Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა ჩეჩნეთი, წინასაარჩევნო კამპანია რუსეთში და გერმანიის კაცლერ გერჰარდ შრიოდერის ერთდღიანი ვიზიტი პრაღაში

- ამ საკითხებს შევეხებით უცხოეთის პრესის დღევანდელ მიმოხილვაში. როგორც გაზეთ "მონდის" მიმომხილველი სოფი შიჰაბი აღნიშნავს, 1999-ტი 2000-სი წლების ზამთარში ალყაში მოქცეული ჩეჩნეთი პრეზიდენტად არჩევაში დაეხმარა ვლადიმირ პუტინს. ფრანგი ჟურნალისტი წერს:

"ვინ იფიქრებდა რომ ომი ოთხ წელიწადს, დღემდე გაგრძელდებოდა ჩეჩნეთში, სადაც ტერორი, წამება და გატაცებები ყოველდღიურ მოვლენად იქცა. ჩეჩნეთის პირველი 1994-96-ი წლების ომის შემდეგ, სეპარატისტთა წინააღმდეგობის რადიკალიზაცია მოხდა. ჩეჩნეთის პრეზიდენტმა ასლან მასხადოვმა, რომელიც ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ეგიდით იქნა არჩეული, არაერთგზის დაგმო თავდასხმები მშვიდობიან მოქალაქეებზე. მაგრამ მასხადოვი მთლიანად გამიჯნა რუსეთის ხელმძღვანელობამ და ამდენად, უცხოელ ისლამისტთა გავლენის ობიექტად აქცია. ახალგაზრდა ჩეჩნები, ვინც ვერ დააღწია თავი გაუთავებელ რეიდებსა და ხოცვა-ჟლეტას, იძულებული არიან პრომოსკოვურ მილიციაში იმსახურონ, ან მეამბოხეთა მხარდამხარ იბრძოლონ."

გაზეთი "ველტი" კომენტარით გამოეხმაურა ჩეჩნეთში გამოცხადებულ ამნისტიას. სარედაქციო სტატიაში ვკითხულობთ:

"სრული კრახით დამთავრდა ამნისტია, რომლის ვადა ჩეჩნეთის პრეზიდენტის არჩევამდე 4 კვირით ადრე ამოიწურა. სულ 171-მა ჩეჩენმა ისარგებლა ამნისტიით. ამასთანავე სხვადასხვა მონაცემებით, 1,500-დან 3,000-დე ჩეჩენი კვლავაც შეიარაღებული ოპოზიციის რიგებშია. გაცილებით უფრო აქტიურები აღმოჩნდნენ რუსი სამხედროები, რომლებზეც ასევე ვრცელდებოდა ამნისტია მათი მხრიდან სამართალდარღვევის შემთხვევაში. ამათგან პატიება 226-მა სამხედრომ ითხოვა. ჩეჩნეთის პრომოსკოვური ადმინისტრაცია კმაყოფილია ამნისტიის შედეგებით, ხოლო ასლან მასხადოვის მრჩევლები ამტკიცებენ, რომ იარაღი არ დაუყრია არცერთ ჩეჩენ მეამბოხეს, და რომ ამნისტიით პრომოსკოვური ადმინისტრაციის მხოლოდ იმ თანამშრომლებმა ისარგებლეს, ვისაც კრიმინალური წარსული აქვს".

გერმანიის გაზეთი "ჰანდელსბლატი" რუსეთში წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით სარედაქციო სტატიაში წერს:

"ექსპერტთა აზრით, მიმდინარე ბრძოლის სამიზნე მომავალი - 2008 წელია, როცა ვლადიმირ პუტინი პრეზიდენტობის მეორე ვადას ამოწურავს. ამიტომაცაა, რომ თავად კრემლში ხდება მთავარი ინტრიგები. ამ ინტრიგების საჯარო გამოვლინება იყო პუტინის წყალობით მოქმედი ორი პარტიის, სახალხოსი და ერთიანი რუსეთის მოულოდნელი გამოჩენა. იმ დროს, როცა ერთიან რუსეთს ელცინის ოჯახის წარმომადგენელი ალექსანდრ ვოლოშინი მფარველობს, სახალხო პარტიას კამპანია აქვს გაჩაღებული ოლიგარქების წინააღმდეგ, და ეს ბრძოლა დაიწყეს კაგებეში დაღვინებულმა იმ ფუნქციონერებმა, რომლებმაც რუსეთის სიმდიდრეების განაწილებისას ვერ მოასწრეს თავიანთი წილის მიღება".

ხოლო ქალაქ მიუნხენში გამომავალი გაზეთი "ზიუდდოიჩე ცაიტუნგი" იმაზე ამახვილებს ყურადღებას, როგორ განამტკიცეს რუსეთის ხელისუფლებაში თავიანთი პოზიციები ყოფილი კაგებეს თანამშრომლებმა. გაზეთი წერს:

"ზოგჯერ დეტალი მრავლის მეტყველია. რუსეთში ნაკომანიასთან ბრძოლის სამსახურის ერთ-ერთი ხელმძღვანელის სავიზიტო ბარათზე კვლავაც კაგებეს ემბლემაა გამოსახული. და მართლაც, კაგებეს ყოფილმა აგენტებმა კარგა ხანია უკვე წამყვანი პოზიციები დაკავეს რუსეთში. და ბევრი მათგანი როგორც ჩანს, დღემდე ვერ ეზიარა დემოკრატიულ ფასეულობებს. დასავლეთში უკვე აღარ აინტერესებთ პასუხი შეკითხვაზე, "ვინა ხართ თქვენ, ბატონო პუტინო", ვინაიდან საგარეო პოლიტიკაში რუსეთის პრეზიდენტმა დახვეწილი დიპლომატის ნიჭი გამოავლინა და აღადგინა მსოფლიო არენაზე რუსეთის გავლენიანი როლი. თუმცა, საშინაო პოლიტიკაში პუტინის წარმატება არაა შთამბეჭდავი. დღეს რუსეთში, დემოკრატიული ფასადის მიღმა იქმნება ნახევრადავტორიტარული სისტემა და მიამიტობა იქნებოდა დაიმედება, რომ რამდენიმე წელიწადში იქ დასავლური ყაიდის დემორატია დამკვირდება".

დღევანდელი მიმოხილვის ბოლოს გთავაზობთ გაზეთ "გარდიანში" გამოქვეყნებულ სტატიას პარასკევს პრაღაში გერმანიის კანცლერ გერჰარდ შრიოდერის ერთდღიან ვიზიტთან დაკავშირებით. სტატიაში ვკითხულობთ:

"პრაღაში ერთდღიანი სტუმრობისას, პარასკევს, გერჰარდ შრიოდერი შეეცადა ბოლო მოეღოს ჩეხებსა და გერმანელებს შორის დღემდე შემორჩენილ უთანხმოებას იმასთან დაკავშირებით, რომ 1945 წელს ჩეხებმა, 2,5-რი მილიონი სუდეტელი გერმანელი ქვეყნიდან გააძევეს. გერმანიის კანცლერს ევროკავშირის გაფართოების საკითხი უნდა განეხილა პრაღაში, მაგრამ მოლაპარაკებას ათეული წლების წინათ მომხდარმა უთანხმოებამ მიაყენა ჩრდილი. შრიოდერმა სთხოვა ჩეხებს ნუ დაიმძიმებენ თავს წარსულით."
XS
SM
MD
LG