Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადიროვი ჯერჯერობით მოსკოვის უალტერნატივო ფავორიტად რჩება


ჩეჩნეთში ოქტობრისთვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში 11 კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას.

ყველაზე ბოლოს, საარჩევნო კომისიაში რეგისტრაცია გაიარა ახმად კადიროვმა, ჩეჩნეთის ადმინისტრაციის მოსკოვის მიერ დანიშნულმა ხელმძღვანელმა. შესაბამისად, სწორედ ახმად კადიროვი მიიჩნევა ყველაზე მაღალი შანსების მქონე კანდიდატად ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში. ამასთან, ზოგიერთი ანალიტიკოსის შეფასებით, ჩეჩნეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიმართ მოსკოვის დამოკიდებულება შესაძლოა შეიცვალოს.

ლონდონის ომისა და მშვიდობის შემსწავლელი ცენტრის მიერ ივნისში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, კადიროვს ამომრჩეველთა 11 პროცენტი ანიჭებს უპირატესობას, 62 პროცენტი კი არ აპირებს მისთვის ხმის მიცემას.

მიუხედავად ამისა, ცოტა ვინმეს თუ ეპარება ეჭვი, რომ არჩევნებს სწორედ ჩეჩნეთის ადმინისტრაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელი მოიგებს. ასე ფიქრობს რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტი ანდრეი ბაბიცკი, რომელიც მცირე ხნის წინ დაბრუნდა ჩეჩენთიდან.

[ანდრეი ბაბიცკის ხმა] "მე თითქმის 80 პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ გამარჯვებას ახმად კადიროვი მოიპოვებს. როგორც მე წარმომიდგენია, ამ ვარიანტის საწინააღმდეგო არაფერი აქვს ფედერალურ ცენტრს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსკოვის ასეთი დამოკიდებულება უკვე აისახებოდა წინასაარჩევნო პერიოდში. ეს კი ნიშნავს, რომ რაკი კადიროვს ჩეჩნეთში შეუზღუდავი შესაძლებლობები აქვს, სწორედ ისეთი შედეგებს მიიღებს, როგორც თავად სურს."

ამ გავლენის მთავრი ინსტრუმენტი, ჟურნალისტ ანდრეი ბაბიცკის აზრით, კადიროვის ერთგული მილიციია, რომელიც გაცილებით უფრო სასტიკი და დაუნდობელია, ვიდრე რუსეთის საჯარისო ნაწილები.

კადიროვის გამარჯვებაში ეჭვი არც მოსკოვის კარნეგის ცენტრის ანალიტიკოს ალექსეი მალაშენკოს ეპარება. "მთავრია არა ის, თუ ვინ აძლევს ხმას, არამედ ვინ დაითვლის ამომრჩეველთა ხმებს. ხმები კი იქიდან გამომდინარე დაითვლება, რომ კადიროვი ძალიან მიმზიდველი ფიგურაა მოკოვისთვის," აცხადებს მალაშენკო.

თუმცა, მოსკოველი ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ ჩეჩნეთის ადმინისტრაციის ხელმძღავნელი კარგავდეს კრემლის მხარდაჭერას, რისი მიზეზიც, შესაძლოა, კადიროვის ერთ თვის წინანდელი წამოწყება გამხდარიყო :

[ალექსეი მალაშენკოს ხმა] "ფედერალურ ცენტრსა და რესპუბლიკას შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ,კადიროვის მიერ შემუშავდა პროექტი, სადაც ძირითადი აქცენტი კეთდებოდა ჩეჩნეთის ბუნებრივი რესურსების, ძირითადად ნავთობის, გადასვლას კადიროვის კონტროლის ქვეშ. ამ პროექტს, შეიძლება ითქვას, რომ მოსკოვში დიდი ენთუზიაზმით არ შეხვედრიან."

მაგრამ ამ ვარუდს, ძალზე ცოტა ექსპერტი თუ იზიარებს. მიუხედავად იმისა, რომ კრემლს ყოველთვის რამდენიმე სცენარი აქვს, ფსონის გაუქმებას ახმად კადიროვზე მოსკოვი, როგორ ჩანს, ჯერ არ იჩქარებს, აცხადებს ომისა და მშვიდობის შემსაწავლელი ცენტრის ექსპერტი დე ვაალი.

ამასთან, 5 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები ჩეჩნეთში ერთ-ერთი მთავარი ფაზაა ვლადიმირ პუტინის გეგმისა, რომლითაც რუსეთის პრეზიდენტი ამბოხებული რესპუბლიკის პრობლემის გადაწყვეტას ცდილობს.

მარტში კრემლის კარნახით მიღებული იქნა ჩეჩნეთში ახალი კონსტიტუცია, რომელიც ჩეჩნეთს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში განიხილავს. ივნისში კი რუსეთის პარლამენტმა მიიღოს დადგენილება ჩეჩენი მეამბოხეების ამნისტიის შესახებ, რომლის მოქმედების ვადა სწორედ 1 სექტემბერს ამოიწურა. მაგრამ, როგორც ირკვევა, ამნისტიის უფლებით მხოლოდ 200 ჩეჩენმა
მებრძოლმა ისარგებლა. დანარჩენები კი კვლავ აცხადებენ, რომ არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად, კიდევ უფრო გააქტიურებენ ბრძოლასმ, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მხოლოდ ბოლო კვირში ჩეჩნეთის ტერიტორიაზე პარტიზანების თავდასხმების შედეგად 6 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

მოსკოვის გადაწყვეტილებით, ყოფილი პრეზიდენტი ასლან მასხადოვსა და ჩეჩენ სეპარატისტთა ყოფილი ლიდერები არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჩამორთმეული აქვთ. თუმცა, აგვისტოს ბოლოს, ცნობილი რუსი საზოგადო მოღვაწეების ერთმა ჯგუფმა, ღია წერილით მიმართა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, დაიწყოს მოლაპარაკებები ჩეჩენ სეპარატისტებთა ლიდერებთან, რათა ბოლო მოეღოს ძალადობასა და კონფლიქტს ამბოხებულ რესპუბლიკაში. თუმცა, ამ მიმართვაზე კრემლს ჯერ რეაგირება არ მოუხდენია.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG