Accessibility links

logo-print

ოპოზიციის საარჩევნო კამპანია


საარჩევნო კამპანიის საწყის ეტაპზე საქართველოს მოსახლეობა ოპოზიციური პარტიებისგან მნიშვნელოვან ნაბიჯებს ელოდა: გაერთიანებას, ხელისუფლების წინააღმდეგ ერთმანეთის თანადგომას და,

რაც მთავარია, კონკრეტულ სამომავლო გეგმებს. არჩევნები ახლოვდება, თუმცა ოპოზიცია საზოგადოებას საინტერესოს, ჯერჯერობით, ვერაფერს სთავაზობს.


3 სექტემბერს საინფორმაციო პროგრამამ "ღამის მზერა" მორიგი ინტერაქტიული გამოკითხვა ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ გადაცემის მაყურებელთა 5% ენდობა საზოგადოებისთვის ცნობილ პიროვნებებს, 5% ენდობა პოლიტიკოსებს, 90% კი აღარავის ენდობა. ამ გამოკითხვის მიხედვით, ოპოზიციამ, მაქსიმუმ, 5%-იანი ნდობა დაიმსახურა. რატომ ვრცელდება უნდობლობის ფაქტორი მთელ პოლიტიკურ სპექტრზე?

იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია ერთ პოლიტიკურ ბანაკად ვერ გაერთიანდებოდა, პარტიებს საშუალება ეძლეოდათ და ევალებოდათ კიდეც, რომ ამომრჩევლისთვის ცალ-ცალკე აეხსნათ სამომავლო გეგმები. ჩვენ კი - რიგით მოქალაქეებს - მკაფიოდ უნდა გაგვემიჯნა, ვინ რას გვთავაზობს.

ახალმა მემარჯვენეებმა შექმნეს პროგრამა, რომელიც 900 დღეში საქართველოს აღმშენებლობას გულისხმობს; მაგრამ პარტიის პოტენციურ მხარდამჭერთაგან არავინ იცის, როგორ აპირებენ "ახლები" ამ მიზნის მიღწევას. ნაციონალურ მოძრაობას აქვს ეკონომიკური პროგრამა, რომლის შესახებ ამომრჩეველმა აგრეთვე არაფერი იცის, მისი ავტორის - მაისაშვილის - გვარის გარდა. ნინო ბურჯანაძემ გამოაქვეყნა პრინციპები, რომლებსაც იგი განუხრელად დაიცავს პოლიტიკაში. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს ქვეყნის გარდაქმნის, განახლების რეალურ გეგმას.

ლეიბორისტულ პარტიაზე საუბარიც ზედმეტია. შალვა ნათელაშვილი, როგორც წესი, გაკეთებულ საქმეებზე საუბრობს და არა გასაკეთებელზე. ვერაფერს ვიტყვით აღორძინების კავშირის, მრეწველთა პარტიისა და ერთობის სამომავლო გეგმებზეც. შესაძლოა, მათ მხარდამჭერებს კონკრეტული საკითხები ნაკლებად აინტერესებთ.

თუ თითოეული ამომრჩეველი ოპოზიციური ლიდერების საჯარო გამოსვლებს დააკვირდება, მიხვდება, რომ ისინი საუბრობენ ყველაფერზე - ხელისუფლებაზე, ერთმანეთზე, წარსულზე, მომავალზე - ოღონდ არაფერს ამბობენ იმის შესახებ, თუ რა კონკრეტულ, თანმიმდევრულ ნაბიჯებს გადადგამს მათი პარტია არჩევნების მოგების შემთხვევაში.

ის, რომ საზოგადოების ცხოვრება და მმართველობითი სისტემა შესაცვლელია, ყველამ ვიცით. მაგრამ არ ვიცით, როგორ უნდა შეაღწიოს თუნდაც სოციალურ სფეროში დადებითმა ტენდენციებმა. ეს სწორედ პარტიების მოსაფიქრებელია. საარჩევნო კამპანია, შესაძლოა, ისე დასრულდეს, რომ ამომრჩეველმა პოლიტიკოსებისგან ერთი ციფრიც ვერ მოისმინოს. ყველაზე მკვეთრად წინასაარჩევნო სულისკვეთება სატელევიზიო რეკლამებში იგრძნობა: პოლიტიკური ლიდერები ან მუსიკის ფონზე ჩანან, ან, თუ რამეს ამბობენ, იმდენად ზოგადს და უინტერესოს, რომ ტელევიზორისთვის ხმის ჩაწევას მოანდომებენ ადამიანს. აი, ასეთია ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია, რომელიც არახალია, ძველია და ჯერ კარგად დავიწყებულიც კი არ არის.
XS
SM
MD
LG