Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: მარიამ ჭიაურელი, პრაღა 503-ე გამოშვება

წამყვანი:
ძვირფასო რადიომსმენელებო, ახლა, ტრადიციისამებრ, "მეათე სტუდიაში" გეპატიჟებით და ჩვენს ყოველკვირეულ რადიოჟურნალს დავიწყებთ სვანეთში დაგეგმილ ანტიკრიმინალურ ოპერაციაზე მსჯელობით; შევეცდებით, მივაკვლიოთ პასუხს შეკითხვაზე, რას ერჩიან გაზეთ "ბათუმელებს", აგრეთვე გავარკვიოთ, ვინ უმღერის სახელისუფლო ბლოკს. შემდეგი სიუჟეტი კი უჩვეულო შეჯიბრების მოყვარულებს დააინტერესებს - აქვე გაგიმხელთ, რომ ლაპარაკი უმეტესწილად პამიდვრების სროლაზე გვექნება... ბოლოს კი ისევ სერიოზულ თემებს დავუბრუნდებით: გამოვეხმაურებით ფირმა ბლიუტნერის დაარსების 150-წლიან იუბილეს (ჩვენს მსმენელებს შორის მუსიკის მოყვარულებს ალბათ ეცოდინებათ, რომ ლაპარაკი ფორტეპიანოების დამამზადებელ ფირმაზეა). დაბოლოს, გავიხსენებთ ჩარლზ ბრონსონს - ჰოლივუდის ვარსკვლავს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. მეათე სტუდიაში მიკროფონთან მარიამ ჭიაურელია.

[მუსიკა]

სვანეთში დაგეგმილი ანტიკრიმინალური ოპერაციის ზოგიერთი თავისებურების შესახებ

წამყვანი:
საქართველოს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით სვანეთში, საგანგებო, ოპერატიულ-პროფილაქტიკური ღონისძიება უნდა დაიწყოს. ამ მასშტაბის სპეცოპერაციის ჩატარება მას შემდეგ გადაწყდა, რაც საქართველოს მაღალმთიანი რაიონი კრიმინალური ჯგუფების თავშესაფრად გადაიქცა, ხოლო ადამიანის მკვლელობებმა და სხვადასხვა ხასიათის დანაშაულმა კატასტროფულ მასშტაბს მიაღწია. მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ - სანამ უშუალოდ გეგმის დაწყების ბრძანებას გასცემდა,- საკუთარი ანტიკრიმინალური სამზადისის შესახებ რამდენჯერმე გააკეთა საჯარო განცხადება, რაც, ზოგიერთი ექსპერტის თქმით, შესაძლოა, გაუმართლებელი ნაბიჯი იყოს. ამ ზოგიერთი თავისებურების შესახებ კობა ლიკლიკაძე ისაუბრებს.

კობა ლიკლიკაძე:
მთვარობის სხდომაზე, ორი კვირის წინ, საქართველოს პრეზიდენტის ემოციურმა განცხადებამ, შესაძლოა, გაურთულოს საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც სვანეთში სპეციალურ ღოსნიძიებების ჩატარებას გეგმავს. საქმე ის არის, რომ საქართველოს კანონით სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ, იკრძალება მზადების პროცესში მყოფი სპეციალური ღონისძიების შესახებ ინფორმაციის გავრცელება. საქართველოს პრეზიდენტის განცხადების შემდეგ კი მორიგი ანტიკრიმინალური ოპერაციის შესახებ სვანეთში, უკვე მთელი ქვეყანა ლაპარაკობს. არადა, როგორც თბილისში არსებული ტერორიზმისა და პოლიტიკური ძალადობის კვლევების ცენტრის წარმომადგენელი, ბადრი ნაჭყებია აცხადებს, ასეთი მგრძნობიარე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ იკარგება მოულოდნელობის ეფექტი, ინიციატივა გადადის დამნაშავეების ხელში, რომლებმაც, შესაძლოა, დიდი ზარალი მიაყენონ სამართალდამცველებს.

[ბადრი ნაჭყებიას ხმა] "რასაკვირველია, ნებისმირეი სპეცოპერაციის სპეციფიკიდან გამომდინარე, თვითონ სპეცსამსახურები ირჩევენ საკუთარ სტრატეგიას და ტაქტიკას. რასაკვირველია, მოულოდნელობის ეფექტი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ნებისმიერი ოპერაციის სრულფასოვნად ჩასატარებლად."

მაგრამ სვანეთში დაგეგმილი სპეცოპერაციის შემთხვევაში, როგორც ირკვევა, ინფორმაციის წყარო თავად პრეზიდენტია. ამიტომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი პაატა გომელაური აცხადებს, რომ სპეცღონისძიების შესახებ წინასწარი ინფორმაციის გავრცელება ვერანაირად ვერ იმოქმედებს მის მსვლელობაზე.

[პაატა გომელაურის ხმა] "კრიმინალურმა სამყარომ ბევრი რამე არ იცის. ვთქვათ, რაც ბრძანა, ეს პრინციპში იყო პოლიტიკური განცხადება და მიმართულება. ჩვენი კომენტაი კი უფრო კონკრეტული იქნება. აქედან გამომდინარე, თავს ვიკავებთ კომენტარებისაგან. მაგრამ ერთ რამეს მაინც ვიტყვი, რომ ჩვენები უკვე იქ არიან. გარკვეული ნაწილის სპეცილაური დანიშნულებისა."

აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ რამდენიმე ანალოგიური სპეცოპერაცია დაგეგმა კრიმინალური სამყაროსგან ძლიერ დაზიანებულ სხვადასხვა რეგიონებში - პანკისის ხეობაში, შიდა ქართლსა და თავად თბილისშიც კი. და ყოველთვის ამ ღონისძიებებს წინ უსწრებდა ინფორმაციის გავრცელება, რასაც ძალისმიერ სამინისტროებში დამკვიდრებული ტრადიციით პრევენციულ ზომებს უწოდებენ.

თბილისში არსებული ტერორიზმისა და პოლიტიკური ძალადობის კვლევების ცენტრის წარმომადგენელი ბადრი ნაჭყებია არ გამორიცხავს, რომ სვანეთში დაგეგემილი ანტიკრიმინალური სამზადისის შესახებ ოფიციალური არხებით ინფორმაციის წინასწარ გავრცელების შემთხვევაშიც, ანალოგიურ ხელწერასთან გვქონდეს საქმე.

[ბადრი ნაჭყებიას ხმა] "მე ასე მგონია, რომ აქ არის, პირველ რიგში, სტაბილურობის შენარჩუნების მომენტი. გასათვალისწინებელია გარკვეული მენტალიტეტი იქ მცხოვრების მოსახლეობისა. ეს მენტალიტეტი და, ზოგადი ეთნოფსიქოლოგია აუცილებლად გასათვალისწინებელია."

მაგრამ როგორც საქართველოში განხორციელებული სპეცოპერაციების ისტორია ცხადყოფს, ამგვარი პრევენციების შემდეგ, დიდი მასშატბის დამნაშავეები ყოველთვის ახერხებენ მიმალვას და სამართალდამცველთა მიერ საგულდაგულოდ დაგებულ მახეში მხოლოდ წვრილფეხა კრიმინალები ებმებიან.

წამყვანი:
კობა ლიკლიკაძის მონათხრობის კონტექსტში გავიხსენებთ კიდევ ერთ საყურადღებო დეტალს. მსგავსი ხასიათის ინფორმაციის გაჟონვის შემთხვევაში ხელისუფლების ორგანოები, კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ მასმედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებისთვის სხვადასხვა იარლიყის მიწებებასაც არ ერიდებიან. ასე იყო ორაი წლის წინ - პანკისში დაწყებული სპეცოპერაციის წინ, ხელისუფლება ცილისწამებას უწოდებდა ზოგიერთი მასობრივი საინფორმაციო საშუალების ცნობას, ჩეჩენთა შეიარაღებული ფორმირებების მიერ ხევსურეთში მოწყობილი იარაღის სამალავების შესახებ. მაგრამ თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ინფორმაციას დავუჯერებთ, ამ მთიან რეგიონში ბოლო წლის განმავლობაში იარაღისა და საბრძოლო მასალების უკვე მეოთხე სამალავია აღმოჩენილი.
[მუსიკა]

რას ერჩიან გაზეთ "ბათუმელებს"?

წამყვანი:
წინა სიუჟეტში ჟურნალისტებისათვის სხვადასხვა იარლიყის მიწებებაზე ითქვა - 4 სექტემბერს კი თბილისში აღმაშფოთებელი რამ მოხდა: სახელმწიფო კანცელარიაში დაცვის წევრებმა სცემეს აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტს და დაუმტვრიეს ტელეკამერა. მიზეზი: არ შეიძლება სახელმწიფო კანცელარიის უნებართვო გადაღება! პრესაზე ან მასმედიის ცალკეულ წარმომადგენლებზე ძალადობა საქართველოში არ ეუცხოებათ. იმავე აჭარაში, მაგალითად, ძალადობის გაცილებით "ფაქიზ" ფორმებს მიმართავენ. ჩვენი მსმენელებისთვის ცნობილია გაზეთ "ბათუმელების" ისტორია, რომელსაც 25 ივლისს ბათუმის სასამართლომ ამ სახელით გამოსვლის უფლება შეუჩერა. ჟურნალისტებმა გამოსავალი მონახეს: დარეგისტრირდნენ თბილისში "გაზეთ ბათუმელების" სახელით და მუშაობა განაგრძეს. თუმცა, ამ კვირის დასაწყისში სასამართლომ მათ ქონებას ყადაღა დაადო. თუ რატომ - ამას დავით პაიჭაძისგან შეიტყობთ.

დავით პაიჭაძე:
ივლისში ბათუმელებს საქმიანობის უფლება ყურით მოთრეულ არგუმენტებზე დაყრდნობით შეუჩერეს: გაზეთმა აჭარა "პოსტ სკრიპტუმმა" დააფუძნა ჟურნალი ბათუმელები და იმ მოტივით, რომ ერთი და იმავე სახელის მქონე ორი გამოცემის არსებობა არ შეიძლებოდა, გაზეთ ბათუმელებს გამოსვლა აუკრძალეს. რა თქმა უნდა, არაფრად ჩააგდეს ის, რომ გაზეთი ბათუმელები უფრო ადრე იყო რეგისტრირებული. 1 სექტემბერს კი ყადაღა "გაზეთი ბათუმელების" ქონებას სამართლებრივი თვალსაზრისით, არანაკლებ გამართული საბუთით დაედო: რამდენიმე ტვის წინ, გაზაფხულზე გაზეთმა გამოაქვეყნა მზია ამაღლობელის სტატია ბათუმში ძაღლის დაკბენის შემდეგ ბავშვის გარდაცვალების შესახებ, სადაც დაწვრილებით აღწერდა ტრაგედიის გარემოებებს, იმოწმებდა სხვადასხვა წყაროს, არ ამტკიცებდა, რომ ბავშვი მაინცდამაინც ცოფის მსხვერპლი გახდა, თუმცა ყველა მონაცემი არსებობდა ასეთი ეჭვის გასაჩენად. მზია ამაღლობელის პუბლიკაციაზე დაყრდნობით, მოგვიანებით თბილისში გამომავალმა გაზეთმა "ტრიბუნამ" დაბეჭდა ემზარ დიასამიძის წერილი, რომელშიც ავტორი უკვე ღიად აცხადებდა, რომ ბავშვი ცოფისა და ექიმების დაუდევრობის მსხვერპლი შეიქნა, თუმცა ძაღლის პატრონიცა და ექიმებიც ამის დაფარვას ცდილობდნენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ჯერ გაზეთ ბათუმელებს მოსთხოვა ტრიბუნაში გამოქვეყნებული მასალის უარყოფა, რაზედაც უარი მიიღო, შემდეგ კი თავად უჩივლა "ბათუმელებს". მზია ამაღლობელმა მითხრა, რომ მისი პუბლიკაცია ჩივილის საფუძველს არ იძლეოდა, რადგანაც მიუკერძოებლად წარმოაჩენდა მხარეთა მოსაზრებებსა და პოზიციებს. მისი თქმით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა პუბლიკაციის შემდეგ აღიარეს, რომ ხელმოსაკიდი სტატიაში არაფერი იყო. თვეების გასვლის შემდეგ კი იჩივლეს.

[ამაღლობელის ხმა] "კამპანია ჩვენს წინააღმდეგ სულ სხვა მიზეზის გამო დაიწყო. როცა აჭარის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნა ავთანდილ აბაშიძე, ჩვენ ამ მოვლენას რამდენიმე მწვავერეპლიკა მივუძღვენით. დავწერეთ, რომ ასანიძემ კიდევ ერთ კაცს მოუტანა სავარძელი და ავთო აბაშიძის სტრასბურგში ხშირი სიარული სათანადოდ დაფასდა. როცა ის უზენაეის სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნა, დაგვირეკა და გვითხრა, რომ გაგვაუქმებდა, რომ მას აქვს გაზეთების დაძირვა-დალუქვის პრაქტიკა და შემდეგი ჩვენ ვიქნებოდით".

მზია ამაღლობელი ამბობს, რომ აჭარაში გაღიზიანდნენ "გაზეთი ბათუმელების" თბილისში რეგისტრაციით და ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დაიქადა, რომ სეირს უჩვენებდა ჟურნალისტებს. მზია ამაღლობელის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს სწორედ სასამართლომ ურჩია, ეჩივლა "გაზეთ ბათუმელებისათვის".

[ამაღლობელის ხმა] "როგორც იცით, აჭარაში პრესის ახალი კანონი გვაქვს. კანონის ერთ-ერთი მუხლი ჟურნალისტებს ართმევს სენსაციური სათაურების გამოყენებისდ უფლებას".

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ კი, როგორც ჩანს, სასამართლოს წაქეზებით, სენსაციურად შერაცხა საგაზეთო წერილის სათაური და ჩივილის საფუძველიც გაჩნდა. სათაური და ქვესათაური კი ასე ჟღერდა: "დაუდგენელი დაავადება: ცოფი თუ დანაშაული? კონკრეტულ პასუხს დღემდე ვერავინ იძლევა". ამის საფუძველზე სასამართლომ ყადაღა დაადო გაზეთის ქონებას, რომელიც, ჯერჯერობით მას არც ეკუთვნის: გაზეთ ბათუმელებს კომპიუტერები, სკანერი, ლაზერული პრინტერი, ასლის გადამღები მანქანა, ციფრული კამერა, ორი ციფრული დიქტოფონი და ორიც მუდმივი კვების წყარო სოროსის ფონდისგან აქვთ მიღებული იმ გრანტის ფარგლებში, რომელიც ჯერ არ გასრულებულა და ამდენად, ხსენებული ქონება ფონდის საკუთრებას წარმოადგენს. სასამართლომ ეს განჩინება ისე გამოიტანა, გაზეთისათვის არც მოუსმენია.

