Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: დავით კაკაბაძე, პრაღა 502-ე გამოშვება

დავით კაკაბაძე:
გადაცემის მეორე ნაწილში შემოგთავაზებთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიას". დღევანდელ, 502-ე გამოშვებაში ვეცდებით გავარკვიოთ, როდის იქცევა რეალობად ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა; შემდეგ თვალს გადავავლებთ ძველ გაზეთებს და აღმოვაჩენთ, რომ 1991 წლის პრესა იმავე პრობლემებზე წერდა, რომლებიც საქართველოში 2003 წელსაც აქტუალურია; ვიმსჯელებთ საკითხზე, რომელიც საგამომცემლო ბაზარზე ლეგალური და უკანონო პროდუქციის არსებობას უკავშირდება; შემოგთავაზებთ მასალას ცნობილ გერმანელ დირიჟორზე ვოლფგანგ ზავალიშზე, რომელიც ამ დღეებში 80 წლის იუბილეს ზეიმობს; დაბოლოს მოგასმენინებთ "საინტერესო ამბების კალეიდოსკოპს". "მეათე სტუდიას" პრაღიდან უძღვება დავით კაკაბაძე.

[მუსიკა]

როდის გაწევრიანდება ნატოში საქართველო? ინტერვიუ ნატოში საქართველოს მისიის ხელმძღავნელის მოადგილესთან, დავით სიხარულიძესთან.

დავით კაკაბაძე:
პერმანენტული საბიუჯეტი პრობლემების გამო, საქართველოს გაწევრიანება ნატოში და ამასთან დაკავშირებული ვალდებულები თითქოს დავიწყებას მიეცა. მაგრამ საქართველოს ხელისუფლების მტკიცებით, საქმე გვაქვს ერთგვარ დაგეგმილ პაუზასთან, რათა ყველა სამინისტრომ საბოლოოდ განსაზღვროს საკუთარი მოქმედების ტაქტიკა ამ სახელმწიფოებრივი ამოცანის შესრულების პროცესში. ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე სერიოზულ კამათი გაიმართება სექტემბერში, როცა საქართველოში ნატოს წევრი ქვეყნების ელჩთა კონფერენციის ჩატარება იგეგმება. მანამდე კი ზოგიერთი საინტერესო საკითხის გასარკვევად, ჩვენმა თანამშრომელმა კობა ლიკლიკაძემ ბრიუსელში დაურეკა ნატოში საქართველოს მისიის ხელმძღავნელის მოადგილეს, დავით სიხარულიძეს.

(იხ. აუდიოვერსია)

დავით კაკაბაძე:
ნატოში საქართველოს მისიის ხელმძღავნელის მოადგილეს, დავით სიხარულიძეს, პრაღიდან ტელეფონით ესაუბრებოდა კობა ლიკლიკაძე. ლაპარაკობს რადიო "თავისუფლება", ეთერშია "მეათე სტუდია".

[მუსიკა]

თორმეტწლიანი "ციკლის" თავზე, საქართველოში იგივე პრობლემებია მოსაგვარებელი

დავით კაკაბაძე:
ძველი გაზეთების კითხვა, დამეთანხმებით, ერთობ სახალისო საქმიანობაა. თუმცა, როგორც ირკვევა, ყოველთვის არა. თამარ ჩიქოვანს ამ დღეებში 12 წლის წინანდელი გაზეთებისთვის თვალის გადავლება დასჭირდა და ამ პროცესში არაერთი უსიამოვნო აღმოჩენის გაკეთება მოუხდა. ყველაზე სამწუხარო აღმოჩენა ის გახდა, რომ 1991 წელს გაზეთები იმავე პრობლემებზე წერდნენ, რომლებიც საქართველოში 2003 წელსაც აქტუალურია. 1991 წლის აგვისტოს პუბლიკაციებში წამოჭრილი ზოგიერთი პრობლემის დღევანდელ მდგომარეობაზე კომენტარი ჩვენმა კორესპონდენტმა რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარეს დავით ბერძენიშვილს სთხოვა.

(იხ. აუდიოვერსია)

დავით კაკაბაძე:
შეგახსენებთ, რომ ეს იყო რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის დავით ბერძენიშვილის კომენტარი საქართველოს პრესის 1991 წლის აგვისტოს პუბლიკაციებში წამოჭრილი ზოგიერთი პრობლემის დღევანდელ მდგომარეობაზე.

