Accessibility links

logo-print

მთავრობა ეკონომიკური პრობლემების გადაჭრას მოჩვენებითი ინსტიტუციონალური რეფორმით შეეცდება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლებამ თავისი საგაზაფხულო სესია ისე დაასრულა, არათუ ბიუჯეტის სეკვესტრის გახმაურებული კანონპროექტი ჩააგდო, არამედ სხვა მთელი რიგი მნიშვნელოვანი

ეკონომიკური ხასიათის საკანონმდებლო ინიციატივები დატოვა უყურადღებოდ. თუმცა მოახლოებული არჩევნებისათვის ტრადიციული პოლიტიკური დაძაბულობისა და გაუთავებელი ინტრიგების ფონზე, საქართველოს საკმაოდ ჭრელი პარლამენტისაგან თავისი უშუალო მოვალეობის შესრულების, ანუ კანონშემოქმედებითი მუშაობის პროდუქტიულობის, იმედი, ფაქტობრივად, არც არავის ჰქონდა.

თუმცა ის, რომ პარლამენტარებმა საკუთარ პოლიტიკურ თუ პირად ინტერესს ქვეყნის ბიუჯეტი და ეკონომიკური კანონმდებლობა გადააყოლეს, ნამდვილად არ არის შეღავათი არც მოსახლეობისათვის, რომელიც დაიღალა უუნარო მთავრობის დაპირებებით, და არც თავად ქვეყნისათვის, რომელიც, ხელისუფლების უპასუხისმგებლო პოლიტიკის წყალობით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან პროგრამების შეწყვეტის და, როგორც შედეგი, დეფოლტის რეალური საშიშროების წინაშე აღმოჩნდა.

გამწვავებული პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე ხელისუფლება აქცენტს, ალბათ, ტრადიციულად, ეკონომიკური ბრობლემებიდან წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაზე გადაიტანს. არადა, ამ სფეროში შექმნილი მდგომარეობა, მიჩუმათების ნაცვლად, სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს. საქართველოს ეკონომიკა უკვე გამოვიდა იმ სტადიიდან, როდესაც "პირველადი სამედიცინო დახმარება" მისი რეანიმირებისათვის სავსებით საკმარისი გახდებოდა და დღეს პრევენციული ზომები ნაკლებად ეფექტური საშუალებაა. ხელისუფლებას ვერც სავალუტო ფონდის "ულტიმატუმმა" უშველა, ვერც რეკომენდაციების შესრულების ვადების გადატანამ და ვერც დეფოლტის აჩრდილმა, რომელიც სულ უფრო მეტად რეალურ პერსპექტივად გვექცა.

უმაღლესი ხელისუფლება ეკონომიკური პრობლემების მკურნალობას ტრადიციული თათბირებით, კომისიების შექმნით და ზოგადი დეკლარაციებით აპირებს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში ათეულობით კომისია თუ ჯგუფი შეიქმნა და თანაც სხვადასხვა დონეზე და უწყებაში, რამაც კონტრაბანდის შემცირებას და ადმინისტრირების ზრდას უნდა შეუწყოს ხელი, რეალური შედეგი მაინც არ ჩანს და გასულ კვირას გამართულ შეკრებებზეც ხელისუფლების მაღალი ჩინები "ანტიკონტრაბანდულ საღვთო ომში" მხოლოდ ზოგადი განცხადებების ამარა რჩებოდნენ.

თითქმის ყველგან - მთავრობის სხდომაზე, საკანცელარიო თათბირებსა თუ წარმომადგენლობით შეკრებებზე - ყველა ჩივის კორუფციის მაღალ დონესა და კონტრაბანდის მოძალებაზე. გულაღტკინებული ჩინოვნიკები პერიოდულად იმუქრებიან, რომ ბობოლა კონტრაბანდისტებს გამოავლენენ და მათ კონკრეტულ მფარველებსაც ღიად დაასახელებენ. ამისათვის სამიზნედ სხვადასხვა პერიოდში ბაზრის სხვადასხვა სეგმენტის ამოჩემება კარგად ჩამოყალიბებულ ტრადიციად იქცა. თანაც, ამ მიმართულებით, ერთი შეხედვით, ხმაურიან აქციებსაც მივეჩვიეთ, მაგალითად, ერთი კვირის განმავლობაში ბენზინგასამართი სადგურების რიგია, მეორე კვირა თამბაქოს დისტრიბუციას უკავია, მესამე კვირას ფქვილის ბიზნესსაც შეიძლება მიხედონ. თუმცა ყველა ეს აქცია, ძირითადად, წვრილი რეალიზატორების დაწიოკებით მთავრდება და კონტრაბანდასთან ბრძოლის ბაირაღით ფართოდაც შუქდება მედიაში. რეალურად კი ბიუჯეტს ამით თითქმის არანაირი შეღავათი არ უგრძვნია და "ჩრდილოვანი ეკონომიკის გენერლებსაც" თმის ღერიც არ შეტოკებიათ თავზე.

