Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოსტ-კონფლიქტური მოდელი: კოალიციამ უსაფრთხოებას მიხედოს, გაერომ - პოლიტიკურ კურსს


დღეისთვის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მანდატით მოქმედი მრავალეროვნული ძალები მსოფლიოს რამდენიმე ცხელ წერტილში იცავენ მშვიდობას. ამიტომ, როდესაც გაეროს უშიშროების საბჭოში ბჭობენ,

თუ როგორი უნდა იყოს ორგანიზაციის როლი ერაყში, გამოითქმის მოსაზრება, რომ ყველაზე წარმატებული მოდელი იქნებოდა ეფექტური საერთაშორისო სამხედრო ძალისა და გაეროს გამოცდილი სამოქალაქო პერსონალის სინთეზი. სწორედ ამას ითვალიწინებს აშშ-ის მიერ მომზადებული პროექტი, რომლის განხილვაც გასულ კვირაში დაიწყო გაეროს კედლებში. გაგცნობთ ზოგიერთ მოსაზრებას ამ მოდელის თაობაზე.

გაეროს უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობით ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსის ძალები მსოფლიოს რამდენიმე კუთხეში - ბოსნიაში, კოსოვოსა და ავღანეთში ეწევიან სამშვიდობო საქმიანობას. თუმცა, პოლიტიკური თვალსაზრისით, თითოეულ ამ "ცხელ წერტილში" გაეროს როლი განსხვავებულია.

კოსოვოში გაეროს ადმინისტარციას დიდი ძალუფლება აქვს, ბოსნიაში, გასულ წელს, გაერთიანებულმა ერებმა ისტორიული მნიშვნელობის პოლიციური რეფორმა ჩაატარეს, ავღანეთში კი ამ ორგანიზაციის წარგზავნილი, ლოკჰდარ ბრაჰიმი გარადმავალი მთავრობის ხელმძღვანელის, ჰამიდ ქარზაის მთავარი მრჩეველია არჩევნების ჩატარებისა და კონსტიტუციის შექმნის საკითხებში.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომელიც ერაყში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ უამრავ პრობლემას აწყდება, გასულ კვირაში განსახილველად წარადგინა რეზოლუციის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს გაეროს როლის გაზრადს ერაყში. კერძოდ,
პროექტის თანახმად, ერაყში განლაგებული კოალიციის ძალები უნდა გარდაიქმნას გაეროს მანდატით მოქმედ მრავალეროვნულ ძალებად და დაექვემდებაროს ამერიკულ სარდლობას.

როგორც კომუნიკაციების დარგში გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ, საში თარურმა რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტს რობერტ მაკმაჰონს უთხრა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ გაერო მონაწილეობას მიიღებს ერაყის სუვერენიტეტის აღდგენის საქმეში, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც უშიშროების საბჭოს შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

[საში თარურის ხმა] " ჯერ კიდევ არ არის ნათელი, გაიზრდება თუ არა პოლიტიკური თვალსაზრისით გაეროს როლი, რადგან, როგორც მე ვიცი, კამათი ძირითადად ფოკუსირებულია იმაზე, თუ როგორ უნდა შეიძინოს ერაყის მმართველმა საბჭომ მეტი ძალუფლება და პასუხისმგებლობა. თანაც, რეზოლუციაზე მუშაობა მხოლოდ საწყის სტადიაშია და გაეროს სამდივნო ცდილობს ცოტათი განზე გადგეს და შესაძლებლობა მისცეს ადამიანებს, მოძებენონ შეხების წერტილები, რაც ჩვენ წინსვლის შესაძლებლობას მოგვცემს."

გაეროს მანდატის ქვეშ რომელიმე ქვეყნის ხელმძღვანელობით სამშვიდობო ოპერაციის მოდელს ერაყში ბევრი დამოუკიდებელი ექსპერტი უჭერს მხარს.

გაეროს დამოუკიდებელი ფონდის უსაფრთხოების ექსპერტმა, იოანნა მენდელოსნ-ფორმერმა რადიო "თავისუფლებას " განუცხადა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას უნიკალური როლის შესრულება შეუძლია არაბულ და მუსლიმანურ სამყაროში.

იმავე მოსაზრებას იზიარებს საერთაშორისო გამოკვლევათა ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის დირექტორი თომას ვაისი და ამის მაგალითად ავღანეთი მოჰყავს.

[თომას ვეისის ხმა] "აშკარაა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მნიშვნელოვან გარდამავალ როლს თამაშობს ავღანეთში. მისი შედეგი შესაძლოა მოკრძალებული იყოს, მაგრამ საერთაშორისო მისიის ყოფნა, ეს არის მნიშვნელოვანი
მხარდაჭერა ამ ქვეყნის მთავრობისთვის, ჰარმონიულად დაკავშირებული ჰუმანიტარულ საქმიანობასთან."

მაგრამ დავუბრუდეთ გაეროს მანდატითა და ამერიკის სარდლობით მრავალეროვნული სამშვიდობო მისიის პროექტს ერაყში. მიუხედავად იმისა, რომ ამ ჩანაფიქრის მიმართ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს, გარკვეული გამოცდილება ერაყში ამ მხრივაც დაგროვდა. გაეროს გენერალური მდივნის წარგზავნილი ერაყში - ვიერია დე მიელო, რომელიც 19 აგვისტოს მომხდარი ტერაქტის დროს დაიღუპა, ნაყოფიერად თანამშრომლობდა როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სამოქალაქო ადმინსიტარციის, ისე ერაყის მმართველი საბჭოს ხელმძღვანელობასთან. ეს ფაქტი ექსპერტებს აფიქრებინებს, რომ ერთობლივი სამშვიდობო თანამშრომლობის გზა ერაყის შემთხვევაშიც ნაპოვნი იქნება.

გაეროს უშიროების საბჭოს პირველი არაფორმალური შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შემუშავებული პროექტის ირგვლივ გასულ პარასკევს გაიმართა. საფრანგეთის, გერმანიისა და რუსეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საჭიროა უფრო საგნობრივი მოლაპარაკებები ერაყის სუვერენიტეტის სწრაფად აღდგენისა და რეკონსტრუქციის პროცესში გაეროს როლის გაფართოების შესახებ. თუმცა, უშიშროების საბჭოს წევრებმა აღნიშნეს ისიც, რომ მოლაპარაკებები კონსტრუქციულ ატმოსფეროში მიმდინარეობდა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG