Accessibility links

logo-print

არის თუ არა საბოტაჟი ენერგეტიკული კრიზისის მიზეზი


იმ დროს როდესაც საქართველოს ენერგოსისტემა ჭარბ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, მოსახლეობა დენის მწვავე დეფიციტს განიცდის. ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი

საქართველოს რეგიონები მოახლოებული არჩევნების წინ სოციალური მღელვარების ეპიცენტრებად შეიძლება იქცეს თუ დენის უწყვეტი მიწოდება დროულად არ აღდგება. რეგიონების ჩაბნელება განსაკუთრებულ პრობლემებს უქმნის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაბმულ პრეზიდენტ შევარდნაძის სახელისუფლებო ბლოკს, რადგან უდენობა სწორედ მას ბრალდება. ამ ბლოკის ლიდერები თავს საბოტაჟის მომიზეზებით იმართლებენ.

3 სექტემბერს წალენჯიხის რაიონში გამავალი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი კიდევ ერთხელ გახდა დივერსიის მსხვერპლი. ხაზი ავტომატური იარაღიდან დაცხრილული აღმოჩნდა. ბოლო 1 თვის მანძილზე ასეთი ფაქტები იმდენად გახშირდა, რომ ძნელი სათქმელია, ელექტროგადამცემ ხაზზე მომხდარი დივერსიის გამო უკვე მერამდენედ შეუწყდა მომხმარებელს ელექტროენერგიის მიწოდება.

დივერსიებს რომ თავი დავანებოთ, არის დენის შეწყვეტის სხვა, გამოსასწორებლად უფრო რთული პრობლემებიც. კერძოდ კი, გაერთიანებული სადისტრიბუციო კომპანიის უცხოელმა მენეჯერმა, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ამოღების დაბალი მაჩვენებლის გამო, დენის მიწოდება საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს შეუწყვიტა. სწორედ ეს ქმედება შეფასდა საბოტაჟად სახელისუფლებო პოლიტიკური ბლოკის მიერ.

გარკვეულ ეჭვს მართლაც ბადებს ის ფაქტი რომ გაერთიანებული სადისტრიბუციო კომპანიის მმართველი "პი-აი კონსალტინგის" ლობისტი და კონსულტანტი ზურაბ ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილის ყოფილი თანაგუნდელი ზურაბ ნოღაიდელია. წინასაარჩევნოდ კი ოპოზიციისთვის ის არის მომგებიანი, რაც ხელისუფლებას უფრო მეტ პრობლემებს შეუქმნის. მე ამის კომენტირება ზურაბ ნოღაიდელს ვთხოვე.

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] "მე არაფერს არ ვიტყოდი ამაზე, პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარს არ გავაკეთებ. მე დღეს მაქვს საკონსულტაციო ბიზნესი და ჩემს კლიენტებს ვუწევ რჩევებს და კონსულტაციებს ისეთ საკითხებში, რომელიც მათ ინტერესების რეალიზებისთვის გამოადგებათ. პოლიტიკა რომ მდომოდა, თვითონ ვიყრიდი კენჭს."

ეჭვებს ისიც აძლიერებს, რომ თუკი ნოღაიდელის კომპანიას მომხმარებლისათვის მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის ამოღების გაუმჯობესება სურს, მაშინ რეგიონებში დენის საფასურის კარგ და ცუდ გადამხდელს ერთნაირ პირობებში არ ჩააყენებდა.

[ნოღაიდელის ხმა] "ჩვენს არ შეგვიძლია, სამწუხაროდ, დავიდეთ ინდივიდუალურ მომხმარებლამდე, ამის ტექნიკური საშუალებები არ გვაქვს. დაახლოებით ნახევარი მილიარდი დოლარის ინვესტიციაა საჭირო. ეს თანხები ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ მაგაზე არც აგვიღია პასუხისმგებლობა და ჩვენ მაინც უნდა მივაღწიოთ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ამოღებას."

თუმცა იქ, სადაც გაერთიანებულ სადისტრიბუციო კომპანიას ტექნიკური საშუალებები გააჩნია, ანუ გამრიცხველიანებაა გაკეთებული, ელექტროენერგია მაინც დეფიციტურია. მაგლითად, რუსთავში მოსახლეობის დიდი ნაწილის გამრიცხველიანობა კარგა ხნის დასრულებულია. მე რუსთავში მცხოვრებ იანა ლაჩაშვილს ვკითხე, ფულის გადაუხდელობა ხომ არ არის გამრიცხველიანებული მომხმარებლის ჩაბნელების მიზეზი.

[იანა ლაჩაშვილის ხმა] "ფულს ვიხდით, მრიცხველები გამოტანილია უკვე რამდენიმე წელია, ყოველთვიურად დაგვიანების გარეშე ვიხდით საფასურს, მაგრამ გადამხდელებსაც და იმასაც, ვინც არ იხდის, ყველას ერთნაირად ურთავენ. ყველას საკუთარი მრიცხველი აქვს და შეუძლიათ გამორთონ ინდივიდუალურად."

ისევე, როგორც იანა ლაჩაშვილისთვის, ენერგეტიკის ექსპერტებისთვისაც გაუგებარი რჩება, თუ რა მიზანი ამოძრავებთ გაერთიანებული სადისტრიბუციო კომპანიის მენეჯერებს, როდესაც იაფფასიანი ელექტროენერგიის სიჭარბის პირობებში მთელს საქართველოს ელექტროენერგიის გარეშე ტოვებენ.
XS
SM
MD
LG