Accessibility links

logo-print

ვაშინგტონი ერაყის შესახებ ახალი რეზოლუციის პროექტს წარუდგენს გაეროს


ანდრო ეული, პრაღა შეერთებული შტატები ცდილობს გაეროს უშიშროების საბჭოს მიაღებინოს ახალი რეზოლუცია,

რომელიც გაეროს წევრ ქვეყნებს მოუწოდებს - მონაწილეობა მიიღონ სამშვიდობო ოპერაციაში ერაყში, აგრეთვე ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინონ ომით გაჩანაგებულ ამ ქვეყანას. ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ვაშინგტონში, სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მომავალ კვირაში წარუდგენს ხსენებული რეზოლუციის პროექტს გაეროს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გაეროს ეგიდით განთავსებულ მრავალეროვან სამშვიდობო ძალებს ერაყში, ამერიკელი გენერალი უმეთაურებს.


"შეერთებული შტატები უმეთაურებს მრავალეროვან ძალებს ერაყში, და რეზოლუციაში გამოთქმული იქნება მოწოდება შეერთებული შტატების, როგორც სამხედრო კოალიციის ლიდერისადმი, რეგულარულად მოახსენოს გაეროს ერაყში სამშვიდობო ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ" - განაცხადა ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე კოლინ პაუელმა.

მისივე თქმით, რეზოლუციაში მოწოდება იქნება ასევე გამოთქმული ერაყის მმართველი საბჭოსადმი - წარმოადგინოს განრიგი - როდის მოხდება ერაყის გადასვლა თვითმართვად დემოკრატიაზე, აგრეთვე კონსტიტუციის პროექტის მომზადების თარიღი, შექმნას ქვეყანაში ახალი სამთავრობო სტრუქტურები და თავისუფალი არჩევნები მოაწყოს.

კოლინ პაუელმა განაცხადა აგრეთვე, რომ რეზოლუციის პროექტი ბრიტანეთის, საფრანგეთის, რუსეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებს, აგრეთვე გაეროს გენერალურ მდივანს კოფი ანანს გააცნო, და მათი რეაქციით კმაყოფილი დარჩა. მაგრამ რეზოლუციის თაობაზე უშიშროების საბჭოში რთული მოლაპარაკებაა მოსალოდნელი. მაგალითად, უშიშროების საბჭო მიესალმა, მაგრამ არ უცვნია ოფიციალურად ერაყის მმართველი საბჭო, რითაც ეჭვს ქვეშ დააყენა ამ უკანასკნელის ლეგიტიმურობა.

შეერთებული შტატების მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი თხოვნით მიმართავს გაეროს გენერალურ მდივანს კოფი ანანს - არ დაიშუროს რესურსები იმისთვის, რათა ერაყში სათანადო დონეზე ჩატარდეს საყოველთაო არჩევნები. პროექტი მოუწოდებს გაეროს წევრ ქვეყნებს თავიანთი წვლილი შეიტანონ ერაყის პოლიციის გაწვრთნისა და აღჭურვის საქმეში, და სახსრები გაიღონ ერაყში მიმდინარე აღდგენითი სამუშაოების დასაფინანსებლად.

ნიუ-იორკში, ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ემირ ჯონს პერიმ, რომელიც უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობს ამ თვეში მორიგეობით, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ახალი რეზოლუციის მიზანია - ერთიანი საერთაშორისო ფრონტი შეიქმნას ერაყში.

ბრიუსელში, შეერთებული შტატების, ევროკავშირის, იაპონიის, მსოფლიო ბანკისა და გაეროს ოფიციალური წარმომადგენლები თადარიგს იჭერენ დონორი ქვეყნების კონფერენციის მოსაწყობად მომავალ თვეს ესპანეთში, რომლის დღის წესრიგში ერაყში მიმდინარე აღდგენითი პროცესისათვის სახსრების გამოყოფა იქნება.
XS
SM
MD
LG