Accessibility links

logo-print

ევროს შემოღებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ევროკავშირის ახალი წევრების ეკონომიკას


წამყვანი: ევროპის კავშირი დიდ რისკზე წავა, თუკი კავშირის წევრობის კანდიდატი ათ ქვეყანას ძალზე მკაცრ პირობებს წაუყენებს ევროს შემოსაღებად. ასეთ დასკვნას შეიცავს ლონდონის ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის

ცენტრის მიერ ახლახან ჩატარებული გამოკვლევა. გამოკვლევის თანახმად, ევროპის კავშირის გეგმა, რომ წევრობის კანდიდატებს ორი წლის მანძილზე ვალუტის ფიქსირებული კურსი ჰქონდეთ, სანამ ევროს შემოიღებდნენ, საფრთხეს უქმნის ეკონომიკის სტაბილურობას.

დიქტორი: ჟენეველი ექსპერტი ჩარლზ ვიპლოსი გამოკვლევის ერთ-ერთი ავტორია. ჩვენს რადიოს მან უთხრა, რომ ხელოვნურად ფიქსირებულ გაცვლით კურსებს, მაგალითად, ევროპის კავშირის ე.წ. "კურსების გაცვლის მექანიზმს", თავისთავად ახასიათებს არასტაბილურობა.

[ვიპოლოსის ხმა] ნს082708 "პრობლემა ისაა, რომ ევროპის კავშირის კურსების გაცვლის მექანიზმი ძალიან არასტაბილურია. იგი მოითხოვს, რომ ქვეყნებს ორი წლის მანძილზე ჰქონდეთ ფიქსირებული თავიანთი სავალუტო კურსები და არ მოახდინონ დევალვაცია. მრავალი წელია, კარგად არის ცნობილი, რომ ფიქსირებული სავალუტო კურსების სისტემები სახიფათოა და სპეკულანტების შეტევები შეიძლება გამოიწვიოს."

ხელოვნურად ფიქსირებული კურსები იზიდავს სპეკულანტებს. ისინი ვალუტაზე შეტევას ახორციელებენ იმის იმედით, რომ ცენტრალურ ბანკს აიძულუბენ დევალვაცია გააკეთოს. როცა მათ იციან, რომ ცენტრალური ბანკი იძულებულია დაიცვას ვალუტა, ისინი უბრალოდ ვალუტის დიდი რაოდენობით გაყიდვას იწყებენ. ცენტრალური ბანკი იძულებული ხდება, ან დაიცვას ვალუტა თავისი რეზერვების - როგორც წესი დოლარების ან ევროების - გაყიდვით, ანდა ვალუტის დევალვაცია მოახდინოს. სპეკულანტები მოგებას იმაში ნახულობენ, რომ ისინი გაუფასურებულ ვალუტას ისევ ყიდულობენ. ვიპლოსის თქმით, ვერცერთი ცენტრალური ბანკის რეზერვი ვერ გახდება ვერაფერს, თუკი ბაზარები ვალუტაზე შეტევას გადაწყვეტენ.

ჯერჯერობით არ არის ნათელი, ფლუქტუაციის რა დონე იქნება დაშვებული ახალი წევრებისთვის. თავდაპირველი, ძალზე მკაცრი ამპლიტუდა ითვალსწინებს არაუმეტეს 2,25 პროცენტიან ფლუქტუაციას, რის გატარებაც, პრაქტიკულად, შეუძლებელი აღმოჩნდა. ევროკავშირის მესვეურები მოგვიანებით იძულებული გახდნენ უფრო მსუბუქი, 15 პროცენტიანი ამპლიტუდა შემოეღოთ.

აქამდე მიაჩნდათ, რომ ეს უკანასკნელი ვარიანტი, 15 პროცენტი იქნებოდა გამოყენებული ახალი წევრების შემთხვევაშიც. მაგრამ ევროკავშირის სავალუტო საკითხების კომისრის, პედრო სოლბესის თანახმად, არჩევანი მკაცრ ვარიანტზე შეჩერდება.
მკაცრი კურსის მომხრეები ირწმუნებიან, რომ ეს აუცილებელია ეკონომიკური დისციპლინის დასამყარებლად და იმისთვის, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ევროზონისთვის შოკური ზემოქმედების ეფექტი მას მერე, რაც ახალი წევრები ევროს ხმარებას დაიწყებენ.

მაგრამ ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ მკაცრი ამპლიტუდა ნაკლებ მოქნილია შინაგანი და გარეგანი შოკის გასამკლავებლად. ლონდონელი ექსპერტის, ვაიკე გრონენბერგეს აზრით, თუკი ევროკომისია მხარს დაუჭერს 2,25 პროცენტიან ამპლიტუდას, რომელშიც უნდა იმოძრაონ ვალუტებმა ევროსთან მიმართებაში, მაშინ ცენტრალური ევროპის ქვეყნებისთვის კიდევ უფრო რთული გახდება ევროზონის წევრობა და ეს პროცესი უფრო შორეული მომავლისთვის გადაიწევს.

იმავე ვიპლოსის თქმით, ევროკავშირისთვის ერთ-ერთი გამოსავალი იქნება დიფერენციაცია. მართლაც, ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც ესტონეთი და ლიტვაა, ევროზონაში შესვლა უფრო იოლი იქნება, ვინაიდან მათი ვალუტები ევროზეა მიმაგრებული და ისინი, ფაქტობრივად, უკვე რამდენიმე წელია, ევროზონაში იმყოფებიან.

ხოლო ჩეხეთისა და უნგრეთისთვის, რომელთა ვალუტები თავისუფლად მოძრაობს ევროსთან მიმართებაში, ფიქსირებულ კურსთან შედარებით უფრო მომგებიანი იქნება ვალუტის კვლავაც თავისუფალი მოძრაობა.

ასეა თუ ისე, გრონენბერგის აზრით, ცენტრალური ევროპის ქვეყნებმა არ უნდა შემოიღონ ევრო, სანამ საამისოდ მზად არ იქნებიან. ეს კი მიმდინარე ათწლეულის ბოლოსთვის შეიძლება მოხდესო, მიაჩნია მას.
XS
SM
MD
LG