Accessibility links

რას მოუტანს არაპოლიტიკური სახეების სიმრავლე პოლიტიკურ პარტიებს


გულწრფელობით თავმომწონე ვახტანგ რჩეულიშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ სახელისუფლო ბლოკი დედაქალაქის მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატებად საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს წარადგენს:

მომღერლებს, სპორტსმენებს, რეჟისორებს. რაც მთავარია, ასეთი გადაწყვეტილების ძირითად მოტივად ბლოკის დაბალი რეიტინგი დასახელდა. ხმების მოსაზიდად მსგავს ხერხს სხვა პარტიებიც მიმართავენ.

გესაუბრებით იმის შესახებ, თუ რას მოუტანს არაპოლიტიკური სახეების სიმრავლე პოლიტიკურ პარტიებს.

საარჩევნო სიაში საზოგადოებისთვის საინტერესო პიროვნებების მიწვევა პარტიული ცხოვრების სიახლე არ არის. ადამიანები, რომლებმაც საკუთარი საქმიანობით საზოგადოების პატივისცემა დაიმსახურეს, პარტიულ სიებს ხიბლს ყოველთვის მატებდნენ. მაგრამ წელს პირველად გამოცხადდა, რომ სახელისუფლო ბლოკი აპირებს ამომრჩეველთა ხმები ცნობილი მომღერლებისა და სპორტსმენების მეშვეობით მიიზიდოს. გამოდის, მოქალაქეს სთავაზობენ, ხმა მისცეს არა პოლიტიკოსებს, მათ საარჩევნო პროგრამებს, მათთან დაკავშირებულ იმედებს, არამედ - პოპულარულ მომღერალს თუ მსახიობს. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლება და პოლიტიკური სპექტრი მთლიანად მოწყვეტილია რეალობას.

საქმე გვაქვს სერიოზულ აღრევასთან. პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ჟურნალისტები კარგად აცნობიერებენ, რა არის საზოგადოებრივი ინტერესი და რა - საზოგადოებისთვის საინტერესო. საზოგადოებისთვის საინტერესოა პოპულარული ადამიანების ცხოვრება, მომღერლების, სპორტსმენების, მსახიობების, რეჟისორების, მწერლების პირადი საიდუმლოებები; საზოგადოებისთვის საინტერესოა საჯარო პირთა ოჯახური ცხოვრების დეტალები, მათი კურიოზები, წარმატებები და წარუმატებლობები. ყველაფერი, რაც საზოგადოებისთვის საინტერესოა, მკითხველს შეუძლია წაიკითხოს ჟურნალებში "სარკე", "ბომონდი", "გზა" და მსგავს გამოცემებში, რომლებსაც კრებით სახელად "ყვითელი პრესა" ჰქვია.

სულ სხვაა საზოგადოებრივი ინტერესი. ეს არის იმ მოვლენების ჯამი, რომლებიც ხელს უწყობენ ან აფერხებენ საზოგადოების, სახელმწიფოს განვითარებას. მაგალითად, კორუფციის შესახებ დასაბუთებული ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნება საზოგადოებრივი ინტერესია. აგრეთვე, საზოგადოებრივი ინტერესია კეთილსინდისიერი მასალის, მათ შორის, თუნდაც, კომპრომატის მოპოვება ამა თუ იმ ლიდერზე. კარგი სახალხო დამცველის არჩევაც საზოგადოებრივი ინტერესია, ხოლო მისი ცხოვრების ამბები - საზოგადოებისთვის საინტერესო. ზოგჯერ ჟურნალისტებიც ცდილობენ, საზოგადოებისთვის საინტერესო მასალა მაყურებელს შესთავაზონ, როგორც საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი. ამის მაგალითია სატელევიზიო სიუჟეტები იმის შესახებ, საჭიროა თუ არა სექსუალური აღზრდა სკოლაში; უნდა იდგმებოდეს თუ არა ეროტიკული სპექტაკლები აკადემიურ თეატრებში და ასე შემდეგ... მაგრამ ეს მეტად იშვიათი და ნაკლებად მავნე მოვლენაა.

რა ხდება ამ დროს პოლიტიკაში? პარტიული ლიდერები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც საზოგადოებისგან მხარდაჭერას არ ელოდებიან, ცდილობენ, არჩევნების დღეს საკუთარი ფუნქცია სიმღერით, ცეკვით და სპორტული აზარტით ჩაანაცვლონ. კი არ დაიხმარონ ხელოვანთა ავტორიტეტი, არამედ პოლიტიკაში მათ ხარჯზე დარჩნენ. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებისთვის საინტერესო ადამიანები ამომრჩეველს წარუდგინონ, როგორც საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი ფიგურები; ესე იგი, ადამიანები, რომლებმაც იციან ყველაფერი, პოლიტიკის გარდა, საქართველოს განახლების ფუძემდებლებად მოაჩვენონ საზოგადოებას.

საეჭვოა, რომ საკუთარი ოჯახის პრობლემებით გადაქანცული, გააგრესიულებული, ცხოვრების შეცვლის სურვილით გაჯერებული ამომრჩეველი ადვილად მოტყუვდეს. ძნელი საფიქრებელია, რომ მან საკუთარი ოჯახის შანსი სიმღერასა და ფეხბურთზე გაცვალოს. წარმოუდგენელია, საზოგადოებამ ვერ გაარჩიოს, რა არის მისთვის საინტერესო და რა - მისი განვითარებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი. ქვეყანა რევოლუციის ზღვარზეა და სანახაობა მას მომავალს ნამდვილად ვერ შეუცვლის. ასე რომ, პარტია, რომელიც ამომრჩევლის ნდობის მოპოვებას პოლიტიკოსებით კი არა, მომღერლებით და სპორტსმენებით შეეცდება, უეჭველი მარცხისთვის იქნება განწირული.
XS
SM
MD
LG