Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როდის დატოვებს საქართველოს ტერიტორიას რუსეთის სამხედრო ბაზები


რუსეთსა და საქართველოს შორის უთანხმოებისა და დაპირისპირების ერთ-ერთ მთავარ თემად კვლავ რჩება საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზების ბედი.

ბოლო 3 წლის მანძილზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უშედეგოდ ცდილობს მოლაპარაკებების გზით მოსკოვი რუსული სამხედრო ბაზების გაუქმებაზე დაიყოლიოს. მოსკოვი ან მოლაპარაკებათა გაჭიანურების გზით იცილებს თავიდან თბილისის მოთხოვნებს, ან კიდევ თავად აყენებს კონტრმოთხოვნებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოსკოვში გაგზავნილი 10-მდე ნოტის მიუხედავად, რუსული მხარის სურვილის არქონის გამო, 6 თვის მანძილზე ვერა და ვერ მოხერხდა სამხედრო საკითხებზე ორი ქვეყნის ექსპერტთა მორიგი შეხვედრის მოწყობაც კი. 6 თვიანი პაუზის შემდეგ რუსი და ქართველი ექსპერტები სამხედრო თანამშრომლობის საკითხებზე მოსალაპარაკებლად 2-3 სექტემბერს თბილისში შეხვდნენ.

[კახა სიხარულიძის ხმა] "ეს ძალიან სასიამოვნოა, იმისდა მიუხედავათ, ჩვენ მივაღწიეთ თუ არა პროგრესს, მაგრამ ხშირად უნდა შევხვდეთ ერთმანეთს, აუცილებლად, იმიტომ, რომ არ შეიძლება რა კარგ საქმეზეც არ უნდა მოილაპარაკო 7 თვე შემდეგ საუბარს თუ არ გააგრძელებ, კარგი ინიციატივაც დავიწყებას მიეცემა ხოლმე, მითუმეტეს ცუდიც."

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის კახა სიხარულიძის ამ ნათქვამიდანაც ჩანს, რომ ქართულ მხარეს მოსკოვმა რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრაც კი მოანატრა. თუმცა მონატრებულ რუს ექსპერტებთან გამართული მოლაპარაკებები სულაც არ აღმოჩნდა ოფიციალური თბილისისთვის სასიამოვნო.

რუსეთის წარმომადგენლებმა უარი განაცხადებს უცხოელი დამკვირვებლების მიერ გუდაუთის სამხედრო ბაზის ინსპექტირებისათვის უსაფრთხოების პირობების უზრუნველყოფაზე, თუმცა კი სამშვიდობო ძალების დებულების მიხედვით, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში უცხოური დელეგაციების უსაფრთხოების დაცვა რუსეთის სამშვიდობო ძალების მოვალეობას წარმოადგენს.

პირიქით, რუსმა ექსპერტებმა გუდაუთის სამხედრო ბაზის აღდგენა, მისი ინფრასტრუქტურის სრულად შენარჩუნება და ამ საფუძველზე შედარებით მცირე, მაგრამ სრული სამხედრო დატვირთვის მქონე ბაზის შექმნა მოითხოვეს. ეს საერთაშორისო სამართლის ექსპერტების შეფასებით, 1999 წელს სტამბოლში დადებული ხელშეკრულების პირდაპირი დარღვევაა. რუსული მხარის ამ ახალ ინიციატივას ოფიციალური თბილისის მკაცრი რეაქციაც მოჰყვა. თუმცა თუ რას შეცვლის მკაცრი დიპლომატიური ტონით გაკეთებული განცხადება, ძნელი სათქმელია, რადგან საქართველო რუსეთზე ზემოქმედების თითქმის არც ერთ ბერკეტს არ ფლობს.

თითქმის ერთადერთი, რაც საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო - რუსეთისგან სამხედრო ბაზების საქართველოში ყოფნისა და საქართველოდან გატანილი ქონების საფასური მოითხოვა. ჯერჯერობით ამ დავალიანების მოცულობა არავის განუსაზღვრავს, თუმცა შეიძლება დაახლოებით ითქვას, რომ რუსეთის დავალიანება საქართველოს მიმართ 5 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს. რუსული მხარის განცხადებით, ამ საკითხებზე ორმხრივი ხელშეკრულება არ არსებობს.
თუმცა არ არსებობს ბაზების საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის ხელშეკრულებაც და, შესაბამისად, მოსკოვმა ბაზების დემონტაჟი, თბილისის მოთხოვნის თანახმად, 3 წელიწადში უნდა განახორციელოს. მოსკოვი კი ამას 11 წლის შემდეგ აპირებს და 2003 წლის ბოლომდე მხოლოდ საგარეჯოს სამხედრო საწყობის დაცლის პირობას დებს.
XS
SM
MD
LG