Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭო ვაშინგტონის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტს იხილავს


ანდრო ეული, პრაღა გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი ქვეყნის წარმომადგენლებმა ერაყის საკითხზე ვაშინგტონის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი განიხილეს.

დოკუმენტი საერთაშორისო თანამეგობრობის უფრო აქტიურ მონაწილეობას ითვალისწინებს ერაყის აღდგენის საქმეში, როცა წამყვანი როლი კვლავაც შეერთებულ შტატებს დაეკისრება. მიმომხილველებს ეჭვი არ ეპარებათ იმაში, რომ ამ რეზოლუციის ინიციატორი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელია, რომელსაც მიაჩნია, რომ სხვა ქვეყნების აქტიური მონაწილეობის გარეშე შეერთებულ შტატებს გაუძნელდება ერაყში უშიშროების უზრუნველყოფა და ინფრასტრუქტურის აღდგენა.

ჯერ კიდევ ორ სექტემბერს, თეთრი სახლი აცხადებდა, რომ გაეროს ინიციატივა ერთ-ერთია იმ მრავალ ვარიანტთაგან, რასაც პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაცია იხილავს ერაყში ძალადობის აღსაკვეთად.

ხოლო მეორე დღეს, სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა ვაშინგტონში განაცხადა, რომ აშშ-მა მოამზადა რეზოლუციის პროექტი იმ იმედით, რომ სამხედრო, ფინანსურსა და დიპლომატიურ დახმარებას მიიღებს ერაყში ახალი სამოქალაქო საზოგადოების დასამყარებლად.

მანამდე კი, თეთრი სახლის ადმინისტრაცია, და უწინარესად თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი აცხადებდა, რომ შეერთებული შტატები, ბრიტანეთი და კიდევ რამდენიმე მოკავშირე, გაეროს ჩარევის გარეშე მოაგვარებენ ერაყის პრობლემას.

იმავდროულად, პოლ ბრემერმა, რომელიც სამოქალაქო ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს ერაყში, ორი უკანასკნელი სტუმრობისას ვაშინგტონში თავის მესვეურებს უთხრა, რომ წესრიგის აღსადგენად ერაყში აუცილებელია ჯარის დამატებითი ნაწილების
განთავსება და სახსრების გამოყოფა, რისთვისაც პენტაგონი არაა მზად.

ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი ბუში დათანხმდა გაეროს როლის გაფართოებაზე ერაყში, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მართალია რამსფელდი იდეოლოგიური ლიდერის როლს ინარჩუნებს ადმინისტრაციაში, პაუელი პრაგმატისტია, და ბოლოს მაინც მის პოზიციას ენიჭება უპირატესობა.

საერთაშორისო მიმომხილველმა ტედ გალენ კარპენტერმა ჯერ კიდევ ოთხი თვის წინათ გააკეთა ამგვარი დასკვნა ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში, როცა პრეზიდენტმა ბუშმა, გადამდგარი გენერალი ჯეი გარნერი გაანთავისუფლა ერაყის სამოქალაქო ადმინისტრაციის უფროსობიდან და მის ნაცვლად სახელმწიფო დეპარტამენტის კანდიდატი პოლ ბრემერი დანიშნა.

საფრანგეთი ჯერჯერობით უარზეა - ვაშინგტონის ახალ რეზოლუციას დაუჭიროს მხარი. საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა, გერმანიის კანცლერ გერჰარდ შრიოდერთან ხუთშაბათს დრეზდენში გამართული მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ ხსენებულ რეზოლუციაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ ძალაუფლება ქვეყანაში, თავად ერაყელებს უნდა გადაეცეს ახლო მომავალში. შრიოდერმა შირაკის პოზიციას დაუჭირა მხარი.
XS
SM
MD
LG