[მუსიკა]

ლეგალური და უკანონო პროდუქცია საგამომცემლო ბაზარზე

დავით კაკაბაძე:
ლეგალური და ჩრდილოვანი ეკონომიკა, თეთრი და შავი ბიზნესი, ორიგინალური და ფალსიფიცირებული პროდუქტი - ყველა ეს ცნება საქართველოში საგამომცემლო საქმესაც ესადაგება. არალეგალური, კონტრაფაქციული ნაბეჭდი პროდუქცია ბაზარს განსაკუთრებით ეძალება ამ დროს, სწავლის დაწყების წინ. გარდა იმისა, რომ ორიგინალური წიგნის გამომცემლებს აზარალებს, უკანონო გამოცემები დაბალი ხარისხისაა და, შესაძლოა, მისი მომხმარებლის ჯანმრთელობის, კერძოდ, მხედველობისთვის საზიანო აღმოჩნდეს. ასეთი პროდუქციის ერთადერთი "ღირსება" დაბალი ფასია. ამ პრობლემებზე დავით პაიჭაძე ესაუბრა გამომცემლობა "ინტელექტის" დირექტორს, კახა კუდავას, რომელიც, ძირითადად, სახელმძღვანელოებს გამოსცემს.

(იხ. აუდიოვერსია)

[მუსიკა]

დირიჟორი ვოლფგანგ ზავალიში - 80
დავით კაკაბაძე:
დღევანდელ მუსიკალურ ცხოვრებაში ცნება "კაპელმაისტერს", როგორც წესი, ნაკლები პატივისცემით მოიხსენიებენ ხოლმე. კაპელმაისტერი ოპერაში რანგით მეორე ან, სულაც, მესამე კაცია. საბალეტო საღამოებსა თუ ოპერეტებს დირიჟორობს. ერთგვარ რუტინად ქცეულ მუსიკას უკრავს. საქმე სხვაგვარად იყო ძველად. ამ ღირსეული ტიტულის მპყრობელი მუსიკალური თვალსაზრისით უზადო ოსტატი, თავისი საქმის უნაკლო მცოდნე, ფართოდ განათლებული და ძლიერი პიროვნება უნდა ყოფილიყო. და ამასთან ერთად, კაპელმაისტერი უნდა ყოფილიყო მუსიკის მორჩილი მსახური განსხვავებით ნარცისიზმის ტყვეობაში მყოფი ვარსკვლავებისგან, რომლებიც ხშირად საკუთარი თავის ინსცენირებით არიან დაკავებული. კლასიკურ მუსიკაში ჩახედულთაგან ვერავინ უარყოფს, რომ გერმანელი დირიჟორი ვოლფგანგ ზავალიში, რომელიც ამ დღეებში 80 წლის იუბილეს ზეიმობს, ნამდვილი კაპელმაისტერია ამ სიტყვის კლასიკური გაგებით. მის შესახებ ბიძინა რამიშვილი გესაუბრებათ.

ბიძინა რამიშვილი:
ზავალიშის შემთხვევაში სიტყვა კაპელმაისტერის ალბათ მიზანშეწონილია განსაკუთრებით გაესვას ხაზი ატრიბუტ "გერმანელს", რათა უკეთ წარმოვაჩინოს ამ ხელოვანის ხასიათი და სულიერი სახე. მოცარტს, ვაგნერს, რიხარდ შტრაუსს მუდამ განსაკუთრებული ადგილი ეკავა ზავალიშის რეპერტუარში. ასე ვთქვათ, ტიპიური "გერმანული კარიერის" კიბე ელვის სისწრაფით აიარა.

ზავალიშმა, რომელიც უკვე ბავშვობაშივე წარმოატებით უკრავდა ფორტეპიანოზე, მოგვიანებითაც შეინარჩუნა გნვითარების ვუნდერკინდული ტემპი. 1953 წელს იგი ბერლინის ფილარმონიის ორკესტრის ყველა დრორის ყველაზე ახალგაზრდა დირიჟორი გახდა. მერე აახენში გადაინაცვლა და გერმანიის ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა მთავარი მუსიკალური ხელმძვანელი გახდა. 1957 წელს ბაიროითის ფესტივალზის ორკესტრს უხელმძღვანელა და აქაც ასაკობრივი რეკორდი დაამყარა.

