Accessibility links

სვანეთში ანტიკრიმინალური ოპერაციის დაწყება ჭიანურდება


სვანეთში, კერძოდ მესტიის რაიონში, ანტიკრიმინალური ოპერაციის დაწყების თემა ბოლო დროს პერიოდულად აქტიურდება. სვანეთში შინაგანი ჯარების შეყვანის აუცილებლობაზე უკანასკნელი თვეების

განმავლობაში რამდენჯერმე განაცხადა თავად პრეზიდენტმა შევარდნაძემაც. ამ განცხადებების შესაბამისად, ეგრეთ წოდებული ანტიკრიმინალური პროცესი ეტაპებად განვითარდა - პირველ ეტაპზე შინაგანი ჯარების შეყვანისა და პოლიციის გაძლიერების ნაცვლად, უპირატესობა 200 კაციან ადგილობრივ შეიარაღებულ დაჯგუფებას მიენიჭა. ამან კრიმინალური ვითარება რეგიონში ვერ შეცვალა. პრეზიდენტმა ამ ორიოდე კვირის წინ ანტიკრიმინალური ოპერაციის გეგმა უკვე უშიშროების საბჭოს სხდომაზე მოიწონა. საქმე წინ ვერც ამის შემდეგ წავიდა. პირიქით, 3 სექტემბერს შინაგან საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ სვანეთში ფართომასშტაბიანი სპეცღონისძიების ჩატარება არ იგეგმება.

უკვე მეხუთე დღეა მესტიიდან 10 კილომეტრში სოფელ ლატალიის მკვიდრთა მრავალრიცხოვანი პიკეტი გრძელდება. მოპიკეტეები წესრიგის დამყარებასა და იმ პირთა დასჯას ითხოვენ, რომელთაც 1 სექტემბრის დილას გირგვლიანების სახლს ყუმბარმტყორცნი ესროლეს. გირგვლიანები მომხდარში ჯაფარიძეების ოჯახს ადანაშაულებენ. მანამდე, ამ ერთი თვის წინ, დაუდგენელმა პირებმა სპარტაკ ჯაფარიძის კუთვნილი ავტომანქანა ააფეთქეს. დანაშაული დაზარალებულმა მაშინ გირგვილიანებს მიაწერა. კლანური და ოჯახური დაპირისპირება სვანეთში არავის უკვირს, მაგრამ ჯაფარიძეებისა და გირგვილიანების შუღლი და მტრობა თავისებური ფონი გამოდგა გამოცხადებული ანტიკრიმინალური ოპერაციისთვის. ამ ოპერაციის თაობაზე პრესაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. ერთ-ერთი ამგვარი ინფორმაციით, სვანეთში შინაგანი ჯარების შესაბამისი ქვედანაყოფები რამდენიმე დღის წინ გაიგზავნა და ისინი სხვადასხვა მარშრუტით, ნაწილ-ნაწილ ავიდნენ რეგიონში. აღნიშნულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროებში. ამასვე ადასტურებს მესტიის გამგებელი ერეკლე ჯაფარიძე.
[ერეკლე ჯაფარიძის ხმა] " არ დაწყებულა ჯერა, საუბარი კი არის, მაგრამ ჯერ არ დაწყებულა. "
ერეკლე ჯაფარიძეს ტელეფონით ჩვენ მაშინ დავუკავშირდით, როცა იგი სოფელ ლატალიაში მოპიკეტეებს ხვდებოდა.
[ერეკლე ჯაფარიძის ხმა] "მე გამგებელი ვარ და მინდა რომ არ მოხდეს კიდევ, არ დაიძაბოს მდგომარეობა, დამატებით დანაშაული არ მოხდეს. ჰოდა, ასეთი მომენტებია, რა, სამართალდამცავები ცდილობენ, რომ ამ სიტუაციაში იქნებ ხალხმა თვითონ განმუხტოს სიტუაცია."
მიუხედავად მოუთმენელი კრიმინოგენური დაძაბულობისა, სვანეთში ანტიკრიმინალური ოპერაციის გაჭიანურების ძირითად მიზეზად სწორედ ხალხის ფაქტორი სახელდება. ანუ გარკვეული მოსაზრებით, სვანეთი ძალოვანების დამატებითი ქვედანაყოფების შესაყვანად გაცილებით რთული რეგიონია, ვიდრე პანკისი. ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ხატოვანი გამონათქვამი რომ მოვიშველიოთ, აქ იუველიური სამუშაოა შესასრულებელი - ლანცეტით და არა ნაჯახითა და სპეცოპერაციით. თუმცა, თავის მხრივ, სპეცოპერაციის ხანგრძლივმა ანონსირებამაც უკვე გამოიღო შედეგები - დამნაშავეთა ნაწილი რეგიონიდან გავიდა, მიიმალა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციის მიზანი ზოგადად და განსაკუთრებით სვანეთში კრიმინალების სათარეშო ტერიტორიიდან გასვლა უფროა, ვიდრე მათი დასჯა, მაშინ მართლაც შეიძლება ითქვას, რომ სპეცოპერაცია სვანეთში პრაქტიკულად დაწყებულია.
XS
SM
MD
LG