Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შიიტთა ლიდერის მკვლელობა კვლავ ბურუსითაა მოცული


2 სექტემბერს ერაყის ქალაქ ნაჯაფში ტერორისტული თავდასხმის შედეგად მოკლული შიიტების სულიერი ლიდერის აიათოლა მოჰამედ ალ ჰაკიმის დაკრძალვა უნდა გაიმართოს.

მაგრამ რჩება ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვა, მკვლელობის მოტივისა და დამკვეთების შესახებ. ასევე არ არის ნათელი, თუ რა შედეგები მოჰყვება შიიტთა სულიერი ლიდერის მკვლელობას და როგორ აისახება ეს ტრაგიკული მოვლენა ერაყის პოლიტიკურ სინამდვილეზე.

შიიტთა სულიერი ლიდერი და ერაყის ისლამური რევოლუციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მოჰამედ ალ ჰაკიმი, სადამ ჰუსეინის რეჟიმის ერთ-ერთ პირველ მოწინააღმდეგედ ითვლებოდა და დიდი ხნის განმავლობაში განდევნილი იყო ერაყიდან. აიათოლა ალ ჰაკიმი ერაყში 12 მაისს, ირანიდან დაბრუნდა. თუმცა, პირველ ხანებში მაინცდამაინც გამოირჩეოდა დიდი სიმპათიებით არ კოალიციის მიმართ და მოითხოვდა, რომ ერაყელ ხალხს საკუთარი მთავრობა ჰყოლოდა. მოგვიანებით შიიტთა სულიერმა ლიდერმა დამოკიდებულება შეცვალა, ხოლო ალ ჰაკიმის ძმა ერაყის მმართველი საბჭოს წევრიც გახდა.
მაგრამ მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში აიათოლა ალ ჰაკიმი, ელ-ნაჯაფში, მეჩეთთან მომხდარი აფეთქების შედეგად 100-ზე მლოცველთან ერთად დაიღუპა, შიიტ პილიგრიმთა მწუხარებას და აღშფოთებას საზღვარი არა აქვს. მათი ნაწილი მომხდარში სადამ ჰუსეინის მიმდევრებს ადანაშაულებენ. თუმცა, კრიტიკას არც კოალიციის მიმართ იშურებენ.

ლონდონში ერაყის ისალმური რევოლუციის წარმომადგენლის ჰამიდ ალ-ბაიათის თქმით, შიიტთა სულიერი ლიდერი მკვლელობის დაგეგმვის შესაძლებლობა და სათანადო მოტივი სწორედ სადამ ჰუსეინის მიმდევრებს უნდა ჰქონოდათ.

[ჰამიდ ალ ბაიათის ხმა] " მათ, სადამ ჰუსეინის მიმდევრებს, დიდ ხანის მანძილზე ჰყავდათ მიზანში ამოღებული აიათოლა. მიუხედავად რეჟიმის დამხობისა, ისინი ხომ კვლავაც აქტიურობენ ერაყში. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად სწორედ ისინი არიან დამნაშავენი ამ თავდასხმის მოწყობაში. მხოლოდ სადამის რეჟიმსა და მის მიმდევრებს აქვთ შეიარაღებაში ასაფეთქებელი მოწყობილობა და დისტანციური მართვის ტექნოლოგია, რაც ასეთი აფეთქების ორგანიზებას სჭირდება."

ნაჯაფში მომხდარი აფეთქების ორგანიზატორობას, სხვადასხვა წყაროები, "ალ-ყაიდას" და სხვა ტერორისტულ ჯგუფებს მიაწერენ. რაც შეეხება კონკრეტულ მტკიცებულებას, კოალიციის სარდლობის ცნობით, მათ დაკავებული ჰყავთ 5 პირი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან შიიტთა სულიერი ლიდერისა და 100-ზე მეტი ადამიანის მკვლელობაში. ეს არის და ეს.

საინტერესოა აღინიშნოს, რომ მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს, დიდი ხნის დუმილის შემდეგ, თავად სადამ ჰუსეინი გამოეხმაურა. ერაყის ყოფილი დიქტატორის სავარაუდო მიმართა ორშაბათს არაბულმა ტელეკომპანია ალ ჯაზირამ გაავრცელა.

[სადამ ჰუსეინის ხმა] "ბევრ თქვენგანს გესმით ახლა გველების სისინი, გესმით, თუ როგორ ჩქარობენ ოკუპანტებისა და ურწმუნოთა მსახურნი, ალ ჰაკიმზე მომხდარი თავდასხმის პასუხისმგებლობა მიაწერონ სადამ ჰუსეინის მომხრეებს, მაშინ, როცა არც ერთი ფაქტი ხელთ არა აქვთ."

მაგრამ იმისდა მიუხედავად, თუ ვინ დგას სინამდვილეში ამ ტერაქტის უკან, ფაქტია, რომ ერაყელი მოქალაქეები და განსაკუთრებით ალ -ჰაკიმის მიმდევრები მიიჩნევენ, რომ ელ-ნაჯაფში მომხდარი ტერაქტის გამო, პირველ რიგში, პასუხისმგებელია ამერიკის შეერთებული შატების მიერ დანიშნული ერაყის მმართველი საბჭო და კოალიციის სარდლობა, რომლებსაც ქვეყანის უსაფრთხოება ევალებათ.

ელ-ნაჯაფში მომხდარი აფეთქების შემდეგ ერაყის მმართველმა საბჭომ სასწრაფოდ დაიწყო პოლიციის დამატებითი ძალების ფორმირება. ხოლო კოალიციის სარდლობამ გადაიფიქრა, ერაყის შიიტური რეგიონში, რომელიც აქამდე ყველაზე მშვიდობიანად ითვლებოდა, საერთაშორისო ძალების კონტინგენტის შეცვლა. რაც შეეხება ერაყის ისლამური რევოლუციის მმართველ ორგანოს, მიუხედავად სულიერი ლიდერის დაკარგვით გამოწვეული იმედგაცრუებისა, საბჭო ჯერჯერობით გააგრძელებს კოალიციასთან და ერაყის მმართველ საბჭოსთან თანამშრომლობას.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG