Accessibility links

logo-print

კიდევ ერთი რეფერენდუმი?


დავით პაიჭაძე, თბილისი ძალთა წინასაარჩევნო განლაგება მალე დასრულებულ სახეს მიიღებს. დარჩა სულ რამდენიმე პარტია, რომელსაც თავისი ადგილი ამ განლაგებაში ჯერ არ უპოვია. მათგან ყველაზე ცნობილი ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირია.

პარტია 8 სექტემბერს ახალი ინიციატივით გამოვიდა, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს კიდევ ერთ რეფერენდუმს. ტრადიციონალისტები ცენტრალურ საარევნო კომისიას სთხოვენ, რეგისტრაციაში გაატაროს სარეფერენდუმოდ შეთავაზებული საკითხი, რათა შემდეგ პარტიას ჰქონდეს უფლება, რეფერენდუმის დასანიშნად აუცილებელი 200 ათასი ხელმოწერა შეაგროვოს. საკითხი კი ტრადიციონალისტებმა ასე ჩამოაყალიბეს: "უჭერთ თუ არა მხარს საქართველოში მინისტრთა კაბინეტის შემოღებას იმ პირობით, რომ ყოფილ პრეზიდენტს არ ჰქონდეს უფლება გახდეს პრემიერ-მინისტრი?"

მინისტრთა კაბინეტის თემა ტრადიციონალისტებს არაერთხელ უქცევიათ მსჯელობის საგნად. 5 წლის წინ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარტიას უარი უთხრა მსგავსი საკითხის სარეფერენდუმო შეკითხვად ქცევაზე. უარის ერთი მოტივი ისიც იყო, რომ რეფერენდუმის ჩატარება მიზანშეუწონლად ჩაითვალა ქვეყანაში, სადაც დარღვეულია ტერიტორიული მთლიანობა. მოგეხსენებათ, ერთი კვირის წინ პრეზიდენტმა შევარდნაძემ დანიშნა რეფერენდუმი პარლამენტის წევრთა რაოდენობის შემცირების შესახებ. ეს გადაწყვეტილება შევარდნაძემ მას შემდეგ მიიღო, რაც რეფერენდუმის ინიციატორთა შეგროვებული 218 ათასი ხელომოწერის ნამდვილობა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაადასტურა. ტრადიციონალისტები მიიჩნევენ, რომ ამით რეფერენდუმის პრეცედენტი შედგა.

[აკაკი ასათიანის ხმა] "ჩვენ გვგონია, რომ უარს ვერანაირად ვერ გვეტყვიან. ახლა პრეცედენტი დაიშვა. ეს ლოგიკურია და ხალხის პასუხსაც ვნახავთ. ეჭვი არ მეპარება არც 200 ათას ხელმოწერაზე და არც დადებით პასუხზე რეფერენდუმში. ეს იცის თვითონ შევარდნაძემაც, სხვათა შორის. იმიტომაც გვითხრა მაშინ უარი. ახლა არ ვიცი, როგორ ეცდება ამაზე უარის თქმას".

მე ვკითხე ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის თავმჯდომარეს, აკაკი ასათიანს, რატომ ჩამოყალიბდა მინისტრთა კაბინეტის სარეფერენდუმო საკითხი მაინცდამაინც ყოფილი პრეზიდენტისათვის პრემიერ-მინისტრობის აკრძალვის ფორმით; აკაკი ასათიანი ამბობს, რომ პრეზიდენტის გარემოცვა ამუშავებს ხელისუფლების სათავეში შევარდნაძის დატოვების სხვადასხვა ვარიანტს. ერთ-ერთი სწორედ მისი პრემიერ-მინისტრობაა საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ. კიდევ ერთი ვარიანტია ორპალატიანი პარლამენტი და შევარდნაძე სენატის სათავეში.

[აკაკი ასათიანის ხმა] "ჩვენ არ გვინდა ამის დაშვება. ამიტომაც არის ის გაგრძელება სარეფერენდუმო შეკითხვაში. უნდა დამთავრდეს ეს: კაცს ეცოდინება, რომ პრეზიდენტობა არის ბოლო საფეხური. დედამიწაზე თქვენ ვერ ნახავთ პრეცედენტს, გარდა ლიტვისა, სადაც პრეზიდენტობის შემდეგ პრემიერი გამხდარიყოს კაცი".

აკაკი ასათიანი ჩამოთვლის პრინციპებს, რომელთა საფუძველზე შესაძლებელია თანამშრომლობა და საარჩევნო ალიანსში შესვლა სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებთან: ესაა, უწინარესად, რეგიონალიზმი და მინისტრთა კაბინეტი.

[აკაკი ასათიანის ხმა] "რაც შეეხება გაერთიანებას: ამ თემებზე ჩვენ გვაქვს კონსულტაციები "ბურჯანაძე - დემოკრატებთან". მე არ ვთვლი კონსულტაციად რაღაც ხანმოკლე შეხვედრებსა და "ხომ არ გვეფიქრა" ლაპარაკს. კონსულტაცია ჰქვია, როცა ადამიანი ამბობს: ჩვენ გვინდა გავერთიანდეთ ამა თუ იმ პირობით. ასეთ პირობებზე ლაპარაკი მიდის მხოლოდ "ბურჯანაძე - დემოკრატებთან".

ასე რომ, ძველი, ცნობილი, მაგრამ დღეს უკმარი საარჩევნო რეიტინგის მქონე პარტიებიდან უკანასკნელმა - "ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირმა" შესაძლოა მალე ჰპოვოს პოლიტიკური თავშესაფარი მზარდი პოპულარობის საარჩევნო გაერთიანებასთან, რომელსაც საქართველოს პარლამენტის ახლანდელი და ყოფილი სპიკერები უდგანან სათავეში.
XS
SM
MD
LG