Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა მორიგი ტრაგედია ბარენცის ზღვაში და გაზეთი "მოსკოუ ტაიმსი" აზერბაიჯანში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ,

- ამ საკითხებზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას უცხოეთის პრესის დღევანდელ მიმოხილვაში.

"რუსულ ქარაფშუტობას კატასტროფა მოჰყვა", - ასე გამოეხმაურა გერმანიის გაზეთი "ველტი" გასულ კვირაში მომხდარ ტრაგედიას, როცა ბარენცის ზღვაში რუსეთის ატომური წყალქვეშა ნავი "კ -159" ჩაიძირა, რამაც 9 მეზღვაურის სიცოცხლე იმსხვერპლა. გაზეთი წერს:

"ბედი არ წყალობს რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტს. "კურსკის" კატასტროფიდან სამი წლისთავზე პარასკევს 29 აგვისტოს, გვიან ღამით, ბარენცის ზღვაში კვლავ ჩაიძირა ატომური წყალქვეშა ნავი.
თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა დაუდევრობა და ქარაფშუტობა დაასახელა მომხდარი ტრაგედიის მიზეზად. ხოლო ჩრდილოეთის ფლოტის სამხედრო პროკურორმა იმ ხომალდის კაპიტანს დააკისრა პასუხისმგებლობა, რომელსაც ბუქსირით მიჰყავდა ჩამოწერილი წყალქვეშა ნავი ნავსადგურ პოლიარნიში. ამასთანავე, რუსეთის თავდაცვის მინისტრი შეეცადა შეემცირებინა ის საფრთხე, რომელიც ჩაძირული წყალქვეშა ნავის ატომური რეაქტორებიდან მომდინარეობს. იმ დროს, როცა ეკოლოგიურ ორგანიზაცია "ბელუნას" ბარენცის ზღვის რადიაციული მოწამვლა აფრთხობს, სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხელმძღვანელობა ოპტიმისტურად აცხადებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და განგაშის საფუძველი არ არსებობს. მოყოლებული 1961 წლიდან ჯერ საბჭოთა, ხოლო შემდეგ რუსეთის წყალქვეშა ნავების კატასტროფების შედეგად ხუთასზე მეტი მეზღვაური დაიღუპა".

როგორც გაზეთი "ფრანკფურტერ რუნდშაუ" აღნიშნავს, ბარენცის ზღვაში ჩაძირული წყალქვეშა ნავი "კ-159" კარგა ხნის წინათ იყო გამოსული მწყობრიდან და ფაქტობრივად აღარ შეეძლო მანევრირება. გაზეთი, სარედაქციო სტატიაში განაგრძობს:

"ერთის შეხედვით ისე ჩანს, რომ "კურსკის" დაღუპვის შემდეგ რუსეთის ფლოტმა თითქოს გამოცდილება მიიღო, და ცნობა "კ-159"-ის კატასტროფის შესახებ ხომალდის ჩაძირვიდან რამდენიმე საათის შემდეგ გამოაქვეყნეს. სინადვილეში, ადმირალებს არ შეუცვლიათ არსთებითად თავიანთი პოზიცია. რუსეთის პრესაში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღემდე ისიც კი არაა ცნობილი, ზუსტად როდის მოხდა ავარია, მართლაც ღამის 2 საათსა და 20 წუთზე იქნა მიღებული "სოსის" სიგნალი, როგორც ამას ჩრდილოეთის ფლოტის შტაბი ამტკიცებს, თუ ყველაფერი უფრო ადრე, ნაშუაღამევს მოხდა, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ მაშველი ხომალდები მხოლოდ ხუთნახევარი საათის შემდეგ მივიდნენ ტრაგედიის ადგილზე. სამხედრო-საზღვაო ფლოტის წარმომადგენელმა იგორ დიგალომ, წყალქვეშა ნავის ჩაძირვის მიზეზად შტორმი დაასახელა. თუმცა სამბალიანი ღელვის დროს ხომ ზედმეტია, საერთოდ, შტორმზე ლაპარაკი. ხოლო გადამდგარი ადმირალის ედუარდ ბალტინის თქმით, "კ-159" ჯერ კიდევ 1983 წელს ცუდად მანევრირებდა. დაუდევრობად ისიც უნდა ჩაითვალოს, რომ ჩამოწერის შემდეგ, ჩაძირული ხომალდიდან, ისევე, როგორც ათობით სხვა ატომური წყალქვეშა ნავებიდან, ბირთვული საწვავი არ გადმოუტვირთავთ".

გაზეთ "მოსკოუ ტაიმსის" ბაქოელი კორესპონდენტი ქლოე არნოლდი აზერბაიჯანში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის კომენტირებისას ხაზგასმით აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ გასული კვირიდან მოყოლებული, საღამოობით, ბაქოში, ხშირად ითიშება დენი, ხოლო გარკვეული შუალედის შემდეგ ქალაქი ისევ განათებულია. ქლოე არნოლდი განაგრძობს:

"და ასეთი რამ მაინცა და მაინც მაშინ ხდება, რომ ის ისაა, ოპოზიციის კანდიდატი უნდა გამოვიდეს პირდაპირი ტელევიზიით. მართალია პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი ამჟამად არაა ბაქოში, თუმცა ერთ ნაბიჯსაც კი ვერ გადადგამთ ქალაქში, მის სურათს რომ არ მოჰკრათ თვალი ყოველ სარეკლამო ფარზე, ავტობუსების ფანჯებსა თუ მაღაზიების ვიტრინებზე. სურათზე ალიევი 30-წლისა გამოიყურება, ტრაქტორის საჭესთან მჯდომი, და როგორ ეხვევა ბავშვებს... რაც შეეხება ოპოზიციის კანდიდატთა სურათებს, მათ ძალზედ იშვიათად თუ ნახავთ სადმე, პოლიციელები ხშირად ხევენ ასეთ სურათებს. ამასობაში, ერთ-ერთ ჟურნალისტს ხელში ჩაუვარდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის დოკუმენტი, რომელშიც მომავალი თვისათვის დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგია უკვე მოცემული: ჰეიდარ ალიევი უნდა გადადგეს, მისი ვაჟი ილჰამი ხმების 60 პროცენტს მიიღებს, ხოლო ყველა სხვა დანარჩენი, 5 პროცენტზე ნაკლებს."
XS
SM
MD
LG