გასულ კვირას გამოიკვეთა კიდევ ერთი საინტერესო თემა, რომელიც ვითომდა მორიგ სტრუქტურულ რეფორმას უკავშირდება და რომელიც წინასაარჩევნო ინტრიგების გამო, ფაქტობრივად, ჩაიკარგა. საქმე ეხება პრეზიდენტის მიერ საგადასახადო და საბაჟო სამსახურების ფინანსთა სამინისტროს წიაღიდან მორიგი გამოსვლისა და დამოუკიდებლად ფუნქციონირების საკითხს. ამ ექსპერიმენტის მიზეზად ფინანსთა სამინისტროს უმართავ მონსტრად ჩამოყალიბება დასახელდა და შევარდნაძემ ამით, ფაქტობრივად, ფინანსთა მინისტრი დაიცვა. ცოტა მოგვიანებით სახელმწიფო მინისტრმა შევარდნაძის მორიგი ინიციატივა დააკონკრეტა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საგადასახადოს და საბაჟოს დამოუკიდებელ ფუნქციონირებაზე ჯერ არ მიდის საუბარი, უბრალოდ, იგულისხმება ამ დეპარტამენტებისათვის ავტონომიური უფლებების გაზრდა, რათა მათ სრულად შეძლონ დაკისრებული ფუნქციების შესრულება. მიუხედავად ჯორბენაძის ამ განცხადებისა, კანცელარიაში ჯერ კიდევ განიხილავენ პრეზიდენტის ინიციატივას და არავის გაუკვირდება, თუ საგადასახადო და საბაჟო სამსახურებს მორიგი რეფორმის ტალღა გადაუვლის.

საქართველოს ფისკალურ სტრუქტურებს იმთავითვე საინტერესო სტრუქტურული პერეტრუბაციები დასჩემდა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საგადასახადო და საბაჟო ხან ცალკე სამინისტროდ, ხან ფინანსთა სამინისტროს, ხან სპეციალურად შექმნილი საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ქვესტრუქტურად გარდაისახებოდა ხოლმე. ფისკალური პინგ-პონგი, უმეტესწილად, პოლიტიკური მოტივაციით თამაშდებოდა. საინტერესოა, რომ ამ ინსტიტუციონალურმა ექსპერიმენტებმა ვერც საგადასახადო შემოსავლების მობილიზების დონე გაზარდა და ვერც კორუფციის დონე შეამცირა ამ სტრუქტურებში. სამაგიეროდ, ხელისუფლებას ყოველთვის რჩება საშუალება თავისი უუნარობა და უპასუხისმგებლობა ამ სამსახურების რომელიმე უწყებასთან კავშირს ან დამოუკიდებელ არსებობას გადააბრალოს და მორიგი ექსპერიმენტი განახორციელოს. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ამ პროცესებს, ისევე როგორც ყველა წინა სტრუქტურულ რეფორმას, ეკონომიკასთან კავშირი არა აქვს. უბრალოდ, მთავრობა ცალკეული პერსონალიების მოშორება-შენარჩუნებას ჩვეული თამაშის წესებით განაგრძობს.

"საკადრო საკითხების ხარჯზე ინსტიტუციონალურად მცდარ ნაბიჯებს დგამენ. იმის გამო, რომ ფინანსთა მინისტრი არ ვარგა, ეს ქვეყანა ისევ არ უნდა აწეწონ და საბაჟო და საგადასახადო დეპარტამენტები ფინანსთა სამინისტროსაგან გამოაცალკევონ. ეს მხოლოდ ამჟამინდელი მინისტრის გადარჩენის მიზნით კეთდება. 1998 წელსაც მსგავსი ცვლილებები მაშინდელი ფინანსთა მინისტრის გადარჩენის მიზნით განხორციელდა, თუმცა ეს მაინც ვერ მოახერხეს, 4 წელი კი საგადასახადო და საბაჟო ჰაერში იყო გამოკიდებული - მას ხან სახელმწიფო მინისტრის მოადგილე კურირებდა, ხან თვითონ მინისტრი. შემდეგ შეიქმნა საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო. ყველა ეს მოდელი მცდარია. 2002 წელს კი ეს სტრუქტურები ისევ ფინანსთა სამინისტროს შეუერთდა, რადგან ნოღაიდელი და ძნელაძე იყვნენ მოსაშორებელი ", -ამგვარ შეფასებას აძლევს ახალ ინიციატივას პროფესორი ვლადიმერ პაპავა, რომელსაც მიაჩნია, რომ ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, წმინდა ეკონომიკური მოსაზრებების გამო, საბაჟო და საგადასახადო უწყებები ფინანსთა სამინისტროს ქვესტრუქტურა უნდა იყოს.

შესაძლოა, ბატონ პაპავას პოზიცია საკამათო იყოს, მაგრამ ძნელია არ გაიზიარო ის მოსაზრება, რომლის თანახმადაც პოლიტიკური კონიუნქტურის და კარის ინტრიგების ყოველი ცვლილებისას ხელისუფლება მოჩვენებითი ინსტიტუციონალური რეფორმით აპირებს დროებით ფონს გასვლას, რითაც ფისკალური მდგომარეობის გამოსწორებას ვერანაირად ვერ ახერხებს და მხოლოდ ვიწრო ინტერესს იკმაყოფილებს.
XS
SM
MD
LG