Accessibility links

logo-print

ევროკავშირი ზოგიერთი გავრცელებული პროდუქტის სახელწოდების ბოროტად სარგებლობას ებრძვის


10-14 სექტემბერს მექსიკის ქალაქ კანკუნში, გაიმართება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის კონფერენცია, რომელზეც, როგორც ნინო გელაშვილის სამშაბთის მასალიდან შეიტყვეთ,

საქართველოს დელეგაციაც აპირებს მონაწილეობის მიღებას. მაგრამ ერთ-ერთ პრობლემა, რომელზეც ექსპერტების შეფასებით, კანკუნში სერიოზული კამათია მოსალოდნელი, საქართველოს ჯერჯერობით არ შეეხება. საქმე ის გახლავთ, რომ ევროკავშირმა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას წარუდგინა ზოგიერთი სახეობის ძალზე გავრცელებული სურსათისა და ალკოჰოლური ჩამონათვალი, რომლის სახელწოდების გამოყენება სხვა ქვეყნებში უნდა აიკრძალოს. ამ პრობლემას ეძღვნება რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტის ბრეფნი ორურკის რეპორტაჟი, რომელსაც კობა ლიკლიკაზე გაგვაცნობს.

თუ საქართველოში პრობლემას იმპორტირებულ საქონელზე შესაბამისი ქართული წარწერის ორგანიზება წარმოადგენს, ევროკავშირის ქვეყნები უკვე იმაზე იწყებენ ფიქრს, რომ ზოგიერთი გავრცელებული ევროპული ღვინისა თუ სურსათის ორიგინალური სახელწოდების ბოროტად სარგებლობის უფლება ჩამოართვას სხვა ქვეყნებს, სადაც, შესაძლოა, იმავე პროდუქციის წარმოებას არა ერთი და ორი ათწლეულის ისტორია აქვს.
მაგალითად შაბლის, სოტერნის, რისლინგის, ბურგუნდიულისა და ბორდოს ჯიშის ვენახები და, შესაბამისად, ამ ჯიშებისგან დამზადებული ღვინოები ისევეა გავრცელებული ავსტრალიაში, სამხრეთ აფრიკასა და ახალ ზელანდიაში, როგორ საფრანგეთსა და გერმანიაში. იგივე შეიძლება ითქვას, შამპანურზე, იტალიურ ყველ გორგონზოლაზე, ესპანურ ნუგასა და სხვა გავრცელებულ პროდუქციაზე. ევროკავშირი კი ფიქრობს, რომ ორიგინალური სახელწოდებით ასეთ ბოროტად სარგებლობას ბოლო უნდა მოეღოს.
აქედან გამომდინარე, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის კანკუნის კონეფერენციაზე, ევროკავშირი აპირებს განსახილველად გაიტანოს 41 ევროპული დასახელების პროდუქციის სია, რომელთა სახელების ერთგვარი საავტორო უფლება დაცული უნდა იყოს, როგორც ევროპის შიგნით, ასევე მთელ მსოფლიოში.

ევროკავშირის ოფიციალური წარმოამდგენლის გრეგორ კროიცჰიუბერის თქმით, ყველაფერთან ერთად, სახელწოდების რეიდენტიფიცირება ისტორიული სამართლიანობაა.

[გრეგორ კროიცჰიუბერის ხმა] "ძირიდად, ტრადიციული ევროპული სახელების გამოყენება ხდება ევროპელი ექსპორტიორების ხარჯზე. ნათქვამის საილუსტრაციოდ პარმული ლორის მაგალითიც იკმარებს. პარმული ლორის მწარმოებლები ვერ ყიდიან ამ პროდუქტს კანადაში, რადგან ვინაიდან იმპორტირებულ საქონელს კანადური სააქციზო მარკა ადევს, მყიდველი ფიქრობს, რომ მას აჩეჩებენ კანადურ ლორს და არა ნამდვილ იტალიურს. აი, აქ არის მთავარი პრობლემა."
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ამ ინიციატივას რამდენიმე არაევროპული ქვეყანა უკვე გამოეხმაურა, მაგალითად, სამხრეთი აფრიკა, სადაც, როგორც ვთქვით, ფართოდ არის გავრცელებული ევროპული ვაზის ჯიშები. ლონდონში არსებული სამხრეთი აფრიკის ღვინოების ექპორტიორთა ასოციაციის ოფიციალური წარმომადგენლის, სოფია ვაგოტის თქმით, სამხრეთი აფრიკა მზად არის, 5-12 წლის განმავლობაში თანდათანობით მოაგვაროს სახელებთან დაკავშირებული პრობლემა.

[სოფია ვაგოტის ხმა] "სამხრეთი აფრიკის რესპუბლიკა აპირებს მოლაპარაკების დაწყებას ევროკავშირთან, რათა პორტვეინის, შერისა და აუზოს ნასესხები სახელები, ორიგინალურით შეცვალოს. მაგრამ ეს მოხდება ურთიერთხელსაყრელი შეთანხმების გზით. სახელწოდების შეცვლის სანაცვლოდ, ევროკავშირი შესაძლებლობას მისცემს სამხრეთ აფრიკას, ყოველწლიურად დიდი ოდენობით ღვინოები შეიტანოს ევროპის ბაზარზე, ძირითადი საბაჟო მოსაკრებელის გარეშე."

თუმცა, ამ პროექტს მოწინაღმდეგეებიც ჰყავს. ბრიუსელში არსებული ევრპული პოლიტიკის შემსწავლელი ცენტრის აგროექსპერტის, ანდრეას შნაიდერის თქმით, ევროკავშირის ზოგიერთი წევრი, შესაძლოა არ იყოს მომხრე ამგვარი შეზღუდვისა.

[ანდრეას შნაიდერის ხმა] "ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ შესაძლოა ამით გარკვეული მოგება მართლაც მიიღოს, მაგრამ არც უთანხმოებაა გამორიცხული. მაგალითად, დანიური ყველის შემთხვევაში. დანიელები ამბობენ, რომ ისინი არ არიან აღფრთოვანებულნი სახელწოდების დაცვის ამგვარი პოლიტიკით. მათ, ერთის მხრივ, შესაძლოა დაიცვან ამით საკუთარი პროდუქციის სახელი, მაგრამ, შესაძლოა, მათ სურთ საკუთარი ყველი მთელ მსოფლიოში აწარმოონ, ყოველგავრი შეზღუდვის გარეშე."

მეტიც, ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ სახელწოდების დაცვის პოლიტიკით, ევროკავშირი ცდილობს საკუთარი ბაზარზე სხვა სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის ინტერესები შეზღუდოს.

წამყვანი: როგორც ირკვევა, ევროკავშირის წარმომადგენლებს არ აქვთ ილუზია, რომ მათ წინადადებას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მხრიდან წინააღმდეგობა არ შეხვდება. თუმცა, ევროკავშირი არც უკან დახევას აპირებს, რადგან ამ ორგანიზაციისი წარმომადგენლების განცხადებით, პროდუქციის სახელწოდების დაცვის პროექტი ევროკავშირის სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია.
XS
SM
MD
LG