Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილია 60 დღე - ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ჯერჯერობით არც ფული აქვს და არც ახალი ხარჯთაღრიცხვა


მიმდინარე წლის ბიუჯეტში საპარლამენტო არჩევნებისთვის 2 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ეს თითქმის სამჯერ ნაკლებია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მომზადებული ხარჯთაღრიცხვის თანხაზე.

საარჩევნო ხარჯთაღრიცხვა 5 მილიონ 200 ათას ლარს შედგენს და დასტურისთვის ფინანსთა სამინისტროშია გადაგზავნილი. საქართველოს პრეზიდენტისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის სახელზე არსებული ოფიციალური შეტყობინებების მიხედვით, ხარჯთაღრიცხვა განხილვის სტადიაშია. შესაბამისად, არჩევნებამდე დარჩენილი 60 დღით ადრე გაურკვეველია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ფინანსთა სამინისტრო. ამ ბუნდოვანების ფონზე ვითარებას კიდევ უფრო ძაბავს ის ფაქტი, რომ ახალმა საარჩევნო კოდექსმა საგრძნობლად გაზარდა არჩევნებისთვის საჭირო ხარჯები. ამ ხარჯების ასასახავად ცენტრალური საარჩევნო კომისია ხარჯთაღრიცხვის ახალ პროექტზე იწყებს მუშაობას. ამ პროექტით, სავარაუდოდ, საარჩევნოდ საჭირო ფინანსები 6 მილიონ ლარს გადააჭარბებს.
ამ საკითხზე ნონა მჭედლიშვილი გვესაუბრება.

პირველი, რაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახლადდანიშნულმა თავმჯდომარემ სამსახურში მისვლის პირველსავე დღეს გააკეთა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფინანსური დოკუმენტაციის გაცნობა იყო. მას დასკვნებისათვის გარკვეული პერიოდი დასჭირდება, მაგრამ უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ მიმდინარე კვირიდან ცენტრალური საარჩევნო კომისიის საფინანსო განყოფილება, ნანა დევდარიანთან ერთად, 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების ორგანიზებისათვის საჭირო ახალი ხარჯთაღრიცხვის პროექტზე იწყებს მუშაობას. ახალი საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, ამის გაკეთება კანონის მოთხოვნაა და არა ბევრი ფულის მობილიზებისათვის ბრძოლა. კერძოდ, კოდექსის შესაბამისად, თითქმის 50 პროცენტით გაიზარდა საარჩევნო უბნების სახელფასო ფონდი. ამას გარდა დამატებითი ხარჯებია საჭირო ამომრჩეველთა მარკირების აპარატებისა და ფანქრების, ბიულეტენებისათვის საჭირო სპეციალური ძვირადღირებული ქაღალდისა თუ უბნებზე მომუშავეთა სამკერდე ნიშნების შესაძენად. მოკლედ, ეს ეგრეთ წოდებული წვრილმანები საერთო ხარჯებს სულ ცოტა 1 მილიონი ლარით ზრდის. სავარაუდოდ, ახალი ხარჯთაღრიცხვა 6 მილიონ ლარს გადააჭარბებს. ასეთ ვითარებაში ფინანსთა სამინისტრო 2003 წლის ბიუჯეტის კანონის პარამეტრებით მანიპულირებს და აცხადებს, რომ იგი კანონს შეასრულებს. კანონმა კი, როგორც ზემოთაც მოგახსენეთ, საპარლამენტო არჩევნების ორგანიზებისათვის მხოლოდ 2 მილიონი ლარი გაითვალისწინა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნოდარ ხადურის განმარტებით, დამატებითი ფინანსური რეზერვის მოძიება რთული და შრომატევადი პროცესი იქნება. რეზერვებში კი უნდა ვიგულისხმოთ როგორც უცხოური გრანტები, ისე პრეზიდენტისა და სახელმწიფო სარეზერვო ფონდების სახსრები. მოკლედ, დღევანდელი მდგომარეობით, 2003 წლის ბიუჯეტის კანონის შესწორება გარდაუვალ პერსპექტივად მოჩანს. წინააღმდეგ შემთხვევაში ბიუჯეტით განსაზღვრული 2 მილიონი ლარით არჩეევნების ჩატარება აბსურდი იქნება, თუნდაც იმიტომ, რომ არჩევნების შედეგების გაყალბების საწინააღმდეგო ელემენტარული ნორმების დაკმაყოფილებაც კი ვერ მოხერხდება.
ცენტრალური საარჩევნო კომისია წინასაარჩევნოდ, ტრადიციულად, ფინანსთა სამინისტროსგან, უხეშად რომ ვთქვათ, თანხის გამოძალვას ცდილობს. ეს მისი ჩვეული ამპლუაა.უჩვეულოა ფაქტი, რომლის წინაშეც 3 სექტემბერს თავად ცენტრალური საარჩევნო კომისია დადგა - საოლქო სასამართლომ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მას 300 ლარიანი ჯარიმა დააკისრა, მას შემდეგ, რაც ბათილად ცნო ცენტრალური საარჩევნო კომისიის 25 აგვისტოს ცნობილი დადგენილება "საარჩევნო პროცესში მასმედიის სახელმწიფო და არასახელმწიფო საშუალებათა მონაწილეობის შესახებ." ამ დადგენილებით ცენტრალური საარჩევნო კომისია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს არჩევნებიდან 50 დღით ადრე საარჩევნო თემატიკაზე მუშაობის უფლებას საგრძნობლად უზღუდავდა. საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ერთი თვის ვადაში შეუძლია. თუმცა, საეჭვოა მან ეს გააკეთოს, რადგან ნანა დევდარიანი ამ დადგენილების გაუქმებას, კომისიის ახალი შემადგენლობის მხარდაჭერის იმედით, თავადაც აპირებდა.
XS
SM
MD
LG