Accessibility links

logo-print

მოასწავებს თუ არა ბოლოდროინდელი მოვლენები ერაყის საკითხში მოსკოვის პოზიციის ცვლილებას?


ანდრო ეული, პრაღა იმ დროს, როცა ერაყში არ წყდება თავდასხმები კოალიციის ძალებზე და იქ თითქმის ყოველდღე იღუპებიან ამერიკელი ჯარისკაცები,

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ერთობ სასიხარულო ცნობა მიიღო: მისმა რუსმა კოლეგამ, ვლადიმირ პუტინმა, გასული კვირის ბოლოს განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს ერაყში გაეროს ეგიდით მრავალეროვანი სამშვიდობო ძალების განთავსებას, თუნდაც ეს სამხედრო კონტინგენტი შეერთებული შტატების სარდლობას დაექვემდებაროს.
რას მოასწავებს ეს ცვლილება რუსეთის პოზიციაში?

შაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე იტალიაში პუტინმა თქვა: "ცუდს ვერაფერს ვხედავთ იმაში," თუკი საერთაშორისო ძალებს შევუერთდებით ერაყში შეერთებული შტატების სარდლობის ქვეშო. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა ამასთანავე, რომ ხსენებული საერთაშორისო შენაერთის შექმნა გაეროს უშიშროების საბჭოს ნებართვით უნდა მოხდეს.

რუსეთი, გერმანიასა და საფრანგეთთან ერთად ერაყთან ომის დაწყების კატეგორიული წინააღმდეგი იყო. ამდენად, პუტინის პოზიციის ესოდენ მკვეთრი შეცვლა უაღრესად მნიშვნელოვანია ამჟამად ვაშინგტონისთვის, რომელიც ამ კვირის ბოლოს რეზოლუციის პროექტს წარუდგენს უშიშროების საბჭოს ერაყში მრავალეროვანი ძალების განთავსებასთან დაკავშირებით.

როგორც მოსკოვში დაფუძნებული ამერიკა-კანადის შემსწავლელი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ ვიქტორ კრემენიუკმა განაცხადა ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში, პუტინმა "კარგი საქმე გაუკეთა" ბუშს, და რომ მრავალეროვანი ძალების განთავსება ერაყში, გაეროს ეგიდით, საგრძნობლად გაუადვილებს შეერთებულ შტატებს სამშვიდობო მისიას ერაყში [ვიქტორ კრემენიუკის ხმა]: "შეერთებული შტატები ალბად იმედოვნებს, რომ წინააღმდეგობა ერაყელთა მხრიდან მნიშვნელოვნად იკლებს, რადგან ამერიკელებთან შედარებით, გაერო ნაკლებად იწვევს აგრესიის ასოციაციას. ასე რომ, ალბათ იკლებს მსხვერპლი და, რაც ბუშს წინასაარჩევნო კამპანიის გათვალისწინებით, ყველაზე მეტად აძლევს ხელს, ასევე იკლებს ამერიკის პოლიტიკის მისამართით გამოთქმული კრიტიკაც".

სულ მალე მორიგი შეხვედრა გაიმართება უმაღლეს დონეზე ჯორჯ ბჯშსა და ვლადიმირ პუტინს შორის და, როგორც ვიქტორ კრემენიუკი ამბობს, ამ შეხვედრის წარმატება ხელს აძლევს არა მარტო ბუშს, არამედ პუტინსაც, რომელიც იმედოვნებს, რომ დეკემბრისათვის დანიშნული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მეტი მომხრე გაუჩნდება სახელმწიფო დუმაში, ხოლო მომავალი წლის მარტში მეორე ვადით შეეცდება პრეზიდენტის სავარძლის შენარჩუნებას.
XS
SM
MD
LG