Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

''ამნესტი ინტერნეშნელის'' საანგარიშო მოხსენება სერბიაში პატიმრების წამების შესახებ


ანდრო ეული, პრაღა ხუთშაბათს 4 სექტემბერს, ლონდონში დაფუძნებულმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ "ემნისტი ინტერნეშნელმა" გამოაქვეყნა საანგარიშო მოხსენება,

რომელშიც დეტალურადაა აღწერილი, როგორ აწამებდნენ სერბიის ციხეებში პატიმრებს, რომლებიც იუგოსლავიის ამ ყოფილი რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ზორან ჯინჯიჩის მკვლელობასთან დაკავშირებით დააკავეს. ჯინჯიჩი 12 მარტს იქნა მოკლული ბელგრადში შეიარაღებული თავდასხმის დროს.


"ამნესტი ინტერნეშნლის" საანგარიშო მოხსენებაში აღწერილია წამების სხვადასხვა მეთოდები, რასაც ზორან ჯინჯიჩის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პატიმრების წინააღმდეგ იყენებდნენ სერბიის ციხეებში. საანგარიშო მოხსენება დაზარალებულებისა და მათი დამცველი ვექილების ინტერვიუებზეა დაფუძნებული.

"ამნესტი ინტერნეშნლის" ექსპერტი ბალკანეთის საკითხებში ჰიუჯ პოულტონი ივლისში ეწვია სერბიას და ჯინჯიჩის მკვლელობასთან დაკავშირებით დაკავებული პირების ვექილებსა და ნათესავებს ესაუბრა. პოულტონმა განაცხადა, რომ პატიმრებისადმი უდიერად მოპყრობისა და წამების შემთხვევათა უმრავლესობა მოდის იმ პერიოდზე, როცა ჯინჯიჩის მკვლელობასთან დაკავშირებით სერბიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და უშიშროების ძალებმა ქვეყანაში ოპერაცია "მახვილი" განახორციელეს. აპრილის მიწურულს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ 10,000-ზე მეტი ადამიანი იქნა დაკავებული, რომელთაგან დაახლოებით 4,500 - დააპატიმრეს. მოგვიანებით, ოფიციალური ბრალდება 44 ეჭვმიტანილს წაუყენეს. მათი სასამართლო პროცესები ოქტომბერში დაიწყება.

ვიდრე "ამნესტი" გამოაქვეყნებდა საანგარიშო მოხსენებას, ადრე, სერბიაში პატიმართა წამების ფაქტები ლონდონში დაფუძნებულმა ომისა და მშვიდობის ინსტიტუტმა გამოიძია და ივნისში გამოაქვეყნა საანგარიშო მოხსენება, რომელიც დაზარალებულებისა და მათი ვექილების ჩვენებებზეა დაფუძნებული. ხსენებული ინსტიტუტის თანამშრომელმა დანილ სანტერმა ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში განაცხადა [დანიელ სანტერის ხმა]: "ჩვენი ჯგუფი სერბიაში შეხვდა იმ ადამიანებს, რომლებიც აცხადებენ, რომ წამების მსხვერპლი გახდნენ ოპერაცია "მახვილის" დროს. ერთ-ერთი მათგანი, მაგალითად მილან ვუკოვიჩი 13 მარტს დააპატიმრეს ბელგრადში. იგი ერთი თვე ჰყავდათ დაკავებული, ხოლო შემდეგ ყოველგვარი ოფიციალური ბრალდების გარეშე გაათავისუფლეს."

ვუკოვიჩი, რომელიც საკუთარ რესტორანს ფლობს ბელგრადში, იმაში დაადანაშაულეს, რომ მიეკუთვნება იმ ჯგუფს, რომელიც თითქოს ჯინჯიჩის მკვლელობასთან ყოფილიყოს დაკავშირებული. როგორც დანილ სანტერს უამბო ვუკოვიჩმა, დაკითხვის დროს მას ხელები ჰქონდა შეკრული, ხოლო თავზე, პლასტიკის ტომარა ჩამოაცვეს.

სერბიის ხელისუფლება დაჟინებით აცხადებს, რომ ზორან ჯინჯიჩის მკვლეობასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებს სერბიაში არ ჰქონია ადგილი.

რასიმ ლიაიჩი სერბიისა და ჩერნოგორიის მინისტრია ადამიანის და ეროვნულ უმცირესობათა უფლებების საკითხებში. როგორც ლიაიჩმა უთხრა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს, საერთაშორისო ორგანიზაციებს ჰქონდათ შესაძლებლობა პატიმრები მოენახულებინათ სერბიის ციხეებში და გასაუბრებოდნენ იქ შექმნილი პირობების შესახებ [რასიმ ლიაიჩის ხმა]: "არ გამოვრიცხავ იმის შესაძლებლობას, რომ ჯინჯიჩის მკვლელობასთან დაკავშირებული დაპატიმრებების დროს ძალა იქნა გამოყენებული. რაც შეეხება ციხეებს, უნდა ითქვას, რომ მცველების მხრიდან საერთოდ არ ჰქონია ადგილი ძალის გამოყენებას. პირიქით, საერთაშორისო ორგანიზაციებმა პატიმრებისგან შეიტყვეს, რომ ციხის მცველები მათ კორექტულად ეპყრობოდნენ".

აპრილში, როცა ბელგრადი მძაფრი ზეწოლის ქვეშ მოექცა, სერბიის ხელისუფლებამ, ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარიატისა და ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წარმომადგენლებს ნება დართო სერბიის ცენტრალური ციხე და პოლიციის მთავარი სამმართველო მოენახულებინათ ბელგრადში.

ამ ორი ორგანიზაციის ერთობლივ საანგარიშო მოხსენებაში პატიმართა შესაძლო წამების მხოლოდ ორი შემთხვევაა აღრიცხული.
XS
SM
MD
LG