ბათუმელი ჟურნალისტები გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ, თუმცა ამბობენ, რომ აჭარაში პროცესი განწირულია. ჩვენ კი პრესის შესახებ აჭარის კანონის ზემოთ მოტანილ მუხლს, ინტელექტუალური სიმძლავრის თვალსაზრისით, ერთ ციტატას ამოვუყენებდით. გადაშალეთ ცნობარი "ვინ ვინაა საქართველოში". ნახეთ ცნობები აჭარის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ავთანდილ აბაშიძის შესახებ. ბატონი ავთანდილის კრედოა "სამართლიანობა, პრინციპულობა, შემოქმედებითი საქმიანობა". ბატონი ავთანდილის ჰობია "საქართველოს აყვავება".

დავით პაიჭაძე რადიო "თავისუფლებიათვის, თბილისი
[მუსიკა]

ვინ უმღერის სახელისუფლო ბლოკს?

წამყვანი:
საქართველოს აყვავებისაკენ მისწრაფებას წინასაარჩევნო პერიოდში სხვა პოლიტიკოსებიც გამოხატავენ. ახალი სასწავლო წლის დაწყება სახელისუფლო ბლოკმა "ახალი საქართველო" ვაკის პარკში აღნიშნა. ბლოკის ახალგაზრდულმა ფრთამ 1 სექტემბერს მოაწყო საზეიმო კონცერტი, რომელსაც ავთანდილ ჯორბენაძე დაესწრო. მაგრამ კონცერტს არ დაესწრნენ სახელისუფლო ბლოკის ახალი ჰიმნის შემსრულებლები და ქართული ესტრადის ცნობილი ვარსკვლავები. ჯერჯერობით გაურკვეველია ,ვინ უმღერებს არჩევნების წინ "ახალ საქართველოს". ვაკის პარკში გამართულ აქციას დაესწრო ჩვენი თბილისელი თანამშრომელი გიორგი გვახარიაც, რომელიც თავის შთაბეჭდილებებს გაგვიზიარებს.

[26 მაისის დღესასწაულის წამყვანის ხმა]: 08.20 "მადლობა ედუარდ შევარდნაძეს, ავთანდილ ჯორბენაძეს"

:
ეს იყო ფრაგმენტი 26 მაისს გამართული კონცერტისა, რომელიც სახელისუფლო ბლოკმა რესპუბლიკის მოედანზე გამართა. "ახალი საქართველო" დღესაც თავისი "ესთეტიკური მრწამსის" ერთგული რჩება. 1 სექტემბერს, ვაკის პარკში, ბლოკის ახალგაზრდული ფრთის მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე ჩვენ იგივე ხმები მოვისმინეთ - შეუცვლელი ინტონაციით.

[წამყვანის ხმა]: "ბატონი ავთანდილ ჯორბენაძე, დიდი მადლობა მას, დიდი მადლობა ბლოკს "ახალი საქართველოსათვის"

ერთი განსხვავებით. სახელმწიფო მინისტრი 1 სექტემბერს ხალხში გამოჩნდა და სასწავლო წლის დაწყება მოულოცა ვაკის პარკში, "მუქთა კონცერტზე" დასასწრებად შეკრებილ პუბლიკას - შემთხვევით გამვლელებს, პენსიონერებს, ახალგაზრდა დედებს, ჩვილ ბავშვებთან ერთად და რა თქმა უნდა თინეიჯერებს, რომლებიც "ახალი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გამოჩენას ყაყანითა და მხიარული შეძახილებით შეხვდნენ

[ავთანდილ ჯორბენაძის ხმა]: 00.37 "დღევანდელი დღე მინდა მოგილოცოთ, პირველი სექტემბერი, ყველაზე ლამაზი დღე საქართველოს ძალიან ბევრ ოჯახში... სწავლა, ახალი თაობა "ახალი საქართველოსთვის", ახალი იდეებით... კონცერტებს და სიმღერას გაუმარჯოს საქართველოში"

სახელისუფლო ბლოკი ახალგაზრდებს "კონცერტებსა და სიმღერას" პირდება, თუმცა ვაკის პარკში შეკრებილ საზოგადოებას, რომელიც იმ საღამოს თინეიჯერების კერპების ნიკა სეფისკვერაძის, ქეთა თოფურიას სიმღერას ელოდა, იმედი გაუცრუვდა. კონცერტამდე გავრცელებული ხმების მიუხედავად სახელისუფლო ბლოკის ჰიმნი, რომელიც ჯემალ სეფიაშვილმა დაწერა, რომელიც პირველად 26 მაისს შესრულდა, 1 სექტემბერს არავის უმღერია. ორგანიზატორები ამტკიცებენ, რომ ვაკის პარკში ჰიმნის შესრულება არც იყო დაგეგმილი და ჭორი, თითქოს ახალგაზრდა მომღერლებმა თავად განაცხადეს უარი "სახელისუფლო ჰიმნის" შესრულებაზე, ოპოზიციის მიერაა გავრცელებული, ოპოზიციისა, რომელმაც სახელისუფლო ბლოკის მსგავსად უკვე დაიწყო ესტრადის ვარსკვლავებზე ნადირობა. თავად მომღერლები არც "ჰოს" ამბობენ, არც "არას". "რუსთავის 2"-ის კორესპონდენტთან საუბარში "ახალი საქართველოს" ახალი ჰიმნის ერთ-ერთმა შემსრულებელმა ია ჩანტლაძემ განაცხადა:

[ია ჩანტლაძის ხმა] "ჩვენ იმდენად მაღალი თანამდებობის პირებთან გვაქვს შეხება, რომ ეჭვი არ მეპარება, რომ მათი მხრიდანაც შესრულდება ყველაფერი, რაც უნდა შესრულდეს"

როგორც ჩანს, ‘მაღალი თანამდებობის პირების" ქართული ესტრადის ახალ ვარსკვლავებსაც სჯერათ. თუმცა არ აკონკრეტებენ, რა უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ მათ "ახალ საქართველოს" უმღერონ. ფაქტია, რომ სახელისუფლო ბლოკის ჰიმნი, "გიხაროდენ 2" მათ უკვე შეასრულეს 26 მაისს, დაიწყო მუსიკალურ-სარეკლამო კლიპზე მუშაობაც. არ არის გამორიცხული, რომ ოპოზიცია მართლაც ცდილობს "გადაიბიროს" ახალგაზრდა ვარსკვლავები. ასე რომ მოხდეს, სახელისუფლო ბლოკის ჰიმნის ავტორებს კორექტივების შეტანა მოუწევთ სიმღერის ტექსტში:

[მუსიკა. "ახალი ხმები ახალ საქართველოს".0.11. "ციდან მოდის სამართალი"

"ახალი საქართველო" დარწმუნებულია, რომ "სამართალი ციდან მოდის". შესაძლებელია, ამიტომაც დაიწყო საპირველსექტემბრო კონცერტი მოსალოცი ბარათების წვიმით, რომელიც ორადგილიანი თვითმფრინავიდან ვაკის პარკში "წამოვიდა". ვარკვლავების ცვენა არ შედგა - თუმცა "მუქთა კონცერტზე" თავმოყრილი ხალხი გაეცნო თვითმფრინავიდან გამოგზავნილ ბარათებს, რომელმაც ნარდის სათამაშოდ,, ვაკის პარკში მოკალათებულ ერთ პენსიონერს ათქმევინა, ამათ ცა ქუდად არ მიაჩნიათ და დედამიწა ქალამნადო.

გიორგი გვახარია რადიო "თავისუფლებისათვის", თბილისი
[მუსიკა]

უცნაური შეჯიბრების მოყვარულთათვის

წამყვანი:
ვარსკვლავების ცვენისა რა მოგახსენოთ, მაგრამ შეგვიძლია პამიდვრის ცვენაზე მოგითხროთ... საქმე ის არის, რომ სექტემბერში, პამიდვრის მოსავლის აღებისას ესპანეთის პატარა ქალაქ ბუნოლში სტუმრობა სახიფათო ავანტიურა შეიძლება გამოდგეს. განსაკუთრებით იმათთვის, ვისაც თეთრი ტანსაცმელი უყვარს, ანდა ვისაც პამიდვრის მიმართ ალერგია აქვს. პამიდვრის ყოველწლიური ფესტივალის, "ლა ტომატინას", მწვერვალია პამიდვრით ხელჩართული ბრძოლა, რომელშიც ნებისმიერს შეუძლია მონაწილეობა. ამ უჩვეულო სანახაობის მონაწილეები ტონობით პამიდორს ესვრიან ერთმანეთს. როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტებმა, კეტლინ ნოქსმა და ანტუან ბლუამ მოიძიეს, პამიდვრების სროლის გარდა სხვა მრავალი უცნაური შეჯიბრიც არსებობს. მობილური ტელეფონების, თევზების, პატარა ადამიანების სროლაც კი შეიძლება იყოს შეჯიბრის თემა! ამისა და კიდევ ბევრი სხვა უცნაურობის შესახებ ბიძინა რამიშვილისგან შეიტყობთ.

[პამიდვრების დღესასწაულის მონაწილეთა ხმა]

ბიძინა რამიშვილი:
ვერ დავიჩემებ, რომ პამიდვრების სროლა მაინც და მაინც ჩემი საყვარელი სპორტი იყოს. მაგრამ ათასობით ადამიანისთვის რომ ეს ასეა, ამაში ყოველ წელს შეგიძლიათ დარწმუნდეთ, ბუნოლში თუ ჩახვალთ.

[პამიდვრის მსროლელი ქალის ხმა] "ყველგან პამიდორია. ცხვირში, ყურებში. მაგრამ კარგი დრო გავატარეთ, მაგრა ასწორებს."

მკაცრად თუ ვიმსჯელებთ, "ლა ტომატიტა" შეჯიბრი არც არის. იგი უფრო გასართობი ღონისძიებაა. მაგრამ მსოფლიოში არსებობს მთელი რიგი სხვა ეგზოტიკური გართობები, რომელთაც შეჯიბრის ხასიათი აქვს.