[მუსიკა]

1923 წლის 26 აგვისტოს მიუნხენში დაბადებულმა ზავალიშმა აუგსბურგში, აახენში, ვისბადენში, ჰამბურგსა და კიოლნში მუშაობის შემდეგ თავის სანუკვარი ოცნება აისრულა და 1969 წელს ლეგენდარული იოზეფ კაილბერტი შეცვალა ბავარიის სახელმწიფო ოპერის მთავარი დირიჟორის პულტთან.

ორი ათწლეულის განმავლობაში საკუთარი წარმოდგენების მიხედვით ჩამოაყალიბა ორკესტრის რეპერტუარი. მთელი ვაგნერი, მთელი რიხარდ შტრაუსი, მოცარტის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებები.

ექსცენტრიული ექსპერიმენტები, სარისკო დადგმები, არასოდეს ყოფილა სამარკო ნიშანი დირიჟორისა, რომელიც 1980 წლიდან მიუნხენის ოპერის მთავარი მუსიკალური ხელმძღვანელის ამპლუაშიც გვევლინება.

ზავალიშისთვის არაფერი იყო ისე უცხო, როგორც მუსიკის ქურუმად თავის წარმოდგენა. ეს შინაგანი წონასწორობა ემოციურობასა და ტექნიკურ სრულყოფას შორის იყო ალბათ ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ფილადელფიის ორკესტრმა რიკარდო მუტის წასვლის შემდეგ მას შესთავაზა მთავარი დირიჟორობა. ამერიკაში მან უჩვეულო ენერგიულობა და მოქნილობა გამოავლინა. ევროპაში გამართული გასტროლები ამის საუკეთესო დასტურია. ფილადელფიის ორკესტრი საუკეთესოთა შორისაა და თანაც თავისი დირიჟორის ინდივიდუალობით არის აღბეჭდილი.

ზავალიში დღემდე დირიჟორობს მსოფლიოს საუკეთესო ორკესტრებს. მათ შორის ლონდონის ფილარმონიის, ვენის ფილარმონიის, კონცერხებოუს ორკესტრებს. არ უნდა დავივიწოთ მისი პიანისტური კარიერაც, რომლის მანძილზეც იგი მეოცე საუკუნის უდიდეს მუსიკოსებთან, მათ შორის დიტრიხ ფიშერ-დისკაუსთან და ელიზაბეთ შვარცკოპფთან ერთად გამოდიოდა.

[მუსიკა]

დავით კაკაბაძე:
გადაცემის ბოლოს გთავაზობთ ჩვენს ტრადიციულ რუბრიკას: "საინტერესო ამბების კალეიდოსკოპი"

პაპანაქება და ჩაცმა-დახურვის ჩვევები
წლევანდელი ზაფხულის პაპანაქებამ, რომლის მსგავსი დასავლეთ ევროპას კარგა ხანია, არ ახსოვს, "ძველი კონტინენტის" ბინადრებს მკვეთრად შეუცვალა ჩაცმა-დახურვის ჩვევები. თუ ფრანს პრესის სააგენტოს დავუჯერებთ, ზოგიერთ ისეთ დაწესებულებაშიც კი, სადაც უწინ კოსტუმისა და ჰალსტუხის გარეშე გამოჩენა ცუდ ტონად ითვლებოდა, წლეულს შორტებიანსა და მაისურიან მამაკაცებს, ან ლამის საპლაჟოდ გამოწყობილ ქალებსაც შეხვდებით. თუმცა, არის ისეთი ფირმებიც (ძირითადად ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, იურიდიული კანტორები და სხვა), რომლებზეც ამინდის ჭირვეულობა გავლენას არ ახდენს. როგორც მაინის ფრანკფურტის საფინანსო ცენტრის წარმომადგენელმა სააგენტოს კორესპონდენტს უთხრა, ვისაც შორტებით და სანდლებით სიარული სურს, ამ კომპანიაში არაფერი ესაქმება. სამსახურში შორტებით გამოჩენა ასევე ეკრძალებათ შვედ ავტობუსის მძღოლებს, რომელთაგან ერთ-ერთმა, ქალაქ უმეოს მკვიდრმა მატს ლუნდგრენმა, გონებამახვილობა გამოიჩინა და, ერთ განსაკუთრებით ცხელ დღეს, სამსახურში... ქალის ქვედა ბოლოთი გამოცხადდა: მამაკაცის მიერ ქალის ტანსაცმლის ტარებაზე დამსაქმებლის შინაგანაწესი არაფერს ამბობს.

