Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ნატოს პროგრამის "პარტნიორობა მშვიდობისათვის" ეგიდით მორიგი მრავალეროვნული სწავლებები დაიწყო


თამარ ჩიქოვანი, თბილისი როგორც ჩანს, საარჩევნო ვნებებს ვერც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გადაურჩა: ორშაბათს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა

ჯონი ფირცხალაიშვილმა დაადასტურა, რომ იგი მართლაც აპირებს 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას. სავარაუდოდ, იგი კენჭს ლანჩხუთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის. ჯონი ფირცხალაიშვილის განმარტებით, კანონის შესაბამისად, იგი თანამდებობას უახლოეს დღეებში დატოვებს.
შესაბამისად, 8 სექტემბერს საქართველოში დაწყებული ნატოს პროგრამის "პარტნიორობა მშვიდობისათვის" ეგიდით დაწყებული მორიგი მრავალეროვნული სწავლებები ბოლო იქნება, რომელსაც ჯონი ფირცხალაიშვილი გენერალური შტაბის უფროსის რანგში დაესწრება. გესაუბრებათ სწავლებების პირველი დღის შესახებ.


ნატოს მრავალეროვნული სწავლებები პროგრამის - "პარტნიორობა მშვიდობისათვის" ფარგლებში უკვე მეხუთედ ტარდება საქართველოში. სწავლებებში, რომელიც 8 სექტემბერს ვაზიანის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე დაიწყო, 700-მდე სამხედრო პირი მონაწილეობს. გავრცელებული ცნობებით, ნატოსა და ალიანსის პარტნიორი ქვეყნების ოფიცერთა და ჯარისკაცთა რიგებში უმრავლესობა აშშ-ის წარმომადგენელია. მათთან ერთად, სწავლებებში თურქეთის, უკრაინის, მოლდოვას, გერმანიის, ესტონეთის, ბულგარეთისა და ალბანეთის სამხედროები მონაწილეობენ.
მრავალეროვნული სწავლება "Medcare/Rescuer- 2003" 22 სექტემბრამდე გასტანს. საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე ამ სწავლებების განსხვავებულ თვისებაზე საუბრობს:
[დავით თევზაძის ხმა] " ამჯერად, პირველად არის ის, რომ ორი სწავლება გაერთიანდა. ჩვენ რასაც ვიღებთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან საშუალება გვეძლევა დისტანციური სწავლება ჩვატაროთ. და მოსახლეობისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია."
რატომ არის სწავლებები მნიშვნელოვანი მოსახლეობისთვის გასაგები გახდება, თუ გეტყვით, რომ სწავლებების პერიოდში სართიჭალაში, სპეციალურად სწავლებებისთვის გარემონტებულ პოლიკლინიკაში ამერიკელი სამხედრო ექიმები ადგილობრივ მოსახლეობას თვალზე სამედიცინო გამოვლევებს ჩაუტარებენ. აუცილებლობის შემთხვევაში კი ოპერაციასაც გაუკეთებენ. რა თქმა უნდა, უფასოდ. პარალელურად, ამერიკელები თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სამხედრო-სამედიცინო ფაკულტეტის ბაზაზე სამხედრო ექიმებისთვის ლექციებს და სემინარებს ჩაატარებენ.
17-19 სექტემბერს დაგეგმილია საველე სწავლებების ჩატარება, რომელშიც საქართველოს მხრიდან მონაწილეობას მიიღებენ გვარდიის, შინაგანი ჯარის და სამაშველო სამსახურების ნაწილები. დამუშავდება ძლიერი მიწისძვრის შემთხვევაში სამაშველო სამუშაოების სცენარი. სწავლებებში გამოყენებული იქნება ავიაცია, სამხედრო ტექნიკა, სახანძრო მანქანები. გაიხსენება ორი საველე ჰოსპიტალი. გარდა ამისა, უკვე კომპიუტერული ტექნიკის მეშვეობით, გაიმართება სწავლებები საგანგებო სიტუაციებისას მართვის კოორდინაციისთვის.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბათიაშვილის თქმით, საქართველოში დაწყებული სწავლებები მეტად მნიშვნელოვანია ქართველი სამხედროებისთვის, რომლებიც, ნატოს სტანდარტების პრაქტიკაზე გაცნობის გარდა, ნატოს წევრი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან კოორდინირებული მუშაობის გამოცდილებასაც იძენენ. გარდა ამისა:
[ირაკლი ბათიაშვილის ხმა] "საერთოდ, მინდა აღვნიშნო, რომ ერთობლივი წრთვნების პირობებში ჩვენმა ქვედანაყოფებმა მართლაცდა სამინუშოდ გამოავლინეს თავი - ეს ყოველთვის იყო აღნიშნული. გარდა ამისა, წმინდა პრაქტიკულად, ჩვენ დაგვრჩება ორი აშენებული პოლიკლინიკა სართიჭალასა და ახალსოფელში. დაგვრჩება ის, რომ ადამიანებს ოპერაციებს გაუკეთებენ უფასოდ და ასე შემდეგ."
ცნობისთვის: საქართველოში დაწყებულ ნატოს მრავალეროვნულ სწავლებებში კვლავ არ მონაწილეობს რუსეთი, რომელმაც ასევე 8 სექტემბერს სომხეთში, მარშალ ბაგრამიანის სახელობის პოლიგონზე მორიგი სომხურ-რუსული სამხედრო სწავლებები დაიწყო. სააგენტო "კავკაზ-პრესის" ცნობით, სწავლებებისას გამოყენებული იქნება შეიარაღების ყველა სახეობა, მათ შორის ავიაციაც. მოკლედ, სამხრეთ კავკასიაში დიდი მანევრების პერიოდია.
XS
SM
MD
LG