მაგალითად, გასულ კვირაში ფინეთის ქალაქ სავონლინაში გაიმართა შეჯიბრი მობილური ტელეფონების სროლაში.
კრისტინე ლუნდი შეჯიბრის მთავარი მენეჯერია. შეჯიბრის იდეა მას და მის კოლეგებს დაებადათ, ვინაიდან მობილური ტელეფონებით იყვნენ ნერვებმოშლილი.

[ლუნდის ხმა] "ჩემის აზრით, შეჯიბრი იმითაა მიმზიდველი, რომ უმეტესი ჩვენგანისთვის ტელეფონი თუ მობილური ტელეფონი გრძნობებთან და ემოციებთანაა დაკავშირებული. ტელეფონი რეკავს, როცა არ მოელი მის ზარს. და როცა მართლა ელი ვიღაცის ზარს, არა და არ რეკავს. ასე რომ, ტელეფონს მრავალ დადებით და უარყოფით ემოციას ვუკავშირებთ. და ამ გრძნობებისგან გათავისუფლებაში გეხმარება ტელფონის საერთოდ გადაგდება".

სპორტის სოციოლოგი ერიკ დანინგი მიიჩნევს, რომ ამგვარი მოვლენები ახირება უფროა, ვიდრე სპორტი. მაგრამ, მისი თქმით, ეს შეჯიბრები ხშირად ნამდვილ სპორტულ თამაშებს უდებს ხოლმე საფუძველს. მაგალითად, ფეხბურთს, რაგბის, ამერიკულ ფეხბურთს, ბეისბოლს და ა.შ.

დღესდღეობით ყველაზე საეჭვო რეპუტაციის ამგვარი შეჯიბრია ჯუჯების სროლა. გამარჯვებულია ის, ვინც უფრო შორს მოისვრის ჯუჯას ან ჩია ტანის ადამიანს. ერთ-ერთმა ასეთმა ჯუჯამ, ფრანგმა დანიელ ვაკენაიმმა ჩვენს კორესპონდენტებთან საუბარში თქვა, რომ მას ევროპის ბარებსა და ღამის კლუბებში წლების მანძილზე ისროდნენ აქეთ-იქით და ამისთვის მას საათში 300 ევრომდე უხდიდნენ.

[ვაკენაიმის ხმა] "ამერიკული ფეხბურთელის მაგვარად ვიყავი ჩაცმული. დამცავი მეკეთა მხრებზე, მუხლებზე და ხელებზე. თავზე ჩაფხუტი მეხურა. შეჯიბრის მონაწილეს ჩემს ზურგზე დამაგრებული ღვედისთვის უნდა ჩაევლო ხელი და რაც შეიძლება შორს უნდა მოვესროლე 80 სანტიმეტრის სისქის და 5 მეტრის სიგრძის ხალიჯაზე."

ვაკენაიმისთვის საუბედუროდ, ყველას არ აღაფრთოვანებდა მსგავსი დროსტარება. მან სამსახური დაკარგა, მას მერე, რაც 90-იანი წლების შუაში საფრანგეთში აიკრძალა ჯუჯების სროლა.

კვლავ სოციოლოგ დანინგს თუ დავიმოწმებთ, როგორც წესი, აღიარებენ იმ დისციპლინას, რომელსაც ოლიმპიური თამაშების პერსპექტივა აქვს.

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ: ჯუჯების სროლა, როგორც ოლიმპიური დისციპლინა? ძნელი სათქმელია. მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, ნაადრევად ნუ "მოისვრით" ამ იდეას….

[მუსიკა]

"ბლიუტნერი" 150 წლისაა

"ბლიუტნერის ფორტეპიანო მღერის - ამაზე უკეთესს ინსტრუმენტზე ვერაფერს იტყვიო", - ეს სიტყვები დიდ გერმანელ დირიჟორს, ვილჰელმ ფურტვენგლერს ეკუთვნის. ქება არ დაუშურებიათ არც სხვა მუსიკოსებსა, თუ გვირგვინოსნებს: ადამიანებს, ვისაც გასული საუკუნენახევრის მანძილზე შეხება ჰქონია ფორტეპიანოებთან სამარკო წარწერით "ბლიუტნერი". ამ ადამიანების ჩამოთვლა მეტისმეტად შორს წაგვიყვანდა: რად ღირს თუნდაც იოჰანეს ბრამსის, რიჰარდ ვაგნერის, ფრანც ლისტის, პიოტრ ჩაიკოვკის, დმიტრი შოსტაკოვიჩის, კლოდ დებუსის, დედოფალ ვიქტორიას, იმპერატორ ნიკოლოზ მეორის სახელები.

ამ დღეებში ბლიუტნერი, უფრო ზუსტად "იოზეფ ბლიუტნერის საფორტეპიანო ფაბრიკა" დაარსების 150-ე წლისთავს აღნიშნავს და ამაყობს იმით, რომ, თუ ფირმის მენეჯერის ინგბერტ ბლიუტნერ-ჰესლერის სიტყვებს მოვიშველიებთ, "დღემდე ერთგულობს თბილ, რომანტიკულ ჟღერადობას".

[მუსიკა]

იოზეფ ბლიუტნერი 29 წლისა იყო, როცა ლაიფციგში ფირმა დააარსა და სამ შეგირდთან ერთად ფორტეპიანოების დამზადებას შეუდგა. ეს 1853 წელს მოხდა, სულ მალე კი ფირმაში 800-მდე ადამიანი იყო დასაქმებული - ბლიუტნერის კომპეტენტურობამ და მონდომებამ ფაბრიკა ევროპის ერთ-ერთი უდიდესი მანუფაქტურა გახადა. მას შემდეგ გასული საუკუნენახევრის მანძილზე 151 000-ზე მეტი ფორტეპიანოა შექმნილი. 1997 წლის, ანუ ფირმის ახალ ფაბრიკაში გადასახლების შემდეგ, წლიურად 400-500 ინსტრუმენტი -პიანინო და როიალი - მზადდება, მათი თითქმის ყველა ნაწილი - ხელით. "მანქანა ვერასოდეს შეცვლის ადამიანის ხელს. ჩვენი ინსტრუმენტები ყოველთვის ინდივიდუალური პროდუქტებად დარჩებაო", ამბობს ბლიუტნერ-ჰესლერი, რომლის ფირმაშიც თითოეული პიანინოს შექმნას 180 საათის, თითოეული როიალისას კი 350 საათი შრომა სჭირდება...

რუდუნება არ აკლია არც ფორტეპიანოებს, გერმანიის დანარჩენი ცნობილი ფირმები რომ ამზადებენ - ესენია "ბეხშტაინი", "ციმერმანი", "აუგუსტ ფიორსტერი", "ირმლერი". გერმანელი იყო სახელგანთქმული "სტეინვეის" შემქმნელიც. დღეს გერმანიაში ყოველწლიურად ასე, 10 000 პიანინო და 3 000 როიალი მზადდება და, ვინაიდან მათ უცხოეთშიც აფასებენ, ინსტრუმენტების 50-მდე პროცენტი ექსპორტზე მიდის - უმეტესწილად შეერთებულ შტატებში, ინგლისში, საფრანგეთში, იაპონიაში. ასე, რომ დღესაც გრძელდება ტრადიცია, რომელიც საქართველოშიც დიდი ხნის წინ დამკვიდრდა: ვისაც სერიოზულად განუზრახავს ფორტეპიანოზე დაკვრის რთული ხელოვნების დაუფლება, გერმანულ ინსტრუმენტზე უკრავს. გერმანული ფორტეპიანო ხომ, თუნდაც "ბლიუტნერი", საუცხოო ფორტეპიანოს სინონიმია...

[მუსიკა]

რკინის კაცი ჩვილი გულით. ჩარლზ ბრონსონის გარდაცვალების გამო

წამყვანი:
შაბათს ლოს ანჯელესში, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა ჰოლივუდის კიდევ ერთი ვარსკვლავი - ჩარლზ ბრონსონი. როგორც მისმა მდივანმა ლორი ჯონასმა გამოაცხადა, "რკინის კაცად" მონათლული კინომსახიობი ფილტვების ანთებამ შეიწირა. მის შემოქმედებას დავით კაკაბაძე გაიხსენებს.

[მუსიკა კინოფილმიდან "შესანიშნავი შვიდეული"]

დავით კაკაბაძე:
ჩემი თაობის ბიჭების ცნობიერებაში ჩარლზ ბრონსონი "შესანიშნავი შვიდეულის" ერთ-ერთ წევრად შემოვიდა, პერსონაჟად ფილმისა, რომელმაც არა მარტო ეპოქა შექმნა "ვესტერნის" ჟანრის კინემატოგრაფში, არამედ მილიონობით მოზარდისთვის ვაჟკაცობის, მეგობრობის, ურთიერთგატანის ერთგვარ სკოლადაც იქცა.

ვისაც ეს ფილმი უნახავს - კინოს მოყვარულთა შორის კი, ალბათ, ცოტა ვინმე თუ მოიძებნება, "შესანიშნავი შვიდეული" ნანახი რომ არ ჰქონდეს - უთუოდ ეხსომება ფერნანდო ო'რეილი - "რკინის კაცი" ჩვილი გულით, უშიშარი მეომარი, მარტოსული და, ამავე დროს, ბავშვების მოყვარული და მოსარჩლე, რომელსაც სიცოცხლეს სწორედ ბავშვებზე ზრუნვა მოუსწრაფებს.

ვინც ჩარლზ ბრონსონს იცნობდა, ამბობს, რომ იგი ცხოვრებაშიც ასეთი იყო: ფაქიზი ბუნების, თავმდაბალი, სიტყვაძუნწი კაცი, რომელსაც მართლა განსაკუთრებით უყვარდა ბავშვები. ამბობენ იმასაც, რომ ბრონსონს - სამსახიობო კარიერის მწვერვალზე ყოფნის წლებშიც კი არ დავიწყებია, საიდან მოდიოდა: პენსილვანიის შტატში, ლიტველი ემიგრანტების მრავალშვილიან ოჯახში დაბადებულმა კარგად იცოდა, რა იყო გაჭირვება: ათი წლისას მამა მოუკვდა, 16 წლისა პენსილვანიის ქვანახშირის მაღაროებში მუშაობით უხდებოდა ლუკმა-პურის შოვნა დედისა და უმცროსი და-ძმისთვის, 22 წლისა ჯარში კი გაიწვიეს, სადაც სატვირთო ავტომანქანის მძღოლად მსახურობდა. დემობილიზაციის შემდეგ ბრონსონმა (რომლის ნამდვილი გვარი ბუჩინსკი იყო) თავი კალატოზად და მზარეულადაც სცადა, და ვიდრე - 30 წლისა - ჰოლივუდის ერთ კომედიაში ეპიზოდურ როლს შესთავაზებდნენ, ერთხანს ზეთისხილის პლანტაციაზეც იმუშავა მკრეფავად.

რაც შეეხება იმ ეპიზოდურ როლს, თავად მსახიობმა მრავალი წლის შემდეგ აღიარა, უამრავ კანდიდატს შორის მხოლოდ იმიტომ შემარჩიეს, რომ შეკვეთით შემეძლო ბოყინიო.

მას შემდეგ ჩარლზ ბრონსონმა ასზე მეტ ფილმში მიიღო მონაწილეობა, ოღონდ დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ როლებს მას სულ სხვა თვისებების გამო სთავაზობდნენ. მსახიობის პოპულარობას, რეჟისორ ჯონ სტერჯესის ზემოთ ნახსენები "შესანიშნავი შვიდეულის" გარდა, დიდად შეუწყო ხელი მონაწილეობამ 60-იან წლებში გადაღებულ კიდევ ორ ფილმში: იმავე სტერჯესის "ბინძურ დუჟინში" და რობერტ ოლდრიჯის "დიდ გაქცევაში".

ამ სათავგადასავლო სურათებში შესრულებულმა როლებმა ბრონსონს პოპულარობა კი მოუტანა, მაგრამ კიდევ ათი წელიწადი გავიდა მანამ, სანამ მას ჰოლივუდში უმაღლესი რანგის ვარსკვლავად აღიარებდნენ. ეს მოხდა 1974 წელს, როცა ეკრანებზე გამოვიდა ფილმი "Death Wish" - "სიკვდილის სურვილი". ამ ფილმის რეჟისორმა, მაიკლ უინერმა, გაზეთ "ნიუ იორკ ტაიმსის" კორესპონდენტთან საუბარში ბრონსონის გმირის არნახული წარმატება ასე ახსნა: "მსახიობ ბრონსონის საიდუმლო შეკავებულ ბრაზშია. მისი გმირის ცქერისას ისეთი გრძნობა გეუფლება, რომ ეკრანს ერთი წამითაც არ უნდა მოწყვიტო მზერა, თორემ შეიძლება გამოგრჩეს, როგორ ამოხეთქავს ემოციები." ამასთანავე უინერი იმასაც აღნიშნავს, რაზეც ამ ორიოდე წუთის წინ უკვე ვისაუბრეთ: "უაღრესად დამუხტულ მამაკაცურ დინამიზმთან ერთად ბრონსონში საოცარი სიფაქიზე იგრძნობა. ხიფათისა და სინაზის ეს კომბინაცია იყო, რაც განსაკუთრებით ხიბლავდა ქალებსო" - დასძენს კინორეჟისორი, რომელიც ბრონსონს კარგად იცნობდა და იგი, სხვათა შორის, კიდევ ორ ფილმში გადაიღო.

ჩარლზ ბრონსონის მონაწილეობით გადაღებული ფილმების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა. მაგრამ არ შეიძლება, ამ მსახიობზე ვსაუბრობდეთ, და არ ვახსენოთ სერჯო ლეონეს 1968 წელს გადაღებული ვესტერნი "ერთხელ, დასავლეთში", რომელშიც ბრონსონმა დაუნდობელი შურისმაძიებლის დაუვიწყარი სახე შექმნა. "შესანიშნავ შვიდეულში" შესრულებულ მის როლთან ერთად, ბევრს მეხსიერებაში ის ჩარლზ ბრონსონი დარჩება, რომელიც თავისი მამის მკვლელს განუყრელი პირის ჰარმონიკით ხელში დაეძებს.

[მუსიკა კინოფილმიდან "ერთხელ, დასავლეთში"]

წამყვანი: ყოველკვირეული რადიოჟურნალი "მეათე სტუდია" დასასრულს მიუახლოვდა. ის პრღაში მოამზადეს დავით კაკაბაძემ, კობა ლიკლიკაძემ, ბიძინა რამიშვილმა და მარიამ ჭიაურელმა. რადიო "თავისუფლების" თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. გადაცემას მარიამ ჭიაურელი უძღვებოდა. მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისათვის და გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე რადიო "თავისუფლების" ეთერში.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG