდაციებს წინასაარჩევნო პერიოდში მასმედიის მუშაობის წესთა და პრინციპთა შესახებ.
ამგვარ შეზღუდვებში ევროპისათვის იქნებ არაფერი თვისებრივად ახალი არ არის. როგორც გვიმტკიცებენ, დადგენილება თითქმის სიტყვასიტყვით გადმოწერილია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ცნობილი კანონიდან, რომელიც ბუნდესტაგმა 1976 წელს მიიღო. კანონის მიზანი იყო არჩევნების პერიოდში "მდიდარი " და "ღარიბი" პარტიების გათანაბრება, მათთვის წინასაარჩევნოდ თანაბარი საწყისი პირობების უზრუნველყოფა. ამ ლოგიკით გამოდის, რომ არაფერი განსაკუთრებული ამ დრაკონულ, ანტილიბერალურ დადგენილებაში არ არის. ეს გზა თითქოს დიდი ხნის წინათ, 1976 წელს, განვლო დასავლეთმა, რომლის წარმომადგენლებს არ სურთ გაიგონ და შეიგნონ, რომ მათი "პოლიტკორექტულობა" და პედანტური სამართლიანობა არ შეესაბამება თანამედროვე საქართველოს არც საზოგადო მენტალიტეტს და არც რეგალიებს.



რა უფრო შეეფერება თანამედროვე საქართველოს მენტალიტეტს - ჰიმნი თუ შალახო - გასულ კვირას ვერ დადგინდა. 28 აგვისტოს გაზეთ "24 საათის" ცნობით, პარლამენტის უძლურების შემხედვარე პარლამენტარი ლევან თედიაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს ამაოდ მოუწოდებდა - "ან ჰიმნი დავუკრათ, ან შალახო და სხდომა დავხუროთო". გასულ კვირას პარლამენტმა ვერც ბიუჯეტის სეკვესტრის საკითხს დააყენა საშველი და ვერც სესია დახურა. 29 აგვისტოს გაზეთ "ახალი ვერსიის" ვარაუდით, ბოლო დღეების განმავლობაში პარლამენტში განვითარებული მოვლენები ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, რომ სეკვესტრის დამტკიცებით დაინტერესებული თავად მთვრობაც არ იყო. გაზეთი წერს:



" ბოლო სასესიო დღეს სახელმწიფო მინისტრის დემონსტრაციულმა საქციელმა დეპუტატების ნაწილს ეჭვი გაუჩინა, რომ მთავრობის სცენარით სეკვესტრის პროექტის დამტკიცება გათვალისწინებული არც ყოფილა. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შეკრება მას საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და რეგიონის შესახებ კანონის მისაღებად სჭირდებოდა, რასაც მიაღწია კიდეც.
"ბ" ვარიანტით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების გარღვევის კორექცია ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განხორციელდება და ბიუჯეტის ხარჯები 10 პროცენტით შემცირდება. ამასთან, სეკვესტრის პროექტისგან განსხვავებით, მთავრობას შემოსავლების გაზრდა აღარ მოეთხოვება. ამ გამარტივებული სცენარის შემხედვარე ექსპერტები ეჭვობენ, რომ გაცილებით ნაკლები ვალდებულებების გამო მთავრობისთვის "ბ" სცენარი უფრო ხელსაყრელი იყო და პარლამენტში "ა" ვარიანტის გატანა სწორედ მას არ აძლევდა ხელს. საგულისხმოა ისიც, რომ ქვეყნის "მხსნელი სცენარი" მთავრობას სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების განკარგვის სრულ პრეროგატივას ანიჭებს და ბიუჯეტის ხარჯების დაფინანსებაც მათ ნება-სურვილზე იქნება დამოკიდებული.
სესიის დემონსტრაციულად დატოვების შემდეგ გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე სახელმწიფო მინისტრმა მოულოდნელად განაცხადა, რომ ქვეყანას არც დეფოლტი და არც კრედიტორებთან ურთიერთობის განსაკუთრებული გართულება არ ემუქრება. ერთადერთი უსიამოვნება, რომელიც სეკვესტრის "ჩაგდების" გამო საქართველოს ელის, ყოფილა სავალუტო ფონდთან მოსალოდნელი სამთვიანი პაუზა, რომლის გასტუმრებისთანავე, დეკემბერში, მთავრობა ფონდთან მოლაპარაკებებს კვლავ განაახლებს."




"ჩვენს მთავრობას ხალხი და მისი პრობლემები არ აინტერესებს" - ასეთი სათაურით აქვეყნებს 27 აგვისტოს გაზეთი "რეზონანსი" ინტერვიუს პარლამენტის თავმჯდომარესთან. ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მისი თვითმიზანი არასდროს ოპოზიციონერობა არ ყოფილა, მაგრამ მშვიდად ვერ ადევნებს თვალყურს, როგორ ანგრევს ხელისუფლება ქვეყანას. ჟურნალისტის შენიშვნას, რომ პრეზიდენტმა ბიუჯეტის სეკვესტრის საკითხის მიუღებლობაზე პასუხისმგებლობა პარლამენტს და პირადად სპიკერატს დააკისრა, ნინო ბურჯანაძე უპასუხებს:



"პირადად მე და საზოგადეობაც უკვე შეეჩვია იმ ფაქტს, რომ მთავრობა ყველაფერს პარლამენტს აბრალებს. თუმცა, როცა ხელისუფლებას რაღაცის გატანა სურს, მაშინ კვორუმსაც კარგად აგროვებს და არც ამ საკითხის გატანა უჭირს. მხოლოდ ბოლო ფაქტს შეგახსენებთ, როდესაც ხელისუფლებამ ისეთი საარჩევნო კანონის გატანა მოახერხა, როგორიც სურდა. ამ დროს სახელისუფლებო ფრაქციების მოყვანაც შეძლო და დილის 5 საათამდე გაჩერებაც. ამჯერად ოპოზიცია მზად არის, რომ ბიუჯეტის სეკვესტრს მხარი დაუჭიროს, მაგრამ მთავრობის მიერ პასუხისმგებლობის აღების საფასურად. ჩვენს ხელისუფლებას კი პასუხისმგებლობის აღება არ სურს."



ვინ აიღებს პასუხისმგებლობას საარჩევნო კოდექსის იმ მუხლის დარღვევაზე, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნის ვადებს განსაზღვრავს, ჯერჯერობით უცნობია. 29 აგვისტოს გაზეთ "ახალი თაობის" ცნობით, საარჩევნო საკითხებში ჩახედული ექსპერტები აცხადებენ, რომ ყოველგვარი ვადა კომისიის თავმჯდომარის დანიშვნისთვის ამოწურულია. პრეზიდენტი ერთმნიშვნელოვან გადაწყვეტილებას უკვე ვეღარ მიიღებს, რადგან ადგილი ექნება საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას. "ახალი თაობის" ინფორმაციით:



კოდექსის თანახმად, ასევე ჰაერში დარჩება ცსკ-ის თავმჯდომარის მოადგილის პოსტი, რადგან სწორედ კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი წარადგენს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურას. პრეზიდენტს ამ შემთხვევაში გაუჭირდება კომისიის პირველი სხდომის მოწვევა. ვადები ცალსახად დარღვეულია. ახლად შეკრებილი კომისია შეძლებს მხოლოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივნის არჩევას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუ არ იქნება არჩეული ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ეს, თავის მხრივ, ხელს შეუშლის საოლქო კომისიების თავმჯდომარეთა დანიშვნის პროცესს. პარლამენტში სერიოზულად საუბრობენ იმაზე, რომ შექმნილია საკანონმდებლო ვაკუუმი. ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ სანამ საკანონმდებლო ორგანო ამოწურავს თავის უფლებამოსილებას, კიდევ ერთხელ გახდეს აუცილებელი პარლამენტის შეკრება და ახლად მიღებულ საარჩევნო კოდექსში ცსკ-ის თავმჯდომარის ვადების თავიდან განსაზღვრა.
მაინც, რატომ დაირღვა კოდექსით განსაზღვრული ვადები? ყოველივე განაპირობა საკითხისადმი ეუთოს ბიუროკრატიულმა დამოკიდებულებამ. შეიძლება ითქვას, რომ ეუთომ, საერთაშორისო სტრუქტურამ, სერიოზულად დააღალატა ოპოზიცია, რადგან ამით იცვლება განლაგება კომისიაში - 15 წევრიანი კომისია ხდება 14 წევრიანი, რაც ხელისუფლებას უფრო გაუადვილებს კომისიაში სრული კონტროლის განხორციელებას. პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიგი წერეთლის განცხადებით:



"შეიძლეაბ ითქვას, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ სკანდალთან, რაც უკავშირდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევას, რისი ვადაც უკვე ამოწურულია. პრაქტიკულად, დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისია 14 წევრით შემოიფარგლება და ამ შემთხვევაში ბალანსი კიდევ უფრო იზრდება ხელისუფლების სასარგებლოდ. ამიტომაც ეჭვის ქვეშ დგება ასეთ პირობებში დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.
XS
SM
MD
LG