Accessibility links

logo-print

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოსგან საბაჟო პროცედურების გამარტივებას მოითხოვს


10-14 სექტემბერს მექსიკის ქალაქ კანკუნში ჩატარდება

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მეხუთე სამთავრობო კონფერენცია, რომელშიც საქართველოს დელეგაციაც მიიღებს მონაწილეობას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით. ამ შეხვედრაზე განიხილება შეთანხმების პროექტი, რომელიც ვაჭრობის ხელშეწყობას, კერძოდ ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში საბაჟო და სატრანზიტო პროცედურების გამარტივებას ისახავს მიზნად. რამდენად მნიშვნელოვანია ამის მიღწევა საქართველოსთვის და რამდენად მნიშვნელოვანია მსოფლიოს უმსხვილესი სავაჭრო ბლოკის - ევროკავშირისთვის საქართველოს მიერთება დოკუმენტთან, რომელსაც სულ მალე მექსიკაში განიხილავენ. ნინო გელაშვილი შეეცდება ამ კითხვებზე პასუხის გაცემას:


მსოფლიოში ვაჭრობის ხარჯებს ადმინისტრაციული ხარჯების სახით 2-3 პროცენტი ემატება. საგანგებო გამოკვლევებით დადგინდა, რომ ეს თანხა ყოველწლიურად 300 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წინა, რიგით მეოთხე სამთავრობო კონფერენცია 2001 წელს კატარის დედაქალაქ დოჰაში ჩატარდა. ამ შეხვედრაზე მიღებულ დეკლარაციაში განისაზღვრა ის ამოცანები, რომლებიც ვაჭრობის ორგანიზაციის წინაშე დგას. ერთ-ერთი მათ შორის გახლდათ ვაჭრობის ხელშეწყობა. საკითხი პირველად სინგაპურში წამოიჭრა - 1996 წლის სამთავრობო კონფერენციაზე.

ბევრი იმედოვნებს, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრები კანკუნში შეძლებენ ვაჭრობის ხელშეწყობის ზოგადი შეთანხმების მიღებას. შეთანხმების სარგებლობისა და დანიშნულების შესახებ კი ვაჭრობის საერთაშორისო პალატამ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ვაჭრობის გაუმჯობესების ყველაზე დიდი პოტენციალი განვითარებად ქვეყნებს აქვთ, რადგან ყველაზე დიდი ხელშემშლელი პირობები ვაჭრობისთვის სწორედ იქ არსებობს და საბაჟო და სატრანზიტო პროცედურების გაიოლებით ამ ქვეყნებში იმპორტისა და ექსპორტის მოცულობა გაიზრდება. ვაჭრობის საერთაშორისო პალატის დოკუმენტში ჩამოთვლილია ის სავარაუდო შედეგები, რასაც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მიერ ვაჭრობის ხელშეწყობის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულება განაპირობებს. კერძოდ, საბაჟო პროცედურების გაიოლებითა და მათი მუშაობის ეფექტიანობის ამაღლებით: გაიზრდება საბიუჯეტო შემოსავლები და უფრო ეკონომიური გახდება მათი მობილიზაცია, გაუმჯობესდება საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციების უსაფრთხოების ხარისხი, უფრო პროგნოზირებადი გახდება საქონლის მიმოსვლა ქვეყანაში, უფრო ეფექტიანი იქნება სატრანზიტო პროცედურები, გაიზრდება ვაჭრობის მოცულობა, გაუმჯობესდება ეკონომიკური მდგომარეობა, ეფექტიანი საბაჟო პროცედურები ხელს შეუწყობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას ქვეყანაში.

რას ნიშნავს ვაჭრობის ხელშეწყობა საქართველოს მსგავს ქვეყანაში? საქართველოში ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელი, ელჩი - ტორბენ ჰოლცე განმარტავს, რომ ამ ინიციატივის ფარგლებში საქმე არ ეხება იმდენად საგადასახადო ტარიფებს, რამდენადაც პროცედურის გამარტივებას:

18:45 [ჰოლცეს ხმა]
"საქმე არ ეხება საგადასახადო ტარიფებს. ლაპარაკია თავად პროცედურაზე: მეწარმე, რომლის ტვირთიც კვეთს საზღვარს, იძულებულია ირბინოს ერთი განყოფილებიდან მეორეში. უფრო გასაგებად რომ ვთქვა საბაჟო პროცედურის გამარტივება ნიშნავს, რომ, როცა საქონელი კვეთს საზღვარს, მისმა მფლობელმა ათი სერტიფიკატის ნაცვლად აიღოს ერთი, რამდენიმე პუნქტის ნაცვლად ყველაფერი კონცენტრირებული იყოს და ხორციელდებოდეს ერთ ადგილას".

მთავარი საკითხი - რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის საბაჟო და სატრანზიტო პროცედურების გამარტივება? ჩვენ კარგად ვიცით, რომ საქართველოს მიმზიდველი სატრანზიტო გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, მაგრამ თუკი ტრანზიტისთვის მეწარმეებს რთულ და მოუწესრიგებელ სისტემას შევთავაზებთ, ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობის მომხიბვლელობა დაიჩრდილება იმ პრობლემებითა და საფრთხით, რომელიც მათ შეექმნებათ. ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელი აცხადებს:

08:26 [ჰოლცეს ხმა]
"გამოკვლევები ადასტურებს, რომ ბევრი მეწარმე დაინტერესებულია ქვეყანაში არსებული ზოგადი საინვესტიციო კლიმატით, მაგრამ ყველაზე მეტად მეწარმეებს მაინც საზღვრებზე მოქმედი საბაჟო პროცედურები აღელვებთ. რაც შეეხება საქართველოს, ის სატრანზიტო ქვეყანაა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გაატაროს ყველა აუცილებელი ღონისძიება საბაჟო პროცედურების გამარტივებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო დადგება რისკის წინაშე, რომ სატრანზიტო ტვირთის დიდი ნაწილი გვერდს აუვლის საქართველოს და სხვა ქვეყნებზე გაივლის".

ტორბენ ჰოლცე უკვე შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა და ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროების ხელმძღვანელობას და განუმარტა რამდენად მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს დელეგაციის პოზიცია კანკუნის კონფერენციაზე. ელჩს დარჩა შთაბეჭდილება, რომ საქართველო მხარს დაუჭერს შეთანხმებას.

ევროკავშირის საქართველოში საბაჟო პროცედურების გამარტივებით დაინტერესება იმდენად დიდია, რომ ის საგანგებო პროექტსაც ახროციელებს, რომელიც დაახლოებით ერთი მილიონი ევრო ჯდება და უკვე მიმდინარეობს.

ასე რომ, ისევე, როგორც საქართველოში ისტორიული და კულტურის ძეგლების სიმრავლე და ბუნების სილამაზე ვერ განაპირობებს იქ ტურიზმის განვითარებას ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ინფრასტრუქტურის შექმნის გარეშე, ასევე მხოლოდ ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობაც ვერ იქცევა იმის გარანტიად, რომ ყველა მეწარმე, ვისთვისაც თეორიულად მოსახერხებელია საქართველოს გავლით ტვირთის გადაზიდვა, აუცილებლად ჩვენს ქვეყანას მიაშურებს.
XS
SM
MD
LG