ნიუიორკელები კანადელ ტურისტს ევედრებიან, მათს ქალაქში დაბრუნდეს
იყო დრო, როცა ნიუ იორკის სენტრალ პარკში გასეირნება რისკთან იყო დაკავშირებული: სიცოცხლისთვის თუ არა, საფულისთვის მაინც. მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ბოლო ათწლეულების მანძილზე გაწეულმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და სენტრალ პარკზე უკვე კარგა ხანია აღარავინ ამბობს, სახიფათო ადგილიაო. პირიქით, დღეს ეს პარკი ნიუორკელებისთვისაც და მისი სტუმრებისთვისაც ერთ-ერთ უსაყვარლეს დასასვენებელ ადგილად არის ქცეული. მით უფრო უსიამოვნოდ შეძრა ნიუორკელები ცნობამ იმის შესახებ, რომ სენტრალ პარკში თავს დაესხნენ და სახეზე და თავზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს კანადელ ლილი სანს, რომელიც ნიუ იორკში, სხვათა შორის, პირველად იყო სტუმრად. რა გასაკვირია, რომ ამ თავდასხმის შემდეგ კანადელმა ტურისტმა ერთ-ერთ ჟურნალისტს უთხრა, ნიუ იორკში აღარასოდეს ჩამოვალო. ლილი სანის ეს სიტყვები გამოქვეყნდა თუ არა, ნიუორკელებმა სანს ბომბებივით დააყარეს მიწვევები: მილიონერმა დონალდ ტრამპმა დაზარალებულს თავის ყველაზე ფეშენებელურ სასტუმროში უფასო აპარტამენტი შესთავაზა; ასევე მოიქცა სასტუმრო "ვალდორფ-ასტორიის" ადმინისტრაცია. ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ფეშენებელური რესტორნის "ლა სირკის" მფლობელმა სირიო მაჩონიმ სანი სადილად დაპატიჟა. მის მაგალითს მიბაძა სენტრალ პარკში მდებარე რესტორანმა "ტავერნ ონ ზე გრინმა". ნიუ იორკის საბორნე კომპანია სანს, თუკი იგი ოდესმე დაბრუნდა ნიუ იორკში, მანჰეტენის გარშემო უფასო გასეირნებას ჰპირდება... ამ სიის გაგრძელება კიდევ შეიძლება, მაგრამ თუ ლილი სანის მშობლიური ტორონტოდან მიღებული ცნობებით ვიმსჯელებთ, დაზარალებული კანადელს არც ფეშენებელურ სასტუმროში უფასოდ ცხოვრება ხიბლავს და არც საუკეთესო რესტორანში ასევე უფასოდ მირთმეული სადილი: სენტრალ პარკში მიღებული ემოციური შოკი, როგორც ჩანს, მართლაც მძიმე იყო.

ბახუსის ზემოქმედება და არჩევნები
დაბოლოს: ამ დღეებში ერთი სასიხარულო ცნობა მიიღეს ნორვეგიელმა ამომრჩევლებმა: ახალი კანონი მათ უფლებას ანიჭებს, საარჩევნო უბნებზე ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადდნენ. ძველი კანონი სკანდინავიის ამ ქვეყნის მოქალაქეებს უკრძალავდა, კენჭისყრაზე ნაბახუსევად მისვლას, რადგან ალკოჰოლი "მნიშვნელოვნად აქვეითებს საღი განსჯის უნარს". და, როგორც ერთმა ჟურნალისტმა იხუმრა, კანონმდებლებმა სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს კანონის შეცვლა: ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ამომრჩეველს კანდიდატები იქნებ უკეთესად მოეჩვენოთო. ვინ იცის, იქნებ ნორვეგიელთა მაგალითს საქართველომაც მიბაძოს...

[მუსიკა]

დავით კაკაბაძე:
"მეათე სტუდია" და მასთან ერთად ჩვენი დღევანდელი პროგრამა მთავრდება. რადიოჟურნალი პრაღაში მოამზადეს ბიძინა რამიშვილმა და დავით კაკაბაძემ. თბილისის სტუდიაში ხმის ოპერატორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. გადაცემას დავით კაკაბაძე უძღვებოდა. მომავალ შეხვედრამდე.

[მუსიკა]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG